ეს ხშირად არ ხდება, მაგრამ ამჯერად „პარი სენ ჟერმენს’’ ქუვეითში „ჯაბერ ალ-აჰმადზე’’ „მარსელის’’ ჯავრი აქვს საყრელი: ლიგა 1-ის მე-5 ტურში, „ველოდრომზე’’ რობერტო დე ძერბის გუნდმა ლუის ენრიკესას 1:0 მოუგო. შეუძლებელია ეს ამბავი პარიზელთათვის დამატებითი მოტივაცია არ იყოს.
პსჟ-ს კაპიტანი მარკინიოსი: „შიში რა სახსენებელია. „მარსელის’’ არასდროს მეშინია. ჩვენ მოწინააღმდეგეს ყოველთვის პატივს ვცემთ, არ აქვს მნიშვნელობა ვის ვეთამაშებით. აი, შიშით კი არ გვეშინია. ჩვენი მენტალიტეტიდან და ფილოსოფიიდან გამომდინარე ყოველთვის მოგება გვინდა და მოედანზე იმას ვაკეთებთ, რასაც გამარჯვება მოაქვს’’.
ბრაზილიელი მცველის გამოსვლიდან რამდენიმე წუთის შემდეგ ჟურნალისტების წინაშე წარდგა მწვრთნელი ლუის ენრიკე, რომელმაც სცადა ყველა დაერწმუნებინა, რომ სექტემბერში ნაწვნევი წაგებისთვის შურისძიება არაფერ შუაშია:
„როდესაც „ლე კლასიკს’’ თამაშობ და მითუმეტეს, როდესაც ასეთი ფინალია, ჩემპიონატის შეხვედრაში წაგებისთვის შურისძიება არაფერ შუაშია. ჩვენ საკუთარი ემოციები კარგად უნდა ვმართოთ, დიდი მნიშვნელობა ექნება დეტალებს. დიახ, შურისძიება მთავარი თემა არ არის, მაგრამ კარგად ვიცით, რომ Trophée des champions ჩვენი გულშემატკივრისთვის მნიშვნელოვანია. ის მნიშვნელოვანია აგრეთვე კლუბისთვის და გუნდისთვის. რაც შეეხება ჩემი კოლეგის, რობერტო დე ძერბის სტილს, მე ის ძალიან მომწონს, რადგან დე ძერბი მუდამ შეტევას ცდილობს. ის გუნდს შესატევად ამზადებს. „მარსელს’’ მაღალი დონის ფეხბურთელები ჰყავს, მაგრამ ჩვენ შევეცდებით ბურთი თავად ვაკონტროლოთ და თუ მას დავკარგავთ, მოწინააღმდეგე რაც შეიძლება სწრაფად მოვაქციოთ პრესინგის ქვეშ. გვინდა მზად ვიყოთ, რათა შეხვედრის მსვლელობისას შექმნილ ნებისმიერ სიტუაციას თავი გავართვათ’’.
შემდეგ ლუის ენრიკემ სექტემბრის შეხვედრა გაიხსენა: „ყველა მატჩს თავისი ასპექტი აქვს. მე ჩვენი პირველი თამაში გავაანალიზე და დავინახე, რომ წაგებას არ ვიმსახურებდით. ვიცი, რომ სტუმრად სხვა ატმოსფეროა, მაგრამ ამას შეჩვეულები ვართ. ფეხბურთელმა ემოციის კონტროლი უნდა იცოდეს. ჩვენთვის კი ამ დონის შეხვედრები და მათი დაძაბულობა ნაცნობია. მე ჩემი გუნდისა მწამს’’.
შემდეგ პსჟ-ს მწვრთნელმა თქვა, რომ შობის არდადეგებზე მოთამაშეებმა კარგად დაისვენეს.
როგორც პარიზული მედია იტყობინება, დღეს ხვიჩა კვარაცხელია სასტარტო შემადგენლობაში იქნება. მოგეხსენებათ, ის 4 იანვარს ახალი წლის პირველ შეხვედრაში „პარიზის’’ წინააღმდეგ არ ათამაშეს, რადგან ორიოდ დღით ადრე ვარჯიშზე ფეხი იტკინა. ამჯერად, ქართველმა უპრობლემოდ ივარჯიშა და ამიტომ ის სავარაუდოდ თერთმეტეულიდან ბრედლი ბარკოლას ამოაგდებს.
„პარი სენ ჟერმენის’’ სავარაუდო შემადგენლობა ასეთია: შევალიე – ზაირ ემერი მარკინიოსი, პაჩო, მენდეში – ნევეში, ვიტინია, რუისი – დუე, დემბელე, კვარაცხელია.
საფრანგეთის პროფესიონალ ფეხბურთელთა ლიგამ განაცხადა, რომ შეხვედრას 52 000 მაყურებელი დაესწრება ანუ ადრინდელი შიში, რომ ტრიბუნები ცარიელი იქნება, უსაფუძვლოა.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური16/06/2026 | 09:11თურმე ესპანელებს პირველი თამაში არ ეხერხებათ
აქეთურ-იქითური16/06/2026 | 08:00ინგლისის ნაკრები კანზასში გაქურდეს
აქეთურ-იქითური16/06/2026 | 06:55მსაჯი ევანსი რასისტია თუ უბრალოდ არ იცის რას აკეთებს?
აქეთურ-იქითური15/06/2026 | 08:52ბარკოლას პარი სენ ჟერმენისთვის გაშვება უთხოვია
