იმ დღეს, როდესაც „მანჩესტერ სიტიმ” ბრაიტონში ლამაზ-ლამაზი გოლებით 4:1 მოიგო და ზედიზედ მეორედ გახდა ინგლისის ჩემპიონი, „მანჩესტერ იუნაიტედმა” შინ, ლეგენდარულ „ოლდ ტრეფორდზე” „კარდიფ სიტისთან” 0:2 წააგო და პრემიერლიგის საბოლოო ცხრილში მე-6 ადგილზე დამკვიდრდა. ორ მანჩესტერულ გუნდს შორის 32 ქულიანი განსხვავება ჩაიწერა, რაც „სიტისადმი” ტრადიციულად ირონიული „იუნაიტედისთვის” იოლი შესაგუებელი არ უნდა იყოს.
„კარდიფთან” მწარე მარცხის შემდეგ მანჩესტერელთა ფრანგ ვარსკვლავს — ერთი მხრივ გუნდის ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშეს, ხოლო მეორე მხრივ სკანდალებისა და სავარაუდოდ პრობლემების წყაროს — პოლ პოგბას გულშემატკივრებთან მოუვიდა შელაპარაკება. უფრო სწორად კი ლანძღვა-გინების მოსმენა მოუხდა.
წელსზემოთ შიშველი მსოფლიოს ჩემპიონი გამოსათხოვარი ტაშის კვრით გასახდელისკენ მიეშურებოდა, როდესაც ერთ-ერთმა ახლოს მდგომმა გულშემატკივარმა ოლე გუნარ სულშერს დაუძახა, ეგ კაცი გუნდიდან გააგდეო. პოგბამ ეს გაიგო, დამძახებელს ჯერ ნაწყენი თუ ბრაზიანი სახით უყურა, ხოლო შემდეგ სარკასტულად დაუკრა ტაში, ცერა თითი აღუმართა, ყოჩაღი ხარო და გვირაბში შევიდა.
მეორე ვიდეოზე სხვა ფანი 26 წლის ფრანგს უხეში სიტყვებით უყვირის, აქედან წაეთრიეო: ‘f*** off, You’re f****** s***’
ამ ინგლისური სალანძღავი ფრაზის ქართულად სიტყვასიტყვით თარგმნას აზრი არ აქვს, რადნ ჩვენებურად სისულელე გამოდის.
ნახევარმცველი, რომელმაც გასულ სეზონში 16 გოლი გაიტანა და 11 საგოლე პასი გადააწოდა, ბევრი სხვა განრისხებული გულშემატკივრის ყვირილსაც ისმენდა.
ინტენსიურად წერენ, რომ მის შეძენას ზაფხულში „რეალი” აპირებს, რომელსაც „მანჩესტერ იუნაიტედისა” არ იყოს თავადაც კრიზისული პერიოდი უდგას — კვირას „რეალ სოსიედადთან” სტუმრად 1:3 წააგო.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი21/06/2026 | 23:04საქართველო ლატვიაში გაფრინდა
სიახლეები19/06/2026 | 19:58ულან – ბატორი ჯერ უმედლოდ
სიახლეები16/06/2026 | 20:28ზირა, მონდორფი, ვირტუსი…
აქეთურ-იქითური07/06/2026 | 19:21ბეგის თასი მესამე პლატოს