ფული კარგია, მაგრამ ხალხი?

Home კატეგორიის გარეშე ფული კარგია, მაგრამ ხალხი?
ფული კარგია, მაგრამ ხალხი?
ტომა ლეონარდი

ხვალ ქუვეითში საფრანგეთის სუპერთასის (Trophée des Champions) მატჩია, ფრანგული და მსოფლიო ფეხბურთის გოლიათი „პარი სენ ჟერმენი’’ დაუძინებელ მოქიშპეს „მარსელს’’ ხვდება. ზოგადად, პარიზელთა და მარსელელთა დაპირისპირებას „ლე კლასიკს’’ ეძახიან. იგი ფრანგული საკლუბო ფეხბურთის აფიშიდან იმ არცთუ მრავალრიცხოვან მოვლენათაგანია, რომელიც ამ ქვეყნის ფარგლებს გარეთ, საერთაშორისო საზოგადოებასაც აინტერესებს.

Trophée des Champions სუპერთანამედროვე „ჯაბერ ალ-აჰმადის’’ 60 ათასიან სტადიონზე გაიმართება. მიზეზი რასაკვირველია ფინანსურია. იმისათვის, რომ ამ შეხვედრის მასპინძლობის უფლება მიეღო ქუვეითმა საფრანგეთის პროფესიული ფეხბურთის ლიგას 3.5 მილიონი ევრო გადაუხადა. წარმოიდგინეთ, ასეთი თანხა ერთ შეხვედრაში! ამის გარდა ქუვეითელები იხდიან გუნდების და თანმხლები დელეგაციების მგზავრობის, დაბინავების, უსაფრთხოების და სხვა თანხებს.

საფრანგეთის სუპერთასის მასპინძლობა კიდევ რამდენიმე ქვეყანას უნდოდა. მათ შორის ფავორიტი იყო ომანი, თუმცა ბედი აგრეთვე სცადეს ინდოეთმა, ყაზახეთმა და კოტ დ’ივუარმა.

შეხვედრაში, რომელიც საფრანგეთიდან 4 000 კილომეტრში გაიმართება მონაწილეობას ვერ მიიღებს „პარი სენ ჟერმენის’’ სულ მცირე ხუთი ფეხბურთელი, მათ შორის აფრიკის ერთა თასზე დაკავებული აშრაფ ჰაკიმი და იბრაჰიმ მბაიე.

საფრანგეთში ბევრს ფიქრობენ როგორ აწიონ თავიანთი ჩემპიონატის ფასი. დეკემბერში „მარსელის’’ პრეზიდენტმა პაბლო ლონგორიამ თქვა: „დროა ლიგამ შეჯიბრების კომერციული ღირებულება აამაღლოს’’. Trophée des Champions-ის საზღვარგარეთ ჩატარება და ამაში დიდძალი ფულის აღება ამ მიმართულებით გადადგმული კარგი ნაბიჯია, თუმცა, არის უარყოფითი მხარეც: ორგანიზატორებმა პარიზელი და მარსელელი გულშემატკივრის დაინტერესება და მობილიზება ვერ შეძლეს. 60 ათასიან „ჯაბერ ალ-აჰმადზე’’ ულტრასებიც კი არ იქნებიან. მიზეზი ალბათ ტურის სიძვირეა. ერთი სიტყვით, გაივსება თუ არა სარბიელი დიდი ეჭვის ქვეშაა. შეხვედრის მაყურებლის გარეშე ჩატარება კი ბუნებრივია მარკეტინგის თვალსაზრისით დარტყმა იქნება.

ბოლოს, რაც შეეხება მსაჯს: სუპერთასის თამაშს 44 წლის ტომა ლეონარდი მოემსახურება. ეს მისთვის პირველი „ლე კლასიკი’’ და Trophée des Champions იქნება. ლეონარდი საერთაშორისო მსაჯი არ არის. აქამდე მას შედარებით ნაკლებად პრესტიჟულ მატჩებს ანდობდნენ. მას კარიერაში „მარსელის’’ 10 და პსჟ-ს 8 შეხვედრა აქვს განსჯილი. ბოლოს ლეონარდი 27 სექტემბერს „პარი სენ ჟერმენისა’’ და „ოსერის’’ შეხვედრას (2:0) უძღვებოდა.

ლეონარდისთვის საფრანგეთის თასზე მერვედფინალზე მაღალი რანგის შეხვედრა არ მიუციათ.

ტომა ლეონარდს 2017 წლიდან ფრანგულ ლიგებში 146 შეხვედრა აქვს ჩატარებული. გასულ სეზონში ის საუკეთესო ფრანგ მსაჯთა შორის მერვე ადგილზე გავიდა.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.