ძმები ჩარლზების ბენეფისი თბილისში

ძმები ჩარლზების ბენეფისი თბილისში

ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრებმა ერთა ლიგაში სტუმრად პირველი გამარჯვება მოიპოვა: 1:0. აქ არ არის ლაპარაკი პირველ გამარჯვებაზე მიმდინარე გათამაშებაში, აქ ლაპარაკია იმაზე, რომ ამ გუნდს ერთა ლიგის შეხვედრა სტუმრად არასდროს მოეგო და ისტორიაში პირველად ეს თბილისში, საქართველოს ნაკრებთან გააკეთა. საერთოდ, ყველა შეჯიბრებაში, ჩრდილოეთ ირლანდიას სტუმრად 2024 წლის ოქტომბრის მერე არ ჰქონდა მოგებული.

ჩრდილოეთ ირლანდიელთა ბანაკში განსაკუთრებით ჩარლზების ოჯახმა იზეიმა: 65-ე წუთზე უმცროსმა ძმამ პირსიმ ხვიჩა კვარაცხელიას პენალტი აუღო, 90+9 წუთზე კი უფროსმა შეამ ტექნიკური დარტყმით გამარჯვების გოლი შეაგდო.

მეკარე ჩარლზმა კიდევ ორ ეპიზოდში გამოიჩინა თავი: ერთხელ ოთარ კიტეიშვილის და მეორედ, კიდევ უფრო ეფექტურად, ჟორჟ მიქაუტაძის დარტყმული მოიგერია.

თავის მიმოხილვაში ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი BBC წერს, რომ ჩრდილოეთ ირლანდიელთა მწვრთნელმა მაიკლ ონილმა, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატის დღეებში ფიფას მიერ შექმნილ შემსწავლელ ჯგუფში შედიოდა, თავის დროზე ცალკეული ფეხბურთელების ინდივიდუალურ ოსტატობას გაუსვა ხაზი და თქვა, რომ მუნდიალზე ბევრი შეხვედრის ბედი სწორედ ერთმა მოთამაშემ გადაწყვიტა. BBC წერს, რომ თუკი თბილისში მატჩის ბედი ვინმეს უნდა გადაეწყვიტა ეს „პარი სენ ჟერმენის“ ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია იქნებოდა, მაგრამ პირველ ტაიმში ის თავისუფალი ზონების ძიებით იყო დაკავებული და შეუმჩნეველი დარჩა. შესვენების შემდეგ „ოქროს ბურთის“  25 წლის კანდიდატი გაცილებით გააქტიურდა, მაგრამ… თამაშის დამთავრებამდე 25 წუთით ადრე სწორედ მან ვერ გაიტანა თერთმეტმეტრიანი დარტყმა.

სამაგიეროდ თავი გამოიჩინა ჩრდილოეთ ირლანდიელთა გუნდის ყველაზე ძვირადღირებულმა ფეხბურთელმა, რომლის თამაშსაც ონილმა „კოლოსალური“ უწოდა. შეა ჩარლზი, რომელიც „ფულემმა“ ამ ზაფხულს 30 მილიონ გირვანქა სტერლინგად იყიდა ესთეტურად მოთამაშე ფეხბურთელის ჯილდოს სავარაუდოდ ვერასდროს მიიღებს (შედარებაა ხვიჩა კვარაცხელიასთან), მაგრამ ის მთელი მატჩის განმავლობაში სტოვებდა სწორედ იმ კაცის შთაბეჭდილებას, რომელიც ამ შეხვედრაში გოლს გაიტანდა.

BBC ვარაუდობს, რომ ონილი მისი ფეხბურთელების დაცვაში თამაშით უნდა დარჩენილიყო კმაყოფილი. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ სამ ცენტრალური მცველი დენიელ ბალარდი, კიარონ ბრაუნი და ტომ ატჩენსონი ადრე ერთად არასდროს ყოფილან მოედანზე.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.