როგორც გერმანული „შპორტ ბილდი” წერს, ლისაბონში ერთმანეთს უნდა შეხვდნენ „ბაიერნის” ტექნიკური დირექტორი მარკო ნეპე და სამხრეთ კორეელი მცველის კიმ მინ-ჯაეს პორტუგალიელი აგენტი ლორენსუ რიტა. ეს შეხვედრა საბოლოო წერტილს დაუსვამს მხარეებს შორის შეთანხმებას, რომლის მიზანიც „ნაპოლის” ფეხბურთელის ბავარიაში გადაბარგებაა. მოგეხსენებათ, სერია A-ს საუკეთესო მცველის შეძენა „მანჩესტერ იუნაიტედს” სურდა, მაგრამ ბოლო დროს ბუნდესლიგის კლუბმა იყოჩაღა. ევროპულ მედიაში გავრცელებულ ცნობათა თანახმად, კიმმა ბავარიელებს უკვე დაჰკრა ხელი ხელს და მხარეები ძირითად თანხებზეც გაურიგდნენ ერთმანეთს.

კორეელი გერმანიაში 2028 წლამდე დარჩება და გვარიან ხელფასს, წელიწადში 10 მილიონ ევროს მიიღებს. შეადარეთ ეს თანხა წელიწადში 3 მილიონ ევროს, რომელსაც „ნაპოლი” მის კიდევ ერთ ვარსკვლავს, სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელს ხვიჩა კვარაცხელიას სთავაზობს.

ითქვა, რომ როდესაც კიმის აგენტი და „ბაიერნის” წარმომადგენელი შეთანხმდებიან, ბუნდესლიგის ჩემპიონი იტალიის ჩემპიონს 50 მილიონს ევროს გადაურიცხავს.

ახლა კიმ მინ-ჯაე სამშობლოშია, სადაც სამკვირიან სავალდებულო სამხედრო სამსახურს გადის. საინტერესოა, რომ კიმის სამხედრო შეკრების დასრულება ზუსტად ემთხვევა იმ თარიღს, როდესაც „აძურის” მიერ ფეხბურთელის გამოსასყიდად დანიშნული თანხა ძალას ჰკარგავს.

„პარტენოპეელთა” ახალ მწვრთნელს რუდი გარსიას კიმის შემცვლელის ძებნა მოუწევს.