შავი ლომი – 13:0 და 0:24

Home სიახლეები შავი ლომი – 13:0 და 0:24
შავი ლომი – 13:0 და 0:24

„შავმა ლომმა“ ჩელენჯ თასის 2025/2026 წლის გათამაშება მარცხით დაიწყო – „ავჭალაზე“ ხსენებული თასის ორგზის მფლობელ „მონპელიესთან“ 13:24 წააგო.

ქართულმა ფრენჩაიზმა ორი სრულიად განსხვავებული ტაიმი ჩაატარა. თუკი პირველში ტრიბუნებზე საკმაოდ უხვად მისულმა მაყურებელმა დისციპლინირებული, კონცენტრირებული და კრიტიკულ სიტუაციებში გამართულად მოქმედი ქართული გუნდი იხილა, მეორეში ამ დისციპლინისა და მობილიზებისგან აღარაფერი იყო დარჩენილი.

თამაშის საწყისი ნახევარი „შავმა ლომმა“ მშრალი ანგარიშით, 13:0 მოიგო, მეორე ტაიმი კი ასევე მშრალად დათმო, ოღონდაც უფრო დიდი სხვაობით. „მონპელიემ“ 4 ლელოც დადო და ამის წყალობით ბონუს-ქულაც მიიღო, ჩვენი გუნდი კი სანუგეშო ქულას ვერ შეწვდა.

თამაში არცთუ ცუდი საყურებელი იყო – სწრაფი გარღვევებით, კარგი კომბინაციებით, მაგარი ბოჭვებით… სამწუხაროდ, „მონპელიე“ უკეთეს ფორმაში აღმოჩნდა, რაც სულაც არაა გასაკვირი – კლუბს ტოპ 14-ში გამართული 11 ტური ტონუსში ამყოფებს, „შავ ლომს“ კი ზურგს მხოლოდ ამხანაგური მატჩები უმაგრებს. პირველ ტაიმში ლუკა ცირეკიძე მშვენივრად დირიჟორობდა ქართული გუნდის თამაშს და ერთადერთი ლელოც მან შექმნა: საკუთარ ნახევარზე მიღებული ბურთი წინ, დიაგონალზე გაიგდო და მისკენ გაიჭრა, თან იგრძნო, რომ ამ ფლანგზე აკაკი ტაბუცაძე უნდა აჰყოლოდა. ლუკა ბურთს დაეწია და ფეხბურთელის ილეთით აკასკენ ჩაახვია, მას მცველი გადაეღობა, რომელმაც ხელში ვერ შეიმაგრა და სწორედ ამ მომენტში აკაც გამოჩნდა, რომელმაც უპატრონო ბურთი აიტაცა და ლელო გაიტანა. ცირეკიძემ ურთულესი პოზიციიდან გარდასახა და 7:0 დავწინაურდით.

მერე ცირეკიძემ ჯარიმა გაიტანა, მოგვიანებით – კიდევ ერთი, ანგარიში 13:0 გახდა და თანაც, ლუკა ცირეკიძემ კიდევ ორი მცდელობა გააცუდა – 57 და 45 მეტრიდანაც დაარტყა ჯარიმა, მაგრამ პირველ ჯერზე ძალა არ ეყო, მეორედ კი ააცილა.

აი, მეორე ტაიმში კი „მონპელიემ“ შავი დღე აყარა „შავ ლომს“ – 4 უპასუხო ლელო, მათ შორის ერთი საჯარიმო და ორი გარდაუსახავი, ჯამში 24 ქულა. იმ თამაშის გათვალისწინებით, რაც ქართულმა გუნდმა მეორე ტაიმში ითამაშა, შედეგი აბსოლუტურად ლოგიკურია.

მეორე ტური მომდევნო შაბათს, 13 დეკემბერსაა – ირლანდიაში იქაურ „კონახტთან“