ვინაიდან კორონავირუსით გამოწვეული უფულობის გამო ახლანდელი შემადგენლობის შენარჩუნება და პლუს გუნდის გაძლიერება არ ხერხდება, „მანჩესტერ იუნაიტედს” მავანთა გაყიდვა და ახლების შეძენა ნავაჭრი ფულით მოუწევს.
როგორც ჩანს, ერთ-ერთი პირველი, ვისაც ხეირიანი შემოთავაზების შემთხვევაში გაყიდვა არ ასცდება, ფრანგი მსოფლიოს ჩემპიონი პოლ პოგბაა.
მანჩესტერელთა ვიცე-თავმჯდომარემ ედ ვუდვორდმა ორიოდ დღის წინ თქვა, რომ პანდემიამ ფეხბურთის კლუბებს, მათ შორის „იუნაიტედსაც”, სატრანსფერო ფული შეუკვეცა და გეგმები შეაცვლევინა, მაგრამ მწვრთნელ ოლე გუნარ სულშერს მაინც სურს „დორტმუნდიდან” ახალგაზრდა ინგლისელი ვარსკვლავის ჯეიდონ სანჩოს გადაბირება. ნორვეგიელს აგრეთვე „ასტონ ვილას” გამორჩეული მოთამაშის ჯეკ გრილიშის ყიდვა უნდა, ასე რომ „ოლდ ტრეფორდზე” რაღაც არის მოსაფიქრებელი.
ერთადერთი, ვის ყიდვაზეც სულშერმა ხელი აიღო, „ტოტენჰემ ჰოთსპურის” ვარსკვლავი ჰარი კეინია — ეს, მეტისმეტი ფუფუნება მოუვიდოდა.
მოკლედ, დადგა პოლ პოგბას გაყიდვის საკითხი. პოგბასთან ერთად კი გასაყიდად, სავარაუდოდ, კრის სმოლინგსაც გაიყვანენ.
შემდეგ მოდიან გასაყიდები: მარკოს როხო, ჯესი ლინგარდი და ანდრეას პერეირა. მათი გაშვება-დატოვების საკითხს უკვე მოთხოვნა და მყიდველის კონკრეტული წინადადება გადაწყვეტს.
არადა, სანამ მსოფლიოს კორონა შემოუტევდა, სულშერს გუნდის გაძლიერების დიდი გეგმები ჰქონდა. ფრთებზე ზემოხსენებული გრილიშისა და ლესტერელი ჯეიმს მედისონის დაყენება უნდოდა, დაცვის გასამყარებლად კი „იუვენტუსისგან” მატეის დე ლიხტის წამოყვანას ლამობდა, რადგან იცოდა, რომ ჰოლანდიელი ტურინულ კლუბს მაინცდამაინც ვერ შეეგუა.
პოგბას, რომელიც „მანჩესტერ იუნაიტედმა” 2016 წელს „იუვენტუსისგან” 89 მილიონ გირვანქად დაიბრუნა, კონტრაქტის თანახმად „ოლდ ტრეფორდზე” კიდევ ერთი წელიწადი აქვს დარჩენილი.
„მანჩესტერ იუნაიტედის” დირექტორატი სულშერს აგრეთვე აუცილებლად შეახსენებს, რომ მან იანვარში, ბრუნო ფერნადეშში უკვე გადაიხადა გვარიანი თანხა, 47 მილიონი გირვანქა.