საფრანგეთში ტოპ 14-ის მეორე ტური გაიმართა, რომლის შედეგადაც სატურნირო ცხრილში არცთუ გრანდები – „პო“ და „ლიონი“ გალიდერდნენ, სადაც ქართველები სოლიდურ როლებზე არიან. იმავდროულად, პრო დ2-ში მე-3 ტური შედგა და იქ კი ერთპიროვნული ლიდერი „ოიონაქსი“ გახლავთ, რომლის მგეზავმა ლუკა მატკავამ მორიგი სპექტაკლი დადგა.
ტოპ 14
ამ ჯერზე „პოს“ კაპიტანი ბექა გორგაძე თამაშში მეორე ნახევარში, 52-ე წუთზე ჩაერთო, თუმცა ლიდერი სწორედ იმის ლიდერია, რომ გუნდს გადამწყვეტ მომენტში გაუძღვეს. იმ მომენტისთვის „პო“ „ბაიონს“ 35:14 ამარცხებდა, ხოლო „ბექსონას“ გამოჩენის შემდეგ, 28 წუთში მისმა გუნდმა იმდენივე ქულა დააგროვა, რაც მანამდე და საბოლოოდ 70:28 იმარჯვა. ქართველმა მესამეხაზელმა 65-ეზე თავადაც დადო ლელო – ბურთი რაქიდან აიტაცა და ლელოში შევარდა. ეს იყო ბექას პირველი ლელო ახალ სეზონში, სულ კი მის ანგარიშზე ტოპ 14-ის 107 მატჩში 18 ლელოა, რაც ქართველებში მეორე მაჩვენებელია კოსმოსში გაფრენილი დავით ნინიაშვილის შემდეგ.
„ლიონმა“ კი თავისი წილი გამარჯვება დედაქალაქში იზეიმა – „რასინგ-92“-ს 48:31 აჯობა. ამ მატჩში ღირსშესანიშნავი ის მოხდა, რომ პარიზელთა რიგებში დებიუტი ჰქონდა გაგი მარგველაშვილს – 2-მეტრიან ახალგაზრდა მეორეხაზელს, რომელიც შარშან და შარშანწინ საქართველოს U20-ის ერთ-ერთი გამორჩეული წევრი იყო. წარმატებები გაგის!

თუკი მარგველაშვილს მოზრდილებში დებიუტი ჰქონდა, მასზე 1 წლით უმცროსმა მიშო შიოშვილმა ტოპ 14-ში თავისი მე-10 მატჩი ჩაატარა, ხოლო მისმა „ტულონმა“ შინ სანდრო ქუნთელიას „ლა როშელთან“ 20:21 წააგო. ეს „ლა როშელი“ კი, 8 ქულითა და ლიდერებისგან 1-ქულიანი ჩამორჩენით მესამე საფეხურზე დაფუძნდა.
ცხრილის ფსკერზე უქულოთა ტანდემია – ხსენებული „რასინგი“ და „ვანი“, რომელმაც შინ „მონპელიესთან“ ვერაფერი გააწყო – 12:26. იო იაშაღაშვილი პირველად იყო ვანელთა სასტარტო 15-ეულში.
პრო დ2
„ოიონაქსმა“ მესამე თამაშიც მოიგო, თან კვლავ ბევრი ქულა დააგროვა – შინ 52:17 „ორიაკთან“. გუნდის ღერძი პირველივე წუთიდან ქართული იყო და მისმა ორივე მონაწილემ – ვასილ ლობჟანიძემაც და ლუკა მატკავამაც თითო ლელო მიითვალეს კიდეც. ვასკა 32-ე წუთზე რაქში ჩავიდა, ბურთი აიღო და როგორც სჩვევია ხოლმე, სხარტი მოძრაობებით ლელომდე გზა თვალის დახამხამებაში გაიარა. ეს იყო ლობჟანიძის მე-4 ლელო პრო დ2-ის 72 მატჩში. 58-ეზე კი ლუკა მატკავამ სასწაული ჩაიდინა – ოიონაქსის შეტევიდან უკან გადმოვარდნილი ბურთი 22-მეტრიან ხაზთან აიღო, მარჯვენა ფლანგიდან შეუტია, ყველა დამცველს გაექცა და ბურთი თითქმის კარის პირისპირ დაამაწა, რაშიც ორიაკელთა ბოლო მცველმა თედო აბჟანდაძემაც ვერ შუშალა ხელი. ამ უბრწყინვალეს ლელოს ბორჯღალოსანმა მგეზავმა 6 გარდასახვაც დაურთო და ჯამში 17 ქულას მოუყარა თავი! ეს მისი ფრანგული კარიერის რეკორდია, ხოლო ჯამში მას პრო დ2-ში 11 მატჩში 2 ლელო და 57 ქულა აქვს.

„ორიაკის“ 17 ქულიდან 7 საკუთარ ანგარიშზე ჯარიმითა და 2 გარდასახვით აბჟანდაძემ ჩაიწერა, ვისი ჯამური მონაგარი ამიერიდან 56 მატჩში 366 ქულას უდრის. და კიდევ: „ორიაკში“ და ზოგადად პრო დ2-ში დებიუტი ახალგაზრდა მეორეხაზელ ბორჯღალოსან გუგა ღანიაშვილს ჰქონდა.
„ბრივმა“ „ნიცა“ ბონუსით, 38:17 დაამარცხა, ხოლო ვახტანგ აბდალაძემ სასტარტოში გამოჩენა ლელოთი აღნიშნა, რომელიც მის ფრანგულ კარიერაში მე-5 გახლავთ 42 მატჩში.
თორნიკე ჯალაღონიამ კი სეზონში პირველად ითამაშა, მისმა „პროვანსმა“ „ნარბონს“ 47:42 სძლია, ხოლო თავად ბორჯღალოსანმა მესამეხაზელმა თავის გუნდს კარიერაში პირველად უკაპიტნა.
ერთიც: დაჩი პაპუნაშვილს დებიუტი „მონტობანში“ ჰქონდა, ხოლო ნიკა სუთიძეს – „ბეზიეში“.

ავტორის პროფილი
- სლავა გასპაროვი - კაცი, რომელმაც თბილისის ყველა ქუჩა და ყველა ჩიხი იცის. ასევე იცის, სად რომელი ნომერი მარშრუტკა და ავტობუსი მიდის. რაც მთავარია, მშვენიერი მოქართულეა.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური14/09/2026 | 14:01კაპიტნები, დებიუტანტები, ლელოები…
აქეთურ-იქითური07/09/2026 | 23:08შოკი შვანგირაძისგან
რაგბი05/09/2026 | 13:33ევროპის ტოპ-ლიგაში 42 ქართველია
აქეთურ-იქითური29/08/2026 | 20:22ტური 6 დებიუტით
