სულ ცოტაც და ჩვენი ქვეყნის უპირველესი საფეხბურთო გუნდი მორიგ ევროპულ ოდისეას დაიწყებს. უეფას ახალი ფორმატიდან გამომდინარე, პირველ ეტაპზე ყაზახების, ლატვიელებისა და ანდორის დაჩაგვრა გვმართებს.
6 სექტემბერს ევროპირველობის ფინალურ ეტაპზე მოხვედრაზე ოცნებას საქართველო სწორედ ყაზახებთან სტუმრობით იწყებს და სამ დღეში ლატვიას უმასპინძლებს. ვლადიმირ ვაისმა საუკეთესო ქართველებს უხმო. სულ რჩეული ბიჭებია, საკუთარ კლუბებში სეზონი წარმატებით რომ დაიწყეს, მაგრამ ყოველთვის არსებობს „მაგრამ“…
ვაისის განკარგულებაში 12 ქვეყანაში (მეკარეების გარეშე) მიმოფანტული ქართველების ერთ გუნდად შესაკრავად სულ ორი დღეა. 3 და 4 სექტემბერს გუნდი სამშობლოში ივარჯიშებს, 5 სექტემბერს კი ყაზახეთში მიფრინავს. რა უნდა მოასწროს ვაისმა ორ დღეში? მიზეზთა გამო, გუნდის რამდენიმე ლიდერმა (ოქრიაშვილი, მჭედლიძე) ბოლო ამხანაგურები გამოტოვა. არადა, სკამზე მათ დატოვებას ვაისს ვერავინ გაუგებს.
ჰოდა, საიდანღა შეთამაშება? საიდან გუნდურობა? ისევ ინდივიდუალიზმის ამარად ვრჩებით. ნურც იმას მეტყვით, რომ ვაისმა ყველა ლეგიონერი (მთელი გუნდი) კლუბებში ნახა და მონახაზიც შეადგინა.
ნებისმიერ „პატარა“ ნაკრებს, რომელიც დიდ წარმატებას აღწევდა, აუცილებლად ჰყავდა საბაზო გუნდი, რომლის შიგნით დამუშავებული კავშირები ნაკრების თამაშში საფუძვლად იდებოდა. ხორვატები ხომ არ გაგახსენდათ? ევროპაში მიმოფანტულების კარიერას გადახედეთ და ძალიან ხშირად ზაგრების „დინამო“ ამოტივტივდება.
ესპანეთის ნაკრები და „ბარსა“ და „რეალი“ ვთქვათ? გერმანია და „ბაიერნი“? ინგლისი და „ტოტენჰემი“? არ გვყავს საბაზო გუნდი (არადა, გვყავდა).
სულ სამი წყვილი გვყავს, ერთ გუნდში რომ თამაშობს: კაშია-ყაზაიშვილი (სან-ხოსე), კანკავა-კვეკვესკირი (ტობოლი) და ჩაკვეტაძე-ქვილითაია (გენტი). არ კმარა. წარმატებულ თამაშს ფეხბურთელების უსიტყვოდ ურთიერთგაგება უნდა. ორ დღეში ეს ვერ მიიღწევა და არც ვაისია კოპერფილდი.
„ლივერპულში“ მისულმა იურგენ კლოპმა გუნდი სამკუთხედებად დაყო და ამ სამკუთხედების შიდა ურთიერთქმედება გუნდურ თამაშს სარჩულად გამოაკერა. თუ ყველა სამკუთხედი გამართულია, მათი ურთიერთქმედება მხოლოდ ტექნიკის და სამწვრთნელო ჩანაფიქრის ამბავია.
საქართველოს ნაკრებს მეზარბაზნენი… კი არა და, არც სამკუთხედები და არც საბაზო გუნდი ჰყავს. ჩვენი იმედი მხოლოდ ჩვენი ბიჭების ოსტატობა და ჟინია.
მეიმედება, რომ ყაზახეთს და ლატვიას ვეყოფით. გაკვეთილი ასეთი მატჩებიდან კი არა, ქართული ფეხბურთის განვითარების სტრატეგიული გეგმიდან უნდა გამოვიტანოთ.
ყაზახეთი და ლატვია – 6 ქულა! ყველაფრის მიუხედავად შეგვიძლია! მერე ვნახოთ.