რატომ არ ათამაშა ლუის ენრიკემ კვარა და დუე?

რატომ არ ათამაშა ლუის ენრიკემ კვარა და დუე?

ჩემპიონთა ლიგის ახალი გათამაშება „პარი სენ ჟერმენმა“ შთამბეჭდავად დაიწყო – ზედიზედ ოთხ ოფიციალურ შეხვედრაში ხელის მოცარვის შემდეგ ბრატისლავას „სლოვანი“ 6:1 გაანადგურა. ამ გამარჯვებამ გააქარწყლა ზოგიერთი კითხვა, რომელიც სეზონის არც მთლად ეფექტურმა სტარტმა გააჩინა. კარგად ითამაშეს ცალკეულმა ფეხბურთელებმაც. მაგალითად, ოსმან დემბელემ ორი გოლი შეაგდო და ორი საგოლე პასი შეასრულა; ახალწვეულმა ფერან ტორესმა ჰეთ-თრიკით დაამტკიცა, რომ მაღალი კლასის თავდამსხმელი და სწორი შენაძენია. შეხვედრის განმავლობაში პარიზელებმა „სლოვანის“ კარისკენ 35-ჯერ დაარტყეს, რომელთაგან 14 დარტყმა კარის ჩარჩოში მოხვდა.

პსჟ თამაშობდა მაღალ პრესინგს, მოწინააღმდეგეს მისავე საჯარიმოსთან ართმევდა ბურთს და სახიფათო მომენტებს ქმნიდა. ფრანგული მედია აღნიშნავს პარიზული გუნდის შემადგენლობაში დრო ფერნანდესის ეფექტურ დებიუტს ჩემპიონთა ლიგაში (გასულ სეზონში როდესაც ფერნანდესი პსჟ-ში გადავიდა ჩემპიონთა ლიგაში „ბარსელონას“ მაისურით უკვე ნათამაშევი ჰქონდა და მხოლოდ ლიგა 1-ის შეხვედრებში მიიღო მონაწილეობა). ყურადღება მიიპყრო მაგნეს აკლიუშის მუხლჩაუხრელმა მუშაობამ და სხვა.

ფერან ტორესს პსჟ-თან შესაგუებლად დრო არ დასჭირვებია

თუმცა, ჟურნალისტებს არ გამოჰპარვიათ ძალიან საყურადღებო ფაქტი: ლუის ენრიკემ „სლოვანთან“ შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელია და დეზირე დუე არ ათამაშა. ესპანელმა მწვრთნელმა მეორე ტაიმში მოედანზე შეუშვა მიკა გოდტსი, ლუკა ერნანდესი, ლუკა დინი, ლუკას ბერალდო და სენი მაიულუ, მაგრამ ორი ვარსკვლავი, რომელთაც გასულ სეზონში პსჟ-ს მიერ ჩემპიონთა ლიგის მოგებაში დიდი როლი ითამაშეს, სკამზე დატოვა. ასეთი რამ ბოლო ორი სეზონის განმავლობაში ათასში ერთხელ თუ მომხდარა და ისიც ძალიან ცხადი მიზეზის გამო.

„ერთადერთი ადამიანი, რომელიც წყვეტს ვინ უნდა ითამაშოს და ვინ არა, მე ვარ. მე ვცადე ამ კონკრეტული შეხვედრისთვის საუკეთესო ფეხბურთელები შემერჩია, თუმცა კვარა და დუე რასაკვირველია საუცხოოები არიან. კვარას „ოქროს ბურთის“ მოგების შანსი აქვს, ისევე როგორც დემბელეს, ვიტინიას და ფაბიანს. ჩემთვის და ჩვენი გულშემატკივრისთვის გუნდში „ოქროს ბურთის“ ამდენი პრეტენდენტის ყოლა ძალიან კარგია“, – თქვა ლუის ენრიკემ მატჩის შემდეგ.

footmercato წერს, რომ დუესა და კვარაცხელიას სკამზე დატოვების ფაქტი ამ ორი ფეხბურთელისთვის მკაფიო მესიჯია: „პარი სენ ჟერმენში“ კონკურენცია კიდევ უფრო გაიზარდა და ყოველ შეხვედრაში ძირითად შემადგენლობაში მოხვედრის გარანტია აღარ არსებობს!

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.