ინგლისში დამნაშავეთა დაჯგუფებამ პრემიერლიგის ვარსკვლავის სახლში ნარკოტიკის პლანტაცია მოაწყო. მათ ფეხბურთელის მდგმური აიძულეს ასობით მცენარის გარემოცვაში ეცხოვრა.
პოლიციამ „სათბურს” მიაგნო, რის შემდეგაც ფეხბურთელს თავისი უდანაშაულობის დამტკიცება დასჭირდა. საბოლოოდ გაათავისუფლეს არენდატორიც, რადგან ჩათვალეს, რომ მას „პლანტაციაში” ცხოვრებას ბანდა აიძულებდა.
სანდო წყარომ „სანს” უთხრა: „ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთში მდებარე ამ სახლის მეპატრონე პრემიერლიგის ფეხბურთელია. ის სხვა უძრავ ქონებასაც ფლობს და აქირავებს. გაქირავებით ფეხბურთელის ოჯახის სხვა წევრია დაკავებული. როდესაც ის პოლიციამ სახლში შეიყვანა და „პლანტაცია” აჩვენა, მის გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა. მცენარეები პოლიციამ გაანადგურა”.
ბრიტანეთში 1971 წლიდან მოქმედებს კანონი, რომლის თანახმადაც კანაფის მოყვანა და ფლობა კრიმინალური დანაშაულია და 14 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
სახლის მფლობელი ამა თუ იმ ფორმით სასჯელს სავარაუდოდ მაინც ვერ ასცდება. ჯერ ერთი, თუ მან დამქირავებლების კრიმინალური საქმიანობის შესახებ იცოდა, ვალდებული იყო პოლიციისთვის შეეტყობინებინა, წინააღმდეგ შემთხვევაში სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცემა. გარდა ამისა, ქირა, რომელიც მას არალეგალური შემოსავლიდან გადაუხადეს, დაექვითება.
პოლიციის შეფთა საბჭოს ინფორმაციით, ჩვეულებრივ კანაფის „ფერმების” მფლობელი დაჯგუფებები A კლასის ნარკოტიკების შემოტანაში, მონათმფლობელობაში, ძალადობასა და ექსპლოატაციაშიც არიან ჩაბმულნი.