
NBA-ში მორიგი მატჩები გაიმართა. ითამაშა ორივე ქართველის გუნდმა და ორივემ მოიგო. ორივემ ბოლო წამზე და ორივემ თითო ქულით.
სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო“ „შარლოტს“ ესტუმრა და მეტოქე საფინალო სირენასთან ნასროლი სამქულიანით 97:96 დაამარცხა. ორი წამით ადრე „ჰორნეტსი“ ორი ქულით იგებდა, თუმც დარჩენილ დროში, გვერდითი ხაზიდან ბურთი მამუმ იმანუელ ქვიქლს გადააწოდა, ვისი ნასროლი შორეული სამქულიანი ზუსტი აღმოჩნდა და კანადელებმა მოიგეს.
მამუკელაშვილმა, რომელმაც პარკეტზე 24.45 წუთი გაატარა, 10 ქულა, 3 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. მამუმ ოთხჯერ ისროლა ორქულიანიც და სამქულიანიც და ზუსტი 2-2 გამოდგა. მისი მოედანზე ყოფნისას კი, გუნდმა 10 ქულით მეტი ჩააგდო, რაც ტორონტოელთა შორის საუკეთესო მაჩვენებელი იყო.
„ტორონტო“ 23 მოგებითა და 15 მარცხით კონფერენციაში მეოთხე ადგილზეა, ხოლო შემდეგ მატჩს 10 იანვარს, ბოსტონში ითამაშებს.
გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქი“ „ბრუკლინ ნეტს“ ესტუმრა და მეტოქე ოვერტაიმში 104:103 დაამარცხა. ფლორიდელები დასკვნითი მეოთხედის წინ 18 ქულით იგებდნენ, მაგრამ საქმე მაინც ოვერტაიმამდე მივიდა, სადაც „ორლანდოს“ წაგებაც შეეძლო, მაგრამ პაოლო ბანკერომ ბოლო წამზე ზუსტი სამქულიანი ისროლა და გუნდს გამარჯვება მოუტანა. ბითაძემ პარკეტზე 13.32 წუთი დაჰყო და გუნდს 6 ქულით, 10 მოხსნით (8 შეტევაში) 1 პასითა და 3 ჩაჭრით შეეწია. ჩვენებურმა ხუთჯერ შეუტია კალათს და სამი ზუსტი აღმოჩნდა. ჩვენებურმა ორი სროლა საჯარიმო ხაზიდანაც გააფუჭა. ბითაძის მოედანზე ყოფნისას „ორლანდომ“ მეტოქეზე ხუთი ქულით მეტი ჩააგდო, რაც გუნდში მეორე მაჩვენებელი იყო. „ორლანდოს“ 21 მოგების წილ 17 მარცხი აქვს და კონფერენციაში მეშვიდე ადგილზეა. ფლორიდელები შემდეგ მატჩს 10 იანვარს, „ფილადელფიასთან“ ითამაშებენ.
