თურმე ესპანელებს პირველი თამაში არ ეხერხებათ

თურმე ესპანელებს პირველი თამაში არ ეხერხებათ

ესპანეთის ნაკრები კაპე ვერდესთან 0:0 დამთავრებულ შეხვედრაში აღმაფრენას ეძებდა, ხალხი კი ლამინ იამალის გამოსვლას ითხოვდა. ევროპის ჩემპიონს მომენტები ჰქონდა ― ოცდაშვიდჯერ დაარტყა კარისკენ, აქედან შვიდჯერ კარში, მოსალოდნელი გოლების კოეფიციენტი 2.29-ს უდრიდა, მაგრამ… საბოლოოდ „ლა როხას“ კარგად ორგანიზებულ კონცხელებთან მაინც გაუჭირდა. ესპანელებმა ვერაფერი გააწყეს 40 წლის მეკარე ვოჟინიას წინააღმდეგ, რომელმაც 7 დარტყმა მოიგერია.

ლუის დე ლა ფუენტეს გუნდს სასტარტო შემადგენლობაში ძალიან აკლდა იამალი, რომელიც ატლანტას შტატში ყველგანაა – ბილბორდებზე, ცათამჯენების კედლებზე ილუმინაციის სახით – მაგრამ 70 წუთის განმავლობაში ის მოედანზე არ იყო. თამაშის წინა დღეს მწვრთნელმა თქვა, რომ ბარსელონელი ჯანმრთელადაა, მაგრამ თავიდანვე სათამაშოდ ჯერ მზად არ არის.

2024 წელს, როდესაც ესპანეთი ევროპის ჩემპიონი გახდა მისი თამაში მნიშვნელოვანწილად სწორედ იამალსა და ნიკო ვილიმსზე იყო აწყობილი, წლეულს კი უილიმასი ფორმაში ვერ არის, ხოლო იამალი აპრილის მერე ტრავმას მკურნალობს.

როდესაც ისმებოდა კითხვა, არის თუ არა ესპანეთის ნაკრები 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფავორიტი, მიმომხილველები ამბობდნენ, რომ ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ ითამაშებს გუნდი იამალისა და კარგ ფორმაში მყოფი ვილიმსის გარეშე. კაპე ვერდესთან შეხვედრამ აჩვენა, რომ ამ ორი ფეხბურთელის გარეშე გუნდი შეზღუდულია. „ლა როხამ“ მატჩის განმავლობაში 700 პასი შეასრულა, მაგრამ მეტწილად სიგანეზე.

კაპე ვერდე კი არის მესამე ყველაზე პატარა ქვეყნებს შორის, რომელსაც ოდესმე უთამაშია მსოფლიოს ჩემპიონატზე.

მატჩის შემდეგ დე ლა ფუენტემ თქვა: „როგორც კი ლამინი მოედანზე შევიდა, კაპე ვერდეს თამაში შეიცვალა. დღეს იამალმა მოედანზე იმდენი ხანი დაჰყო, რამდენიც შეეძლო. იმედი გვაქვს, რომ მომავალ შეხვედრაში მეტს შეძლებს“.

სტატისტიკოსები გვახსენებენ, რომ ესპანეთის ნაკრები მუნდიალების პირველ თამაშში ხშირად ხელმოცარული რჩება. 2010 წელს ის შვეიცარიასთან 0:1 დამარცხდა, მაგრამ მერე ჩემპიონი გახდა. 2014 წელს „ლა როხა“ ნიდერლანდებთან განადგურდა 1:5, ხოლო 2018 წელს პორტუგალიასთან 3:3 ითამაშა.

სხვანაირი გამოვიდა მატჩი 2022 წელს კოსტა რიკასთან, რომელიც ესპანელებმა 7:0 მოიგეს.

ძველ ამბებსაც თუ გავიხსენებთ, „ლა როხამ“ პირველ შეხვედრაში მხოლოდ სამჯერ გაიმარჯვა 1934 წელს ბრაზილიასთან, 2002 წელს სლოვენიასთან და 2006 წელს უკრაინასთან.

რასაკვირველია, კაპო ვერდესთან ფრე ესპანელებს ვერ შეაშინებს, მაგრამ ფაქტია, რომ ამ ჩემპიონატში გერმანიამ კურასაოს 7:0, შვედეთმა ტუნისს 5:1, ხოლო აშშ-მ პარაგვაის 4:1 მოუგო. დე ლაფუენტეს გუნდისგანაც ალბათ ამას ელოდნენ.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.