ლეო მესის დარი ფეხბურთელების ხშირი ინტერვიუებით განებივრებულები ნამდვილად არ ვართ, თუმცა მსოფლიო ჩემპიონატის  დრამატული შესარჩევი კამპანიის შემდეგ პრესასთან უფრო გახსნილები გახდნენ. ლეომ კი TyC Sports-ს მისცა ინტერვიუ, რომლის თარგმანსაც აქვე გთვაზობთ…

ეკვადორთან გადამწყვეტ შესარჩევ მატჩში მესიმ ჰეთ თრიქი შეასრულა

არგენტინის ნაკრების შესარჩევი ციკლის შესახებ

ჩვენ მეტი ვიწვალეთ, ვიდრე საჭირო იყო. ადრე დავიჯერეთ, თითქოს მუნდიალზე უკვე გასულები ვიყავით. ეჭვი არ გვეპარებოდა, რომ შინ პერუს და ვენესუელას მოვუგებდით, საეკვადოროდ კი ყველაფერი მოგვარებული გვექნებოდა. მაგრამ, როცა ეკვადორთანაც ვმარცხდებოდით, თავში ათასი ცუდი აზრი მიტრიალებდა. საბედნიეროდ, სიგიჟემდე აღარ მივედით, ყველაფერი კარგად დამთავრდა და მსოფლიო ჩემპიონატის საგზური მოვიპოვეთ (ეკვადორს არგენტინამ საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო მატჩში მესის ჰეთ-თრიქით 3:1 მოუგო).

სხვა ნაკრებების შესახებ

ჯგუფურ ეტაპზე ესპანეთთან შეხვედრას არ ვისურვებდი. ძალიან რთული მეტოქე იქნება. ესპანეთი, ბრაზილია, გერმანია და საფრანგეთი დღეს ყველაზე ძლიერები არიან.

არგენტინელ ფეხბურთელებზე

უპატივცემულობაა, როცა ამბობენ, თითქოს მე ვადგენ ნაკრების შემადგენლობას. ასეთ დროს თან ვბრაზდები, თან მეცინება. იგუაინი, დი მარია, აგუერო, მასკერანო მსოფლიო კლასის მოთამაშეები არიან და მათ ვერავინ შეკადრებს ზედმეტს. უამრავი ადამიანი ამბობს, თითქოს მე ვათამაშებ მეგობრებს. მაგრამ ისინი ტყუიან. ბოლოს ასეთი ჭორი მაუროს (იკარდი) შესახებ თქვეს, თითქოს მე არ მინდოდა გუნდში მისი აყვანა. არასდროს არავინ ამირჩევია. მე ჩემი გზა მქვს.

სხვა თემებზე

„ჩვენზე ძალიან ჩვენს ოჯახებს სურთ, სანაკრებო დონეზე რაღაც რომ მოვიგოთ“.

„სუარესთან და კუნთან (აგუერო) ყოველთვის სასიამოვნოა ჩაის სმა. საუბარიც საინტერესო გამოდის ხოლმე“.

„სანაკრებო შეკრებების დროს ჩვენს ოთახში (აგუეროსთან ერთად) უკვე მე ვაკონტროლებ პულტს. იმიტომ, რომ ვერ გამიგია, რას აკეთებს კუნი, ვთამაშობთ თუ არა, სულ ტელეფონშია ჩამძვრალი“.

დიბალასთან საუბრის შესახებ

ველაპარაკე დიბალას და მივხვდი, რომ სხვა რამის თქმა უნდოდა. მას არავისთან სჭირდება თავის მართლება (შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსის“ ვარსკვლავმა პაოლო დიბალამ ახლახან თქვა, მსგავსი სათამაშო ამპლუის გამო, მინდორზე ჩემი და მესის ერთად ყოფნა რთული იქნებაო).