კილიან მბაპე და ოსმან დემბელე საფრანგეთის ნაკრებში თანაგუნდელები, მოედანს მიღმა კი მეგობრები არიან, მაგრამ „ოქროს ბურთის“ მოახლოებულმა დაჯილდოებამ მათ შორის განხეთქილება ჩამოაგდო. ფრანგულ მედიაში დაწერეს, რომ ეს შეიძლება ეროვნული გუნდის თავკაცის ზინედინ ზიდანის პრობლემა გახდეს.
აღიარებულია, რომ წლევანდელი „ოქროს ბურთი“ კამათის თემაა. მკაფიო ფავორიტი არ ჩანს. „ფრანს ფუტბოლმა“ გასულ სამშაბათს გამოაქვეყნა 30 კაციანი შორთ-ლისტი, რომელშიც, მბაპეც მოხვდა და დემბელეც. მბაპეს ინტერვიუებიდან ჩანს, რომ მართალია მის კლუბს („რეალს“) და ნაკრებს გასულ სეზონში წარმატებისთვის არ მიუღწევია, მაგრამ მას მიაჩნია, რომ „ოქროს ბურთს“ იმსახურებს. საბაბი: გასულ სეზონში ესპანეთის ჩემპიონატის, ჩემპიონთა ლიგისა და მსოფლიოს ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი სწორედ მბაპე იყო.
„ფრანს ფუტბოლთან“ ინტერვიუში მან თქვა: „რამდენიმე წელიწადია ჩემს თავს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად მივიჩნევ. უკეთესს ვერავის ვხედავ. როდესაც პოდიუმზე მესი ავიდა მე ვთქვი, რომ პრობლემა არ იყო. იგივე გავიმეორე, როდესაც კრიშტიანუმ გაიმარჯვა, მაგრამ როდესაც სხვებს, თუნდაც „ოქროს ბურთის“ მფლობელებს ვუყურებ, ვფიქრობ, რომ მათ ადგილზე ყოფნას არ ვისურვებდი“.

დემბელეს შესახებ მბაპემ ასე თქვა: „ის ყოველთვის ნიჭიერი მოთამაშე იყო, მე კი რჩეული ვარ. მე პატარაობიდან ტოპ-ფეხბურთელი ვიყავი. მას კარიერაში სხვა გზა ერგო, ტრავმები აწუხებდა, მაგრამ მიაღწია საწადელს“.
მბაპესგან განსხვავებით „ფრანს ფუტბოლის“ ჯილდოს გასული წლის მფლობელი ოსმან დემბელე საკუთარი თავის ქებით არ არის დაკავებული. ის ისევეა შორთ-ლისტში, როგორც მისი მეგობარი, მაგრამ უფრო „პარი სენ ჟერმენელ“ თანაგუნდელებს უწევს პროპაგანდას. ასე მაგალითად დემბელემ ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში „ოქროს ბურთის“ ღირსად უყოყმანოდ დაასახელა ხვიჩა კვარაცხელია.
„რეალის“ თავდამსხმელის კომენტარს კი დემბუზმა „ბრესტთან“ თამაშის შემდეგ უპასუხა:
„მე ყოველთვის უკანა რიგში ვიყავი, მაგრამ ბევრს ვმუშაობდი. მთელი კარიერის განმავლობაში ხმა არ ამომიღია, უბრალოდ ვშრომობ. არასდროს ვყოფილვარ რჩეული. ბევრი გარჯისთვის ჯილდოდ „პარი სენ ჟერმენში“ საუცხოო სეზონი მერგო. ვნახოთ რა მოხდება მომავალში. მოვლენებს მშვიდად ვაკვირდები. ყველაფერი გამოჩნდება“.
ორშაბათს „ეკიპმა“ ორივე ფრანგი ვარსკვლავის გამონათქვამები შეაჯერა და ინსაიდერულ ინფორმაციაზე დაყრდნობით დაწერა, რომ მბაპეს კომენტარები დემბელეს გარემოცვამ ცუდად მიიღო. გამოჟონა ამბავმა, რომ მადრიდელის სიტყვებმა არა მხოლოდ დემბელეს სამეგობროში, არამედ პსჟ-ს გასახდელშიც კი ბევრი გააოცა. „ეკიპი“ წერს, რომ დახურულ კარს მიღმა მბაპეზე ბევრმა უხეშადაც კი ილაპარაკა. არც თავად დემბელე აპირებს მასზე აგდებით ლაპარაკის იოლად გატარებას და სავარაუდოდ, საფრანგეთის ნაკრების ბანაკში ფეხბურთელებს შორის რთული ლაპარაკი შედგება. ამიტომაც დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორც პოზიციას დაიკავებს ეროვნული გუნდის თავკაცი ზიდანი.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი15/09/2026 | 07:18მბაპეს და დემბელეს შორის ურთიერთობა დაიძაბა
აქეთურ-იქითური14/09/2026 | 10:14ჰოლანდის გოლი არ უნდა ჩათვლილიყო
აქეთურ-იქითური14/09/2026 | 08:08ლუის ენრიკე: უფრო ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ
მთავარი ამბავი14/09/2026 | 07:17maxifoot: ის საუკეთესო ფორმაში არ არის