ნაპოლი – გველი რომელიც საკუთარ კუდს ჭამს

Home აქეთურ-იქითური ნაპოლი – გველი რომელიც საკუთარ კუდს ჭამს
ნაპოლი – გველი რომელიც საკუთარ კუდს ჭამს

Juventus v Cagliari Calcio - Serie Aთავისებული ქვეყანაა იტალია, სადაც თავისებური ამბები ხდება. ჟურნალისტი ფაბრიციო დ’ესპოზიტო „ნაპოლში” ანტონიო კონტეს დანიშვნას ეხმაურება. მის წერილს თავიდან ბოლომდე არ ვთარგმნით, მაგრამ, რასაც ქვემოთ წაიკითხავთ, დ’ესპოზიტოს სიტყვებს ეყრდნობა. წერილის დასაწყისში ჟურნალისტი იგონებს Il Fatto-ში მუშაობის პერიოდს, როდესაც ანტონიო კონტე „ინტერის” თავკაცად დაინიშნა და მისმა კოლეგამ, რომელიც „ნერაძურის” გულშემატკივარი იყო გამოაცხადა, რომ დროებით თავისი საყვარელი გუნდის ქომაგობას წყვეტდა. კოლეგას კონტე სძულდა, რადგან ის „იუვენტუსის” ფეხბურთელი, კაპიტანი და შემდგომში მწვრთნელი იყო, „ინტერის” ტიფოზებს კი „იუვეს” ხალხი სძულთ.

ჯერჯერობით ცნობილი არ არის რას მოიმოქმედებენ ნეაპოლელი ანტიკონტეანელები, მაგრამ ისინი რომ არსებობენ, ფაქტია. დ’ესპიზიტო, იმედია ხუმრობით, წერს, რომ ნეაპოლელებს დანარჩენ იტალიელებთან ანთროპოლოგიური განსხვავება აქვთ და ამის გამო მათი არცთუ მცირე ნაწილი „მარადონაზე” კონტეს გაბატონებას ვერასდროს შეეგუება. ეს განსხვავება ჟურნალისტის აზრით სამ ფასეულობაზეა დაფუძნებული: გუნდი-ქალაქი-ფესვები. შემდეგ დ’ესპოზიტო პირდაპირ ამბობს, რომ კონტეს სიძულვილი მორიგი ნეაპოლური სისულელეა, რომელიც გულისხმობს, რომ ამ ქალაქში მუდმივად მხოლოდ მაურიციო სარი უნდა უყვარდეთ.

აქ არ დავიწყებთ იმ იდეოლოგიური და პოლიტკური ანალოგების ჩამოთვლას, რომლებიც ავტორის აზრით ნეაპოლელთა ანტიკონტეანიზმს ასაზრდოებს. უბრალოდ ვიტყვით, რომ მისი საფუძველი სიძულვილია. დ’ესპოზიტოს აზრით ნეაპოლელთა ფორმულა კარგა ხანია ცნობილია და მასში მხოლოდ სიძულვილის ობიექტი იცვლება: მაგალითად ფერადკანიანები „იუვენტუსის” გულშემატკივრებით.

საინტერესოა, რომ ცნობილი ესპანელი მწვრთნელი რაფა ბენიტესი „ნაპოლის” სათავეში ჩადგომისთანავე მიხვდა ყველაფერს და თქვა: „ეს გუნდი დიდ წარმატებებს მხოლოდ მაშინ მიაღწევს, როდესაც თავს სხვებისგან განსხვავებულად აღარ ჩათვლის”. კიდევ, ნეაპოლში დღემდე ლანძღავენ კარლო ანჩელოტის და ამას ცბიერმა აურელიო დე ლაურენტისმაც შეუწყო ხელი, რომელმაც თავის დროზე ასეთი რამ თქვა: „ნეაპოლი მისი ქალაქი არ არის”.

ძნელია გაიმარჯვო როდესაც შენი ლოზუნგია: „სჯობს მყავდეს მწვრთნელი, რომელსაც არასდროს არაფერი მოუგია, ვიდრე ის, ვინც იმარჯვებდა, მაგრამ „იუვენტუსთან” იყო კავშირში”. ეს კლასიკური ურობოროსის მსოფლმხედველობაა, გველისა, რომელიც საკუთარ კუდს ჭამს.