გააგდებენ მანჩესტერ სიტის პრემიერლიგიდან?

გააგდებენ მანჩესტერ სიტის პრემიერლიგიდან?

„მანჩესტერ სიტი“ შარშია, ფინანსური წესების დარღვევისთვის პრემიერლიგიდან დაქვეითება ემუქრება, თუმცა შარში არიან ფეხბურთელებიც: დიდი ალბათობით ერლინგ ჰოლანდსა და მის თანაგუნდელებს კონტრაქტებში არ აქვთ პუნქტი, რომლის თანახმადაც „სიტის“ ლიგიდან მოკვეთის შემთხვევაში თავს უშველიან, კლუბს დატოვებენ. მათ შეუძლიათ „სიტის“ წინააღმდეგ სამართლებრივი დავა დაიწყონ. თეორიულად ალბათ ისიც შეუძლიათ, რომ გუნდი დატოვონ და კონკურენტებს სრულიად უფასოდ შეუერთდნენ.

ადვოკატმა პოლ გილროიმ პოდკასტში Stick to Football განაცხადა: „მოთამაშეს შეუძლია თქვას, რომ კლუბმა ნდობისა და ორმხრივი პატივისცემის პირობა დაარღვია და კონტრაქტი უბრალოდ დახიოს. ეს ნამდვილად შესაძლებელია. წავიკითხე მოსაზრებები, თითქოს ასეთი რამ ნაკლებად სავარაუდოა — მაგრამ ვინ როგორ მოიქცევა ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. რას ეტყვის კლუბი ფეხბურთელებს დახურულ კარს მიღმა? როგორ მოაგვარებენ საკითხს ფინანსურად?“

სასამართლოში ჩივილის სრული უფლება აქვთ იმ ინგლისურ კლუბებსაც, რომლებიც ჩათვლიან, რომ „სიტის“ ფინანსური თაღლითობა რომ არა, ჩემპიონები ისინი გახდებოდნენ.

ვითარება გაურკვეველია. „ქალაქელების“ უძვირესი შენაძენი ენცო ფერნანდესი მაგალითად ირწმუნება, რომ „ეტიჰედზე“ თავს შინ გრძნობს. „ჩელსის“ ყოფილმა ვარსკვლავმა  მანჩესტერელთა გამამტყუნებელ ვერდიქტამდე საკლუბო ჟურნალს განუცხადა: „მინდა მადლობა გადავუხადო გულშემატკივრებს ასეთი დახვედრისთვის. თავს ისე ვგრძნობ, როგორც საკუთარ სახლში, ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია. „მანჩესტერ სიტიში“ ძლიერი ფეხბურთელები თამაშობენ და დარწმუნებული ვარ, ერთად დიდ წარმატებას მივაღწევთ“.

ამჟამად დიდი წარმატება უკვე ნაკლებად სავარაუდო ჩანს, თუმცა ფერნანდესმა დასძინა: „ჩვენ თამაშით უნდა მივიღოთ სიამოვნება, რადგან ეს ყველაზე მნიშვნელოვანია“.

ადვოკატმა გილროიმ თავის მხრივ გააფრთხილა ის კლუბებიც, რომლებიც საკითხის სწრაფად გადაჭრას ელიან. მისი თქმით პროცესი შესაძლოა ხუთ წელსაც კი გაჭიანურდეს. ასე რომ ნუ ვიჩქარებთ.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.