
ეტან მბაპე აფრიკის ერთა თასზე ალჟირის ნაკრების შეხვედრებს ყურადღებით ადევნებს თვალს. თავის მხრივ ალჟირელებიც დიდი ინტერესით აკვირდებიან საფრანგეთის ნაკრების კაპიტნისა და „რეალის’’ ვარსკვლავის კილიან მბაპეს ძმის თამაშს ― „პარიზიენმა’’ შეიტყო, რომ ნოემბერში ალჟირულ პრესასა და „ფრანს ფუტბოლში’’ გამოქვეყნებული ინფორმაცია მართალია, ალჟირელებს უმცროსი მბაპეს ნაკრებში მიწვევა სურთ.
ამბობენ, რომ ეტან მბაპეს საფრანგეთის ნაკრებში ურჩევნია თამაში, მაგრამ მისთვის არც ალჟირია უცხო ქვეყანა. მბაპეების დედა ფაიზა ლამარი ეთნიკურად კაბილელია ეს კი ჩრდილოეთ ალჟირის მთიან რაიონში მცხოვრები ბერბერული ტომის ხალხი გახლავთ.
19 წლის მბაპე ფრანგებს დიდ ნაკრებში ჯერ არ გამოუძახიათ, მაგრამ 16 და 19-წლამდელთა გუნდებში უკვე ათამაშეს. მოგეხსენებათ, ფეხბურთელი შეიძლება ასაკობრივ ნაკრებში ერთ ქვეყანას წარმოადგენდეს, მაგრამ დიდ ნაკრებში სხვა ქვეყანის სახელით გამოვიდეს. მოკლედ რომ ვთქვათ, საბოლოო და ბეჭედდასმული ეროვნული გუნდია. ამის კარგი მაგალითი გახლავთ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი გიორგი წიტაიშვილი, რომელიც 2019 წელს 20 წლამდელთა შორის უკრაინის ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონი გახდა და ფინალში სამხრეთ კორეას გოლიც კი გაუტანა (3:1). საინტერესოა, რომ კორეელთაგან იმ შეხვედრაში გოლი „პარი სენ ჟერმენის’’ ნახევარმცველმა კანგ-ინ ლიმ შეაგდო.
დავუბრუნდეთ ეტან მბაპეს, რომელიც კილიანთან, მამასთან ვილფრიდთან და ნაშვილებ ძმასთან ჟირეს კემბო ეკოკოსთან ერთად „გრანდ სტად დე მარაკეშზე’’ კამერუნის და კოტ დ’ივუარის შეხვედრას დაესწრო. კამერუნი მამა-მბაპეს სამშობლოა. „ლილში’’ ეტანის ახლო მეგობრები არიან ალჟირელი ფეხბურთელები ნაბილ ბენტალები და აისე მანდი. ბენტალები ალჟირის ეროვნულ გუნდთან ერთად მაროკოშია, სადაც აფრიკის ერთა თასის შეხვედრებში მონაწილეობს.
საფრანგეთში დაბადებულ-გაზრდილი ფეხბურთელების დამატება ალჟირელებისთვის უცხო არ არის. ხსენებულ აფრიკის თასზე მათი ნაკრების კარს იცავს ზინედინ ზიდანის ვაჟი ლუკა. ზიდანების ოჯახი მბაპეების დედის მსგავსად წარმოშობით კაბილიიდანაა.
