არტურ ეშის სახელობის კორტი აშშ-ში უპრესტიჟულესი და უმაგრესია. როგორია, უმაგრეს კორტზე მსოფლიოს უმაგრეს მეჩოგნესთან სათამაშოდ გახვიდე და მუხლები არ აგიკანკალდეს?! ტრიბუნები სავსე იყო.
ბილეთები კარგა ხნით ადრე გაიყიდა. ამერიკელები მერვედფინალში ამ სარბიელზე ნადალისა და მათი ჯილა ჯეკ სოკის დაპირისპირებას ელოდნენ, მაგრამ ელიტაში მოულოდნელად შეჭრილმა ქართველმა მათი სოკი მეორე ეტაპის შეხვედრაში გაწურა…
ნიკოლოზ ბასილაშვილი ის ბიჭი აღარაა, თუნდაც ჩოგბურთის მონსტრთან მატჩში კინკილა გეიმს რომ იკმარებს…
– არც ერთი მისი მოწოდება რაფას უბრძოლველად არ დაუთმო.
– ბრეიკები აართვა. საკუთარი მოწოდება ნოლზეც მოუგო.
– სეტი აართვა და თანაც ტაი-ბრეიკზე, ნერვების ჭიდილი რომაა. მესამე სეტის სტარტზე ნადალს 40:0 მიჰყავდა ნიკას მოწოდებაზე, ჯამში იმ გეიმში ხუთი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა და ბასილაშვილმა მაინც არ დაანება.
მოკლედ: ჩვენი პირველი ჩოგანი 3:6, 3:6, 7:6, 4:6 კი დამარცხდა, მაგრამ საჩოგბურთო სპექტაკლის თანაავტორი კი შეიქნა. Arthur Ashe stadium-ფეხზე მდგარი აცილებდა ყველა დროის ერთ-ერთ უდიადესს და მის ღირსეულ მეტოქეს.
„ურთულესი მატჩი გამოვიდა. ის ძალიან ძლიერად და რაც მთავარია,ზუსტად ურტყამდა. მისი დარტყმების მიმართულებას ვერ ვიცნობდი. მან მშვენიერი ჩოგბურთი ითამაშა. გამიჭირდა, მაგრამ ბედნიერი ვარ, რომ მომდევნო წრეში გავედი“, – თქვა მატჩისშემდგომ ტრადიციულ ინტერვიუში პლანეტის პირველმა ჩოგანმა.
„ნიკოლოზ ბასილაშვილი მესამე და მეოთხე სეტებში შეუდარებელი იყო, მან ფანტასტიკური ჩოგბურთი ითამაშა, – ეს უკვე ლეგენდარული მათს ვილანდერის სიტყვებია, რომელიც თავისსავე გადაცემაში წარმოთქვა და დასძინა, – ასე თუ გააგრძელა ის ჩოგბურთის ლიდერებს მალე შეავიწროვებს…