მთავარი ამოცანა სობოსლაისთვის ფუნქციის შერჩევა იყო

მთავარი ამოცანა სობოსლაისთვის ფუნქციის შერჩევა იყო

უნგრული საიტი nemzetisport.hu თავის მიმოხილვას ასე იწყებს: რომელი გუნდი შეძლებს გოლის გატანას? უნგრეთისა და საქართველოს ნაკრებთა ერთალიგური შეხვედრის წინ მთავარი კითხვა ეს იყო, რადგან მანამდე ორ უკრაინასთან და ჩრდილოეთ ირლანდიასთან არც ერთს ჰქონდა გატანილი და არც მეორეს. თითქმის სავსე „პუშკაშ არენაზე“ შეკრებილი გულშემატკივარი იმედოვნებდა, რომ ნავსს უნგრეთი გატეხდა, მეტოქეს დაამარცხებდა და ცხრილში აღმასვლას დაიწყებდა.

პირველ ორ ტურში, უკრაინასთან და ჩრდილოეთ ირლანდიასთან უნგრელებმა 30-ჯერ დაარტყეს კარის მიმართულებით, მაგრამ რაოდენობა ხარისხს არ ნიშნავდა. დაშავებული ბარნაბას ვარგას სხვა თავდამსხმელით შეცვლა ძალიან რთული გამოდგა. ორივე შეხვედრაში გუნდი დიდხანს ფლობდა ინიციატივას, ბურთს ათამაშებდა, მაგრამ სარგებელს ვერ ნახულობდა: ბურთი თავდამსხმელებამდე ვერ მიდიოდა, მეტოქის მცველების ზურგსუკან არავინ იხსნებოდა, იკარგებოდა სიმწვავე.

ქართველების წინააღმდეგ ყველაზე საინტერესო ის იყო, მოძებნა თუ არა მარკო როსიმ გზა, როგორ გარდაქმნას ტერიტორიული უპირატესობა სახიფათო მომენტებად. გამოსავლის ძიებაში სამწვრთნელო შტაბმა დომინიკ სობოსლაი ნახევარდაცვაში დაწია, დაახლოებით ექვსი ნომრის როლი მიანიჭა და ანდრას შაფერის მეწყვილედ დააყენა. ეს იყო პასუხის ძიება კითხვაზე: რომელ პოზიციაზე ავლენს უნგრელთა კაპიტანი ძლიერი მხარეებს უკეთ? წინა ორი თამაშის გამოცდილების გათვალისწინებით ამჯერად გადაწყდა, რომ ის ბურთს უფრო უკან, შესაძლოა ცენტრალური მცველების ხაზზე მიიღებდა და იქიდან მიუტანდა თავდამსხმელებს.

მწვრთნელმა სხვა ცვლილებებიც განახორციელა: მარჯვენა მცველის პოზიციაზე დაშავებულ ბენდეგუზ ბოლას ნაცვლად ატილა ოშვატი ათამაშა, ალექს ტოტი ნახევარდაცვაში დააყენა, მილან ტოტი ცენტრალურ თავდამსხმელად (რის გამოც დანიელ ლუკაჩი მარჯვენა ფრთაზე გადავიდა), მარცხნივ კი შოლტ ნადი დადგა.

შემდეგ პორტალი აღწერს თამაშს, თუმცა შიგადაშიგ ხაზს უსვამს ზოგიერთ გარემოებას. მაგალითად, კითხულობს, თუ რატომ აწოდებდნენ უნგრელები ასე ხშირად ფლანგებიდან საჯარიმოში, როდესაც იქ ქართველი მცველები ბურთს ელოდნენ და სიმაღლეში უპირატესობაც ჰქონდათ. და მაინც, შეხვედრის ერთადერთი გოლი მასპინძლებმა სწორედ თავური დარტყმით შეაგდეს. ეს 35-ე წუთზე მილოშ კერკეზმა გააკეთა.

„დიდებული იყო იმის ნახვაც, რომ უნგრელებმა პსჟ-ს ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია ფაქტობრივად მთლიანად გამოთიშეს თამაშიდან – ის მარცხნიდან მოქმედებდა, მაგრამ წინ ვერ მიდიოდა“, – წერს საიტი.

მიმოხილვაში ყურადღება გამახვილებულია იმაზეც, რომ მარკო როსიმ მე-80 წუთზე დომინიკ სობოსლაი შეცვალა, რაც Transfermarkt-ის თანახმად ოფიციალურ შეხვედრაში 2022 წლის 26 სექტემბერის შემდეგ არ მომხდარა. მოგვიანებით უნგრელთა მწვრთნელმა აღნიშნა, რომ მეტისმეტი დატვირთვის გამო ლივერპულელს კუნთის კრუნჩხვები დაეწყო.

ამრიგად, უნგრეთმა შინ მნიშვნელოვანი შეხვედრა მოიგო, მშობლიური კედლების უპირატესობა ერთი წლის შემდეგ როგორც იქნა კვლავ სამ ქულაში გარდასახა.

მომდევნო შეხვედრას დომინიკ სობოსლაი და მისი გუნდი ორშაბათს ითამაშებს, საქართველო კი ბელფასტში ჩრდილოეთ ირლანდიას შეხვდება.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.