თანამედროვე ოლიმპიური თამაშების ფუძემდებლის პიერ დე კუბერტენის ხელით შექმნილი ხუთი ოლიმპიური რგოლის ნახატი კანის აუქციონზე 185.000 ევროდ გაიყიდა.
ლოტის ღირებულება, რომელიც აუქციონამდე კერძო შვეიცარიულ კოლექციაში ინახებოდა, 100.000 ევრო იყო.
სადღეისოდ ყველასთვის ცნობილი ოლიმპიური სიმბოლო – თეთრ ფონზე ერთმანეთზე გადაჯაჭვული ლურჯი, ყვითელი, შავი, მწვანე და წითელი რგოლი გრაფიტით და გუაშით არის შესრულებული 21X27,5 სმ ზომის ფურცელზე და კუბერტენის ავტოგრაფი ამშვენებს.
ხუთი კონტინენტის ერთიანობის სიმბოლო კუბერტენმა 1913 წლის აგვისტოში გამოაქვეყნა.
ახალი ოლიმპიური სიმბოლო და დროშა პირველად 1914 წლის 17 ივნისს, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სორბონას კონგრესზე უნდა გამოფენილიყო, მაგრამ პირველი მსოფლიო ომის გამო, კონგრესი არ შედგა.
ოლიმპიური დროშა პირველად ანტვერპენის 1920 წლის ოლიმპიურ თამაშებზე აღიმართა.