„ბარსელონას“ ლეგენდის, ხავი ერნანდესის შინ დაბრუნების თაობაზე ცნობა ტყუილი გამოდგა. ყოფილი ფეხბურთელი, რომელმაც კარიერა შარშან მაისში დაასრულა, ამჟამად საუდის არაბეთის „ალ სადის“ მწვრთნელია. ესპანეთის სუპერთასზე განცდილი კრახის შემდეგ, „ბარსელონას“ ბოსებმა ერნესტო ვალვერდეს კარისკენ მიუთითეს, მისი ადგილის დაკავებას სწორედ ხავის უწინასწარმეტყველებდნენ. „ალ სადის“ მფლობელი არაბი შეიხები მას საუკეთესო სურვილებით დაემშვიდობნენ კიდეც, მაგრამ ამაოდ…
„ბარსელონას“ ენრიკე სეტიენი ჩაიბარებს, რომელიც დიდად სახელდაგდებულია და ტოპ კლუბებში მუშაობის გამოცდილება აქვსო, ნამდვილად ვერ ვიტყვით, თუმცა ესპანური საზომებით ურიგო სპეციალისტი არ ეთქმის. 61 წლის მწვრთნელი, ჯერჯერობით ბოლო მწვრთნელია, რომლის თავკაცობითაც „ბარსელონა“ შინ დაამარცხეს – 2018 წლის 11 ნოემბერს „ბეტისმა“ კატალონიელებს „კამპ ნოუზე“ 4:3 მოუგო. ვალენსიელებს, მაშინ სწორედ სეტიენი ავარჯიშებდა და ლა ლიგის იმ სეზონში გუნდი მე-6 ადგილზეც გაიყვანა. მომდევნო წელს, „ბეტისი“ სამეფო თასის ნახევარფინალამდე მივიდა, რის შემდეგაც კიკე სეტიენმა გუნდი დატოვა, თუმცა უმუშევრად სულ რაღაც 6 თვე იყო და აგერ, მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის მწვრთნელის სავარძელიც დაუთმეს.
„ბეტისის“ გარდა, ენრიკე სეტიენის სამწვრთნელო საქმიანობიდან ალბათ ეკვატორიული გვინეის ნაკრებში მუშაობა უნდა გამოვყოთ, სადაც რა გასაკვირია, რომ ციდან ვარსკვლავები ვერ მოწყვიტა. სეტიენი ასევე წრთვნიდა „რასინგს“, „პოლ ეხიდოს“, „ლუგოს“, „ლას პალმასს“ და „ლორგონესს“.
როგორც ხედავთ, „ბეტისის“ გამოკლებით, კიკე სეტიენი უმთავრესად ესპანეთის ქვედა ლიგებში მყოფ გუნდებს ავარჯიშებდა. ამის ფონზე კი „ბარსელონას“ თავკაცობა მისთვის უდავოდ დიდი პატივი უნდა იყოს, სადაც თუ მანამდე არ დაითხოვეს, კონტრაქტის მიხედვით მინიმუმ 2022 წლის ზაფხულამდე უნდა დაჰყოს.