ბეილმა ზიდანი და ანჩელოტი შეადარა

Home აქეთურ-იქითური ბეილმა ზიდანი და ანჩელოტი შეადარა
ბეილმა ზიდანი და ანჩელოტი შეადარა

Carlo Ancelotti, Head Coach of Real Madrid, interacts with Zinedine Zidane following victory in the UEFA Champions League 2023/24 Final match between...უელსელმა ვეტერანმა ვარსკვლავმა გარეთ ბეილმა პოდკასტში სახელწოდებით Stick გაიხსენა ის წლები, როდესაც „რეალში’’ თამაშობდა. მან ერთმანეთს შეადარა მწვრთნელები, რომელთა ხელშიც „სანტიაგო ბერნაბეუზე’’ ბურთს აგორებდა – ზინედინ ზიდანი და კარლო ანჩელოტი.

ბეილისთვის ზიდანი უპირველეს ყოვლისა მისი დიდი აურაა.

„ის ტაქტიკაზე ყურადღებას დიდად არ ამახვილებდა. ჩვენ ვარჯიშებზე აბსოლუტურ მინიმუმს ვაკეთებდით: ვხვეწდით ბურთის ფლობასა და კარში დარტყმებს. თხუთმეტი წუთი ეთმობოდა დაცვაში თამაშის ტაქტიკას’’, ― თქვა ბრიტანელმა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ორ ფინალში გაიტანა გოლი.  მან გაიხსენა, რომ 1998 წლის მსოფლიოს ჩემპიონს გასახდელში ხანგრძლივი ტექნიკური სიტყვის თქმა არ სჭირდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ იქაურობა ვარსკვლავებით იყო სავსე, მისი წარმოუდგენლად მაღალი ავტორიტეტი ხელშეუხებელი რჩებოდა.

ბეილმა გაიხსენა, რომ ზიდანი დროგამოშვებით თავადაც ვარჯიშობდა ფეხბურთელებთან ერთად და… ყველას აოცებდა ოსტატობით.

„დიახ, ის ჩვენთან ერთად ვარჯიშობდა და კვლავ „იმ’’ დონეზე იყო. რამდენჯერმე ფინტიც გამიკეთა და მომატყუა’’, ― თქვა ჩემპიონთა ლიგის ხუთგზის გამარჯვებულმა. „ზიზუს’’ შეფობა მის ქარიზმასა და სტატუსზე უფრო იყო დამოკიდებული, ვიდრე ტაქტიკურ მიდგომებზე.

ბეილი ზიდანს უდიდეს პატივს სცემს, მაგრამ ანჩელოტიმ მასზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა. უელსელი ფიქრობს, რომ მისი მთავარი უნარი ინდივიდუალური მიდგომისა და მაღალი სპორტული სტანდარტების იდეალური შეზავება იყო.

„კარლოს სამწვრთნელო სტილი საუკეთესო იყო. მაშინაც კი, როდესაც ჩვენ კარგად ვერ ვთამაშობდით, ის გვექცეოდა როგორც უახლოეს მეგობრებს. მას ჰქონდა უნიკალური ნიჭი, რომლის წყალობითაც ფეხბურთელებს გვაქეზებდა რათა მაქსიმუმი გაგვეღო და საუკეთესო ფეხბურთი გვეთამაშა. ის იდეალურად იცავდა ბალანსს ნდობასა და დისციპლინას შორის. ასეთი დამოკიდებულება ზედმიწევნით მიესადაგებოდა კლუბს, რომლის გასახდელშიც ფეხბურთელების ეგო შეიძლებოდა ყოველდღიურ პრობლემად ქცეულიყო’’, ― გაიხსენა „ტოტენჰემ ჰოთსფურის’’ ყოფილმა ფეხბურთელმა.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.