
„ბარსელონაში’’ ხუთ დღეში სამმა ფეხბურთელმა მიიღო კუნთის ტრავმა. ჯერ ხუთშაბათს ვარჯიშზე ფრენკი დე იონგმა იტკინა ფეხი, ხოლო შემდეგ, „ატლეტიკოსთან’’ სამეფო თასის საპასუხო ნახევარფინალურ შეხვედრაში („ბარსამ’’ მოიგო 3:0, მაგრამ ორი შეხვედრის ჯამში დამარცხდა – 3:4) ჟიულ კუნდე და ალეხანდრო ბალდე გახდნენ შესაცვლელები. დღეს, როდესაც სეზონი კულმინაციას აღწევს, ასეთი ტრავმიანობა კატალონიელთათვის ძალიან უსიამოვნოა.
ჰოლანდიელს მარჯვენა ბარძაყის პრობლემა აქვს. ის მოედანს სავარაუდოდ აპრილის დასაწყისში დაუბრუნდება. ფრანგსა და ესპანელს კი მარცხენა ბარძაყი აწუხებთ. კუნდეზე ამბობენ, რომ ორ-ოთხ კვირაში გამოჯანმრთელდება, ხოლო ბალდეს მკაცრად ოთხი კვირა დასჭირდება.
გამოდის, რომ ჩამოთვლილი ფეხბურთელები უახლოეს შეხვედრებს, მათ შორის სანაკრებო მატჩებსაც გამოტოვებენ. ესპანურ პრესაში კი წერენ, რომ „ბარსელონას’’ სამწვრთნელო შტაბი სულ უფრო და უფრო მეტად არის შეშფოთებული ფეხბურთელების ფიზიკური მდგომარეობით. თვით ჰანსი ფლიკიც კი, ვინც მედიისგან თუნდაც უბრალო პრობლემებისა და თავისი რეალური განწყობის დამალვით არის ცნობილი, ღიად ალაპარაკდა:
„ჩემს დაშავებულთა სიას კიდევ ორი კაცი დაემატა, რაც ძალიან ცუდის ნიშანია. მეტისმეტად შეშფოთებული ვარ. თუ ამას ფრენკის ტრავმას მივამატებთ, ბოლო ხანს უკვე სამი დაშავებული გამოგვდის, რაც რეალური პრობლემაა. ჩვენ მდგომარეობის გამოსასწორებლად სერიოზული მსჯელობა მოგვიწევს. ექიმებსა და ფიზიკური მომზადების მწვრთნელებს მკაფიოდ უნდა ავუხსნათ, რომ ერთ კვირაში სამი ფეხბურთელი არ უნდა გვიშავდებოდეს’’.
პრესა წერს, რომ ფლიკის ასეთი საჯარო განცხადება ფრიად არასასურველი მდგომარეობის მანიშნებელია. კატალონიურ მედიაში წერენ, რომ გუნდში უკმაყოფილებაა და ფეხბურთელების ნაწილს ფიზიკური მომზადების მწვრთნელის ხულიო ტოუსის მიერ დანერგილი ფიზიკური წვრთნის მეთოდები არ მოსწონს. RAC1 ამბობს, რომ ამ სპეციალისტს ვეტერანები უკვე ეჭვის თვალით უყურებენ.
პირველი ჩივილები თურმე ჯერ კიდევ სეზონის დასაწყისში გაისმა. ფეხბურთელებს მაშინვე უთქვამთ, საკმარისად დატვირთულები არ ვართ, რაც თამაშზე ცუდად აისახებაო. ბოლო დღეებში კი მათ თურმე ტოუსის მეთოდების გადახედვა კატეგორიულად მოითხოვეს. როგორც ამბობენ, ფლიკმა ამ ეტაპზე დატვირთვების მკვეთრად მომატება მიზანშეწონილად არ მიიჩნია და თქვა, რომ ფიზიკური მომზადების მეთოდიკას ზაფხულიდან გადახედავს, თუმცა ხუთ დღეში სამი ერთნაირი ტრავმა მდგომარეობას ალბათ ცვლის.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური03/11/2026 | 08:13ანტონი გორდონი: კლასიკო ჩვენ უნდა მოგვეგო
აქეთურ-იქითური03/11/2026 | 07:15სიმულაცია ლივერპულის სტილი არ არისო?
აქეთურ-იქითური02/11/2026 | 12:48ტენ ჰაგი: რონალდუ 2018 წლის შემდეგ ფუჭდებოდა
სიახლეები02/11/2026 | 08:08ლივერპულმა წააგო, ალისონმა ბურთი კარგად ვერ გამოიტანა
