ოცდამეცხრამეტე დაბადების დღემდე ერთი კვირით ადრე ლეო მესიმ არგენტინის ნაკრების შემადგენლობაში მეორასე შეხვედრა ჩაატარა და მსოფლიოს ჩემპიონატებში თავისი პირველი ჰეთ-თრიკი შეასრულა. „ოქროს ბურთის“ რვაგზის ლაურეატს ახლა მუნდიალებზე 16 გოლი აქვს გატანილი რაც იმას ნიშნავს, რომ გერმანელ მიროსლავ კლოზეს რეკორდი ერთპიროვნულად აღარ ეკუთვნის. და კიდევ, მესი გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც კარიერაში მსოფლიოს მეექვსე ჩემპიონატში მიიღო მონაწილეობა.
მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა კანზას სიტიში ალჟირის ნაკრებს 3:0 მოუგო. „ალბისელესტეს“ მიზანია დაიცვას ტიტული, რაც აქამდე მხოლოდ ორმა გუნდმა მოახერხა. და კიდევ, არგენტინელებმა მსოფლიოს ჩემპიონის რანგში პირველად მოიგეს მუნდიალის პირველი შეხვედრა ― 1982 და 1990 წლებში მათ ბელგიასთან და კამერუნთან 0:1 წააგეს.
ალჟირთან გამარჯვების გმირი გახლდათ ლეო მესი, რომელმაც მე-17 წუთზე საუცხოო დარტყმით გახსნა ანგარიში. მას ბურთი „ინტერ მაიამიში“ თანაგუნდელმა როდრიგო დე პაულმა მიაწოდა, მაგრამ მთავარი დარტყმა იყო, რომლის შემდეგაც ბურთი ლეგენდარული ზინედინ ზიდანის ვაჟის ლუკა ზიდანის კარში შევარდა.
სხვათა შორის, პირველად მესიმ მე-5 წუთზე შეაგდო ბურთი კარში, მაგრამ ოფსაიდში ყოფილა და გოლი არ ჩაითვალა. სამ წუთში გაიტანა ალჟირმაც, რომელიც იმავე მიზეზით არ გაუქმდა.

მესისთან დაკავშირებით იყო ერთი ეპიზოდიც, როდესაც მან აისა მანდისთვის ბურთის წართმევა სცადა და უკნიდან წვივზე დააბიჯა ფეხი, რისთვისაც სხვა ფეხბურთელს ყვითელ ბარათს ამოუღებდნენ, მაგრამ არგენტინელთა კაპიტანი ავტორიტეტმა იხსნა.
მსოფლიოს ჩემპიონებმა მეორე გოლი 60-ე წუთზე გაიტანეს ― ზიდანმა საჯარიმოს გარედან დარტყმული ბურთი ხელში ვერ შეიმაგრა მესიმ კი ახლოდან დაამატა. 76-ე წუთზე მესიმ კიდევ ერთი ჩინებული დარტყმა შეასრულა. იმას, საგოლე პასის ავტორს (ნიკოლას გონსალესი) არც ამ შემთხვევაში ჰქონდა მნიშვნელობა.
არგენტინელებს შემდეგი მატჩები აქვთ 22 ივნისს ავსტრიასა და 28 ივნისს იორდანიასთან.
ავტორის პროფილი
- კობა ინასარიძე–ანი ინასარიძის და ექსკლუზიური მასალების მამა. ხშირად შემჩნეულია ქართულ ფეხბურთში არსებული განუკითხაობისა და არაპროფესიონალიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. დელიკატესებიდან უყვარს "სარბიელი", ლუდი და გერმანიის ნაკრები.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური29/07/2026 | 16:52პსჟ როდრის, როდრი – რეალს…
მთავარი ამბავი05/07/2026 | 22:39გამოუშვით ესპანეთი
მთავარი ამბავი22/06/2026 | 23:40დიდებული!
მთავარი ამბავი17/06/2026 | 09:12მესი! მესი! მესი!
