ლუის ენრიკე: უფრო ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ

ლუის ენრიკე: უფრო ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ

„ბრესტთან“ სტუმრად 1:0 გამარჯვების შემდეგ „პსჟ TV”-ს კამერების წინაშე პარიზელთა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ, ერთადერთი გოლის ავტორმა ფერან ტორესმა და მატჩის გმირმა, მეკარე მატვეი საფონოვმა ილაპარაკეს.

ლუის ენრიკე: „ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი. წინასწარ ვიცოდით, რომ რთული შეხვედრა გველოდა, რადგან ბრესტში ყოველთვის ასეა. სასიამოვნო იყო, რომ დღეს ძალიან კარგად დავიწყეთ და გოლი გავიტანეთ. გამიხარდებოდა მთელი შეხვედრა მეტად რომ გვეკონტროლებინა, მაგრამ ძნელი გამოდგა.

მეორე ტაიმში ბევრი შეცდომა დავუშვით. მეტოქე ძალიან მჭიდროდ გვეთამაშებოდა. ვფიქრობ, დღეს წინა სამ შეხვედრაზე უფრო ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ იმ მატჩებში ვერ მოვიგეთ, დღეს კი სამი ქულა ავიღეთ. ასეთია ფეხბურთი“.

ფერან ტორესი: „მართლაც ვერ ვითამაშეთ საუკეთესოდ, თუმცა ვიბრძოლეთ და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პირველი გამარჯვება მოვიპოვეთ. ვიცოდით, რომ გაგვიჭირდებოდა. ახლა ერთი კვირა გვაქვს რათა დავისვენოთ და შემდეგი შეხვედრისთვის მოვემზადოთ. ერთ კვირაში „მარსელს“ ვხვდებით, რაც ჩვენთვის პრინციპულია. პირადად ჩემი მიზანი? მე ყოველთვის გუნდის დახმარებას ვცდილობ. არ აქვს მნიშვნელობა რამდენ სათამაშო დროს მომცემს მწვრთნელი, მე კონკრეტული საქმე მაქვს და ის უნდა გავაკეთო. სულერთია რა იქნება ეს, გოლის გატანა, საგოლე პასის გადაწოდება თუ უბრალოდ შავი სამუშაო“.

მატვეი საფონოვი: „ძნელი მატჩი გამოვიდა. აქ, ბრესტში ყველა თამაში რთულია. თუ სწორად მახსოვს „ბრესტს“ აქამდე სამჯერ შევხვდი, დღეს მეოთხე იყო. ეს გუნდი ყოველთვის ქმნის სახიფათო მომენტებს. მიხარია, რომ დღეს გოლი არ გავუშვით. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ახალ სეზონში ეს იყო პირველი თამაში, რომელშიც გოლი არ გავუშვით. იმედი მაქვს, რომ ასეც გავაგრძელებთ“.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.