დაგვიანება ამერიკული მოვლენაა?

დაგვიანება ამერიკული მოვლენაა?

„წყლის შესვენებისა“ და ჩვეულებრივზე მეტი წამატებული წუთის გამო მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშები იწელება და ეს ლოგიკურია, მაგრამ გაუგებარია რატომ დაიწყო ბევრი შეხვედრა დანიშნულ დროზე გვიან. BBC დააკვირდა, რომ ჰაიტისა და შოტლანდიის თამაში 2 წუთითა და 42 წამით გვიან დაიწყო, ბრაზილია-მაროკო 4 წუთითა და 27 წამით გვიან, ყატარისა და შვეიცარიის შეხვედრაში მსაჯმა 4 წუთითა და 53 წამით გვიან ჩასტვინა, ხოლო ყველაზე დიდი დაგვიანება მექსიკასა და სამხრეთ აფრიკას შორის გახსნის მატჩის წინ დაფიქსირდა – 6 წუთი.

ბრიტანული მაუწყებელი ამბობს, რომ კვირამდე შეხვედრების დაწყება საშუალოდ სამი წუთით გვიანდებოდა. რით შეიძლება აიხსნას ასეთი გადახრა? ფიფას რეგულაცია მკაცრი და საყოველთაოა, მაგრამ მსოფლიო ფეხბურთის მმართველ ორგანიზაციას ჯერჯერობით არაფერი განუმარტავს.

არის ეჭვი, რომ დაგვიანებას ნაწილობრივ ახალი ცერემონიალი, მოედანზე უზარმაზარი დროშების გაშლა და ჰიმნებზე თითო გუნდიდან არა 11 არამედ ოცდაექვსივე მოთამაშის გამოსვლა იწვევს. თან ახალი ცერემონიალი რომ უფრო მეტ დროს მოითხოვს ყველას არ ესმის. მაგალითად ჰაიტის ნაკრებს, რომელიც ორგანიზატორების ხვეწნა-მუდარის მიუხედავად გასახდელიდან წუთნახევრით გვიან გამოვიდა.

SOCCER-WORLDCUP-SWE-TUN/

კიდევ ერთი ახსნა ის არის, რომ ჩემპიონატს სამი ქვეყანა მასპინძლობს ანუ პირველ დღეებში სამი გახსნის ცერემონიალი იყო.

BBC წერს, რომ სპორტული შეჯიბრებების დაგვიანებით დაწყება აშშ-ში ჩვეულებრივი ამბავია. ბოლო წლებში NBA-ს მატჩები დროულად ფაქტობრივად არასდროს იწყება.  იგივე პრობლემა აქვს NFL-ს. მიზეზი: გაწელილი მატჩისწინა რეკლამები. სავარაუდოდ იგივე ხდება ფეხბურთელთა მსოფლიოს ჩემპიონატზეც.

მექსიკისა და სამხრეთ აფრიკის შეხვედრაში მეორე ტაიმის „წყლის შესვენება“ 40 წამით მეტხანს გაგრძელდა. მიზეზი ისევ რეკლამა იყო, რომელიც ამ დროს Fox Sports-ზე გადიოდა. სრულიად შესაძლებელია, რომ მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატზე დაყოვნებები ამერიკული ტელევიზიების გამო ხდება.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.