ალისონის გაშვებული გოლი მაინც სხვაა

Home სიახლეები ალისონის გაშვებული გოლი მაინც სხვაა
ალისონის გაშვებული გოლი მაინც სხვაა

Alisson Becker of Liverpool arrives at the stadium prior to the Premier League match between Liverpool and West Ham United at Anfield on February 28,...„ლივერპულში’’ სულ უფრო მეტს ლაპარაკობენ ლეგენდარული მეკარის ალისონ ბეკერის წასვლის ან დარჩენის შესახებ. იმის აღსაწერად, თუ როგორ ეთაყვანებიან ბრაზილიელს „ენფილდზე’’ თვალი გადავავლოთ ჟურნალისტ იან დოილის წერილს Liverpool Echo-ში სადაც ის ამბობს, რომ ბოლო შეხვედრაში, „ვულვერჰემპტონთან’’ (რომელიც „ლივერპულმა’’ წააგო 1:2), როდესაც როდრიგო გომესი დასარტყმელ პოზიციაზე გავიდა, „ლივერპულის’’ ქომაგებს გულში უღვიოვოდათ იმედი, რომ ალისონი გოლს არ გაუშვებდა. დოილი წერს, რომ კარში ნებისმიერი სხვა რომ მდგარიყო, ფანები იმედგადაწურულები იქნებოდნენ, მაგრამ რაკი მოედანზე ერთი ერთზე თამაშის მსოფლიოში საუკეთესო სპეციალისტი იდგა, მათ ბოლო წამამდე სჯეროდათ, რომ „ვულვზის’’ მოთამაშე გოლს ვერ გაიტანდა. შემდეგ ჟურნალისტი დასძენს, რომ გომესს ბურთის კარში შესაგდებად ბრწყინვალე დარტყმა დასჭირდა. გოლი გავიდა, ალისონმა კარი ვერ იხსნა, მაგრამ სად ალისონის გაშვებული და სად სხვისიო, ― დაახლოებით ასე გამოდის.

Rodrigo Gomes of Wolverhampton Wanderers turns it past Alisson of Liverpool FC to make it 1-0 during the Premier League match between Wolverhampton...სამართლიანობისთვის უნდა აღვნიშნოთ, რომ დოილი ალისონს მსაჯის წამატებულ წუთებში „ვულვზის’’ მეორე გოლის წინ საჯარიმოდან ბურთის მოუქნელ გამოტანას საყვედურობს. მართალია ამ ეპიზოდში მას კერტის ჯონსმა ბურთი დაუფიქრებლად მიუგორა, მაგრამ მასპინძლებმა ის იმიტომ იხელთეს, რომ ალისონმა ცუდად გამოიტანაო. ამას შედეგად ანდრეს დარტყმა და ბურთის რიკოშეტით კარში შევარდნა მოჰყვა.

Liverpool's Giorgi Mamardashvili and Hugo Ekitike arriving before the Premier League match at the Stadium of Light, Sunderland. Picture date:...Liverpool Echo-ს სტატიაში წერია, რომ „ლივერპული’’ საუკეთესო სეზონს ვერ ატარებს, მაგრამ ამაში ალისონს ბრალს ვერავინ დასდებს. მართალია, ბრაზილიელმა გაუგებრად ითამაშა „მანჩესტერ სიტისთან’’ შეხვედრის ბოლო წუთებშიც, რის გამოც ერლინგ ჰოლანდმა „სიტის’’ დაუმსახურებელი გამარჯვება მოუტანა, მაგრამ ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ბრაზილიელი შიგადაშიგ, შემთხვევით ცდებაო, – წერს დოილი.

ჟურნალისტის ამბობს, რომ ალისონი შეცდომებს ხშირად არ უშვებს, სტაბილურია, მაგრამ მიმდინარე სეზონში არც ბევრი დასამახსოვრებელი „სეივი’’ ჰქონია. მას მერე, რაც 2018 წელს „რომადან’’ ლივერპულში გადავიდა, ის ასეთი „მშვიდი’’ არ ყოფილაო. აქ უნდა გავიხსენოთ ორთვიანი ტრავმაც. დოილი წერს, რომ ალისონს კარიდან ბურთი დარტყმით იშვიათად გამოაქვს და ხშირად ვხედავთ, რომ ამის გაკეთებას ერიდება. ეს სავარაუდოდ, უხერხული მოძრაობისა და მორიგი ტრავმისთვის თავის არიდების მცდელობაა.

მაგრამ, ინგლისელი ჟურნალისტი შეგვახსენებს, რომ მეკარის თამაში მხოლოდ ბურთის საჯარიმოდან გამოტანა არ არის და მოჰყავს ასეთი სტატისტიკა: „ლივერპულმა’’ 6 წააგო იმ 10 შეხვედრიდან, რომლებშიც ალისონს ტრავმის გამო მონაწილეობა არ მიუღია და იმ 31 შეხვედრიდანაც, რომელშიც ის სასტარტო შემადგენლობაში იყოო. პლუს, ამ ექვსიდან გუნდმა ერთი პენალტებით წააგო, მეორეში კი მოედანი 56-ე წუთზე დატოვაო. ეს უკანასკნელი გახლავთ შეხვედრა სტამბოლში, „გალათასარაისთან’’, რომელშიც დაშავებული ალისონი გიორგი მამარდაშვილმა შეცვალა. ამ დროისთვის „ლივერპული’’ უკვე აგებდა 0:1-ს, მაგრამ უნდა ვივარაუდოთ, რომ ალისონი რომ არ დაშავებულიყო, მერსისაიდელები ანგარიშს სულ მცირე გაათანაბრებდნენ.

დოილი იქვე წერს, რომ ალისონის მიერ მოგერიებული დარტყმების რაოდენობა ამ სეზონში შემცირდა. მან დარტყმათა 64.9% აიღო, რაც პრემიერლიგაში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. წინა სეზონებში ბრაზილიელი საშუალოდ 71.9%-ს იგერიებდა.

ინგლისელი ჟურნალისტი მკაფიოდ აცხადებს, რომ ის არავითარ შემთხვევაში არაფერს საყვედურობს გიორგი მამარდაშვილს და ერთი სათასო შეხვედრის მონაწილე ფრედი ვუდმენს. მათ ალისონის არყოფნაში „ლივერპულის’’ კარი ღირსეულად დაიცვეს, მაგრამ არნე სლოტი ეტყობა მზარდ ზეწოლას გრძნობს და თავის გადარჩენის ინსტინქტი აიძულებს მხოლოდ ბრაზილიელს დაეყრდნოს. ამის საინტერესო მაგალითი იყო სათასო შეხვედრა „ბრაიტონთან’’, რომელშიც მამარდაშვილს უნდა ეთამაშა, მაგრამ სლოტმა კარში მაინც ალისონი დააყენა. ეს გახლდათ მისი პირველი თამაში ამ ტურნირზე ბოლო ორი წლის განმავლობაში. სულ კი ალისონს თასზე ათად ათ შეხვედრაში აქვს მონაწილეობა მიღებული და ეს ყველაფერი ნიშნავს, რომ სანამ „ლივერპულის’’ თავკაცი სლოტია, კარში (თუ რაიმე გამონაკლისი არ მოხდა) ალისონი იდგება.

შეგახსენებთ, რომ ალისონმა „ლივერპულთან’’ 2021 წელს ხუთწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, რომელშიც არის პუნქტი და ის კლუბს თანამშრომლობის ერთი წლით გახანგრძლივების საშუალებას აძლევს. დოილი წერს, რომ მეკარე „ენფილდზე’’ თავს ბედნიერად გრძნობს, მაგრამ იმავდროულად აქვს შეთავაზებები „იუვენტუსიდან’’, „ინტერიდან’’ და სავარაუდოდ საუდის არაბეთიდან.

ჯერჯერობით ალისონ ბეკერი ულაპარაკოდ „ლივერპულის’’ მთავარი მეკარეა, მაგრამ კლუბი მისი კონტრაქტის ზემოთ ხსენებული პუნქტის გააქტიურებას რატომღაც არ ჩქარობს. კითხვებს პასუხი წესით მალე უნდა გაეცეს.