maxifoot: ის საუკეთესო ფორმაში არ არის

maxifoot: ის საუკეთესო ფორმაში არ არის

„პარი შენ ჟერმენმა“ ლიგა 1-ში სეზონის პირველი თამაში მოიგო. ეს მოხდა ბრესტში, სადაც შეხვედრა მასპინძელთა გარდაცვლილი მწვრთნელისთვის ერიკ როასთვის პატივის მიგებით დაიწყო, ერთადერთი გოლი კი კვლავ ფერან ტორესმა გაიტანა. ოთხი ტურის შემდეგ პსჟ მე-7 ადგილზეა, სწორედ „ბრესტს“ დაეწია. ეს ორი გუნდი 5 ქულით ჩამორჩება ლიდერთა ტრიოს – „ლილს“, „მონაკოსა“ და „რენს“.

პარიზელთა გუნდში შეხვედრის აშკარა გმირი მეკარე მატვეი საფონოვი იყო, რომელმაც რამდენჯერმე ბრწყინვალედ იხსნა კარი აშკარა გოლისგან.

ხვიჩა კვარაცხელია ამჯერად სასტარტო შემადგენლობაში თამაშობდა. ის 66-ე წუთზე დეზირე დუეთი შეცვალეს. ფრანგული საიტი maxifoot, რომლის შეფასებებს პსჟ-ს თამაშების შემდეგ გაცნობთ ხოლმე, ქართველით უკმაყოფილო დარჩა და 4 ქულა დაუწერა მას. პორტალმა კვარას თამაში სიტყვიერად ასე აღწერა:

„ეს შეხვედრა პარიზელი გარემარბისთვის უფრო იმედგაცრუებისა გამოდგა. მას მეტოქის საჯარიმოსთან სიმწვავე აკლდა. ჰქონდა რამდენიმე ეფექტური ეპიზოდი, მაგალითად ის, როდესაც „ბრესიტს“ ნორვეგიელმა მეკარემ ეგილ სელვიკმა ბურთი ხარიხის მიღმა გადააგდო, მაგრამ „ნაპოლის“ ყოფილი ფეხბურთელი საუკეთესო ფორმაში არ არის“.

footmercato-ს აზრით კი კვარაცხელია უფრო მეტს, 6 ქულას იმსახურებდა: „ქართველმა კარში ოთხჯერ დაარტყა. მას გოლის გატანა 23-ე წუთზე მოჭრილი დარტყმით შეეძლო, მაგრამ ბურთი ეგილ სელვიკმა მოიგერია. მეორე მხრივ პარიზელთა გარემარბს სიზუსტე აკლდა და პერიოდულად არასწორ გადაწყვეტილებებს იღებდა. რაც დრო გადიოდა, მისი სისწრაფე იკლებდა“.

სხვა საიტებმა კვარაცხელიას თამაში ასე შეაფასეს:

flashscore- 7.1; sofascore – 6.3; whoscored – 7.1; fotmob – 7.5

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.