ერთადერთი შეხებით, კაცო!

Home სიახლეები ერთადერთი შეხებით, კაცო!
ერთადერთი შეხებით, კაცო!

Adil Boulbina has just scored and sent Algeria to the quarter-finals of the Africa Cup of Nations. Icon Sport22 წლის ადილ ბულბინას ალჟირელი გულშემატკივრისთვის ბედნიერების მოსატანად ექვსი წუთი ეყო. ის მოედანზე 113-ე წუთზე შევიდა და ბურთს სულ ერთხელ შეეხო. ეს ერთადერთი შეხება გოლი გამოდგა, რომელმაც „უდაბნოს მეომრები’’ აფრიკის ერთა თასის მეოთხედფინალში გაიყვანა. ყატარული „ალ-დუჰაილის’’ გარემარბმა საჯარიმოს კიდიდან მარჯვენა ფეხით ძლიერად დაარტყა და კონგოს ნაკრების კარში გოლი შეაგდო. ამ დროს უკვე დამატებითი დროის ბოლოსწინა წუთი მიმდინარეობდა. საინტერესოა, რომ აფრიკის თასზე ბულბინას თამაშს პატარა მოულოდნელობაც კი შეგვიძლია ვუწოდოთ, რადგან ალჟირელთა მწვრთნელს ვლადიმირ პეტკოვიჩს დაფიცებული ჰქონდა, რომ იმ გუნდიდან, რომელიც დეკემბერში არაბეთის თასზე ჰყავდა წაყვანილი დიდ ნაკრებში არავის წაიყვანდა ― ალჟირი მეოთხედფინალში არაბთა გაერთიანებულ საემიროებთან პენალტებით დამარცხდა.

ჯგუფურ ეტაპზე სამი გამარჯვების შემდეგ ალჟირელებს მერვედფინალში კონგოსთან გაუჭირდათ. ტრიბუნებიდან შეხვედრას თვალს ადევნებდა მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა ზინედინ ზიდანი, რომელიც მეუღლე ვერონიკთან ერთად უყურებდა, თუ როგორ თამაშობდა მათი ვაჟი, ალჟირის მეკარე ლუკა ზიდანი. მეკარე ზიდანი თავის კონგოელ კოლეგასთან შედარებით უფრო სტაბილურად მოქმედებდა. კონგოსა და ფრანგული „ლე ავრის’’ გოლკიპერი ლიონელ მპასი-ნზაუ კი რამდენჯერმე შეცდა, თუმცა შემდეგ ორი ძალიან ძნელად ასაღები ბურთი მოიგერია. ბულბინას დარტყმულს ის ვერაფერს მოუხერხებდა. მეოთხედფინალში ალჟირი ნიგერიას შეხვდება.

კოტ დ’ივუარმა ბურკინა ფასოს 3:0 მოუგო. 32-ე წუთზე ანგარიში უკვე 2:0 იყო სპილოს ძვლის ნაპირელთა სასარგებლოდ. მესამე გოლი „ჰოფენჰაიმის’’ ბაზუმანა ტურემ 87-ე წუთზე ჩაროზად გაიტანა.

მეოთხედფინალში მალი სენეგალს ეთამაშება, კამერუნი მაროკოს, ეგვიპტე კოტ დ’ივუარს, ხოლო ალჟირი, როგორც მოგახსენეთ, ნიგერიას. შეხვედრები 9 და 10 იანვარს გაიმართება.