„ბარსელონამ’’ ესპანეთის სუპერთასის ფინალისკენ გზა იოლად გაიკაფა, „ბილბაოს’’ 5:0 მოუგო. ეს საუდის არაბეთის ქალაქ ჯედაში, „მეფე აბდულას სპორტულ ქალაქში’’ მოხდა.
კატალონიელებმა ანგარიში 22-ე წუთზე გახსნეს, გოლი ფერან ტორესმა შეაგდო. მერე გოლი პირველის საგოლე პასის ავტორმა ფერმინ ლოპესმა 30-ზე შეაგდო. ოთხ წუთში ფერმინმა ისევ საგოლე პასი შეასრულა, შვედ რუნი ბარდგის გაატანინა, კიდევ ოთხ წუთში კი ბარდგიმ გაუწია ასისტენტობა რაფინიას. მეორე ტაიმის მეშვიდე წუთზე მაყურებელმა ისევ ბარდგის პასი და რაფინიას გოლი ნახა.
ბარდგი ქუვეითში დაბადებული ასირიელია მამის მხრიდან სომხური სისხლით, რომლის ოჯახიც ადრე სირიაში, კერძოდ ალეპოში ცხოვრობდა. ის შვედეთის ნაკრების ფეხბურთელია.
რაფინია ჩინებულ ფორმაშია. მატჩის შემდეგ მან „სპორტს’’ მისცა ინტერვიუ:
„ვფიქრობ მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული ესა თუ ის მატჩი იოლი იქნება თუ რთული. დღევანდელი თამაშის შედეგი ისეთია, ვინმემ შეიძლება იფიქროს, რომ იოლი გასეირნება გვქონდა, მაგრამ „ბილბაოს’’ დამარცხება მარტივი არასდროს არის. ჩვენ კარგ ფორმაში ვართ, მაგრამ საუკეთესო თამაშამდე ჯერ მაინც არ მივსულვართ.
შეხვედრა კიდევ იმით იყო საინტერესო, რომ გამოჩნდა ― მოედანზე როგორი სასტარტო შემადგენლობითაც არ უნდა გავიდეთ, ყოველთვის მზად ვართ. რუნი და ფერმინი ძალიან კარგად შემოგვიერთდნენ’’.
მედიის წინაშე წარსდგა 18 წლის მცველი პაუ კუბარსიც. მან თქვა: „ჩვენი გუნდის შემტევები ძალიან მობილიზებულები არიან. ისინი საუცხოოდ თამაშობენ, რაც ყველას გვეხმარება. უკვე რამდენი შეხვედრაა, რაც გოლს არ ვუშვებთ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ ასე უნდა განვაგრძოთ. როდესაც ტაბლოზე 5:0-ს კითხულობ ხვდები, მეტოქესთან რამდენად დიდი უპირატესობა გაქვს, მაგრამ პედლიდან ფეხის აღება არ შეიძლება. ეს უპირატესობა ფინალში დაგვეხმარება’’.
დღეს, ესპანეთის სუპერთასის მეორე ნახევარფინალურ მატჩში „რეალი’’ „ატლეტიკოს’’ ხვდება.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური16/06/2026 | 09:11თურმე ესპანელებს პირველი თამაში არ ეხერხებათ
აქეთურ-იქითური16/06/2026 | 08:00ინგლისის ნაკრები კანზასში გაქურდეს
აქეთურ-იქითური16/06/2026 | 06:55მსაჯი ევანსი რასისტია თუ უბრალოდ არ იცის რას აკეთებს?
აქეთურ-იქითური15/06/2026 | 08:52ბარკოლას პარი სენ ჟერმენისთვის გაშვება უთხოვია
