„რენი“ უკან არ იხევს. მან ჯერ კიდევ აგვისტოში გამოაცხადა, რომ იჩივლებს, რათა პასუხისმგებელმა ხალხმა ლიგა 1-ის გადაწყვეტილებას გადახედონ და მათი მეორე წრის შეხვედრა „პარი სენ ჟერმენთან“ პარიზის ნაცვლად ისევ რენში ჩატარდეს.
შეგახსენებთ რა მოხდა: ხსენებულ ორ გუნდს შორის საფრანგეთის ჩემპიონატის პირველი ტურის მატჩი „პარკ დე პრენსის“ ნაცვლად „როაზონ პარკზე“ გაიმართა. მიზეზი ის იყო, რომ ზაფხულის მაღალი ტემპერატურის გამო პარიზში საფეხბურთო მოედანი გამოშრა, რის გამოც შეხვედრის თარიღი იგივე დატოვეს, მაგრამ ადგილი შეცვალეს.

ამრიგად, ვინაიდან „პარი სენ ჟერმენი“ შეხვედრისთვის ვერ მოემზადა, საფეხბურთო ლიგამ ის 150 000 ევროთი დასაჯა, მაგრამ ჩათვალა, რომ მეტი სიმკაცრე აღარ არის საჭირო და კალენდარი უბრალოდ შეიცვალა – თამაში, რომელიც პარიზში უნდა გამართულიყო რენში გაიმართა და თამაში, რომელიც რენში უნდა ჩატარებულიყო პარიზში ჩატარდება. „რენს“ ეს არ მოეწონა. ბრეტანული კლუბის აზრით რაკი პირველი შეხვედრის „როაზონ პარკზე“ გადატანის იდეა მისი არ იყო, ამიტომ მას მსხვერპლის გაღება არ უნდა მოსთხოვონ და თავისი საშინაო მატჩი როგორც დაგეგმილი იყო, შინ უნდა ათამაშონ.
მწვრთნელმა ფრანკ ეზმა დემაგოგიასაც კი მიმართა, იქნებ მარტშიც ანომალური სიცხეები დაიჭიროს, მაშინ რა ვქნათო. „რენში“ მიაჩნიათ, რომ მარტში გასამართი შეხვედრის პარიზში გადატანა მათ უსამართლო ფინანსურ დარტყმას მიაყენებს.
როგორც ზემოთ მოგახსენეთ, „რენმა“ ოლიმპიურ კომიტეტში იჩივლა, თუმცა ოლიმპიური კომიტეტის დადგენილება ლიგა 1-ისთვის სავალდებულო არ იქნება.
ოლიმპიელთა დასკვნას ერთ თვეში გავიგებთ.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური16/09/2026 | 11:00რენი ჩივის – პარიზში თამაში არ უნდა
სიახლეები16/09/2026 | 08:49ტოპმიოლერი გააგდეს!
მთავარი ამბავი16/09/2026 | 07:26შერეული შთაბეჭდილება დატოვაო…
სიახლეები15/09/2026 | 08:42მიქაუტაძისთვის სახეირო არაფერი იყო
