მხოლოდ გოგიჩაშვილი

Home კატეგორიის გარეშე მხოლოდ გოგიჩაშვილი
მხოლოდ გოგიჩაშვილი

ზამთრის სანაკრებო სეზონი დასრულდა და საფრანგეთის ტოპ 14-ში მორიგი, მე-19 ტურიც გაიმართა. მისი მონაწილე 15 ქართველი მორაგბე გახდა. შიდა ჩემპიონატი ინგლისშიც განახლდა და ერთმა ჩვენებურმა იქაც იასპარეზა.

ტოპ 14

ინდივიდუალურად საანგარიშო უიქ-ენდი ყველაზე წარმატებული გურამ გოგიჩაშვილისთვის გამოდგა. „რასინგ-92“-ის მარცხენა ბურჯმა „კასტრთან“ საშინაო მატჩის 25-ე წუთზე პარიზელთა ხანგრძლივი შეტევა შედეგიანად დაასრულა. პარიზელები კასტრელებს კარგა ხანი ჩეჩქვავდნენ და „გოგიჩამ“ თავისი ფიზიკური ძალა და მასა ოსტატურად გამოიყენა. „რასინგმა“ დიდი სხვაობით, ბონუსით მოიგო – 55:21, ხოლო გურამისთვის ხსენებული ლელო სეზონში მეორე გახლდათ, სულ კი მის ანგარიშზე ტოპ 14-ის 127 მატჩი და 5 ლელოა.

გოგიჩაშვილის გარდა პარიზელთა სასტარტოში გია ხარაიშვილიც იყო, ხოლო სტუმარ გუნდს მეორე ტაიმში მარქაფიდან ლევან ჩილაჩავა ეხმარებოდა, ვისთვისაც პარიზული მატჩი ტოპ-14-ში 199-ე იყო! ველოდებით დიდოსტატურ მე-200 მატჩს.

ლიგის ლიდერად 67 ქულით მოქმედი ჩემპიონი „ტულუზი“ რჩება, რომელიც ევროპის საკლუბო ჩემპიონ „ბორდოსთან“ სტუმრად უიმედოდ დამარცხდა – 20:44.

„პომ“ კვლავ წააგო და 55 ქულით მესამე ადგილამდე ჩამოქვეითდა. ბასკები ლა როშელს ესტუმრნენ და 6:20 წააგეს. ბექა გორგაძეს არ უთამაშია, ხოლო ლექსო ყაულაშვილისა და გურამ პაპიძის ტანდემმა სასტარტო ბურჯების ფუნქცია იკისრა. „ლა როშელის“ სასტარტო თხუთმეტეულში კი დავით ნინიაშვილი იყო, რომელმაც კვლავ არასტანდარტულ პოზიციაზე, 13 ნომრად ითამაშა. ნიკოლოზ სუთიძე და ალექსანდრე ქუნთელია თამაშში მე-2 ნახევარში ჩაერთვნენ.

მოწინავე ექვსეულში კიდევ ორი „ქართული“ კლუბია. მშვენიერ ფორმაში შესულმა „სტად ფრანსემ“ ტულონში იქაურ გრანდს ბონუსით, 46:27 მოუგო და 54 ქულით მე-5 საფეხურზე დამკვიდრდა. გამარჯვებულთა შორის მეორე ტაიმში გიორგი მელიქიძე გამოჩნდა, „ტულონის“ სასტარტოში კი ბექა გიგაშვილი იყო, ხოლო ნორჩი მიხეილ შიოშვილი შეხვედრაში მარქაფიდან ჩაერთო.

„კლერმონმა“ შინ „მონპელიესთან“ 17:20 წააგო და სანუგეშო ბონუსს დასჯერდა. მოგეხსენებათ, გიორგი ახალაძემ ნაკრებში ტრავმა მიიღო და „ვულკანების“ შემადგენლობაში ბოლო 20 წუთი გიორგი ძმანაშვილმა ითამაშა. კლერმონელები 52 ქულით მე-6 ადგილზე იმყოფებიან.

ანალოგიური საშინაო ბონუს ქულა „პერპინიანმაც“ მოინადირა, რომელმაც „ლიონთან“ 28:32 წააგო. კატალონიელთა მარქაფიდან თამაშში გიორგი თეთრაშვილი ჩაერთო, ხოლო სტუმართა სასტარტოში ირაკლი აფციაური იყო. „მასხარები“ 19 ქულით ბოლოსწინა ადგილზე დარჩნენ.

რაც შეეხება ბოლო, ლიგიდან პირდაპირ გასავარდნ ადგილს, აქ უპირობოდაა გამაგრებული „მონტობანი“, რომელიც საკუთარ მოედანზე „ბაიონთან“ 26:60 დამარცხდა და 7 სეზონური ქულის ამარა დარჩა. მონტობანელთა შემადგენლობაში სეზონში პირველად გამოჩნდა კვაჭი ვახტანგ ჯინჭარაძე, რომელმაც მძიმე ტრავმა მოიშუშა და ბოლო 23 წუთიც დაჰყო მოედანზე.

პრემიერშიპი

„ექსეტერმა“ ლონდონურ „სეილ შარქსს“ ბონუსით, 26:14 მოუგო და ცხრილის მე-4 საფეხურზე ავიდა, რომელიც პლეი-ოფის საგზურის მომტანია, თუმცა რეგულარულის ბოლომდე ჯერ კიდევ 7 ტურია. ბაჩუკი ჭუმბაძემ მიმდინარე სეზონში ექსეტერელთა ყველა მატჩში მიიღო მონაწილეობა, ხოლო „სეილთან“ მან პირველიდან 47-ე წუთამდე ითამაშა.