სადაცაა ორი წელიწადი გავა მას მერე, რაც „ბარსელონაში’’ ჩავი ერნანდესი ჰანსი ფლიკმა შეცვალა. ამ ხნის განმავლობაში კატალონიელთა ყოფილ დიდ ვარსკვლავს არაერთმა გუნდმა შესთავაზა მწვრთნელობა, მაგრამ ის არ დათანხმდა. ბოლო შეთავაზება რამდენიმე დღის წინ იყო.
ჩავიმ „ბლაუგრანას’’ თავკაცის რთულ პოსტზე სტრესით დატვირთული ორწელიწადნახევარი გაატარა, რის მერეც გადაწყვიტა ოჯახში განმარტოებულიყო და აქტიური საფეხბურთო ცხოვრებისგან დაესვენა. მაგრამ, ყველაფერს აქვს ბოლო, მათ შორის დასვენებას. ერთი ხნის წინ, როდესაც „მანჩესტერ იუნაიტედიდან’’ რუბენ ამორიმი გაუშვეს, დაირხა ხმა, რომ „ოლდ ტრეფორდზე’’ შეიძლება სწორედ ჩავი მისულიყო. საბოლოოდ ითქვა, რომ მხარეებს შორის მოლაპარაკებები არ შედგა და ეს ყოვლისმცოდნე ფაბრიციო რომანომაც დაადასტურა, მაგრამ მანვე დასძინა, რომ კატალონიელს ძალიან სურს პრემიერლიგაში მუშაობა.
და აი, ამ დღეებში ვეტერანმა სანაკრებო ფეხბურთში მუშაობაზე თქვა უარი. ეს ამბავი Cadena SER-ის წყალობით გახდა ცნობილი. ლაპარაკია მაროკოს ეროვნულ გუნდზე, რომელიც თანამდებობიდან ვალიდ რეგრაგის ხსნის. უფრო სწორედ, 50 წლის რეგრაგიმ, რომელიც მაროკოელებს 2022 წლიდან ხელმძღვანელობს, 2025 წლის აფრიკის თასის შემდეგ თავად ისურვა გადადგომა, ქვეყნის ფეხბურთის ფედერაცია კი აქამდე თავს იკავებდა.
საინტერესოა, რომ ჩავი მაროკოში მუშაობის წინააღმდეგი სულაც არ იყო, უბრალოდ სურდა გვარდით მის მიერ დასახელებული ასისტენტი, ანალიტიკოსი და ფიზმომზადების მწვრთნელი ჰყოლოდა, მაროკოს ფეხბურთის ფედერაციამ კი მოკლედ მოუჭრა, თუ ჩამოხვალ, მარტო უნდა ჩამოხვიდეო. შედეგად, თანამშრომლობა არ შედგა.
