აშშ-ის ღია პირველობაზე ჩოგბურთში, როგორც მამაკაცთა, ასევე ქალთა შორის ორ-ორი ნახევარფინალისტი ცნობილია.
ყველაზე ხმაურიანი ამბავი ის არის, რომ საუკეთესო ოთხეულში ვერ მოხვდა ესპანელი კარლოს ალკარასი, ვისაც ეს ტურნირი ორჯერ აქვს მოგებული. აქედან ერთი – შარშან. კარლოტო მეოთხედფინალში, მოულოდნელად მასპინძელ ბენ შელტონთან 7:6; 1:6; 3:6; 6:1; 7:6 დამარცხდა.
ფინალში ერთი ამერიკელი აუცილებლად ითამაშებს, რადგან შელტონის მეტოქე მისივე თანამემამულე ფრენსის ტიაფო იქნება. მეოთხედფინალში მან კიდევ ერთ ამერიკელს მოუგო. არადა, ალექს მიკელსენთან საწყისი ორი სეტი წააგო, რის შემდეგ ზედიზედ სამი მოიგო – 5:7; 3:6; 7:5; 6:3; 7:6.
ნახევარფინალში გასასვლელად კიდევ ორი წყვილი იბრძოლებს: პირველ ნომრად განთესილი გერმანელი ალექსანდრ ზვერევი ნიდერლანდელ ბოტიკ ვან დე ზანდშულპს გაეჯიბრება, ხოლო ნეიტრალური ქვეყნის სახელით მოთამაშე კარენ ხაჩანოვის მეტოქე ბელგიელი ალექსანდრ ბლოკხი იქნება.

ქალთა შორის პირველი ნახევარფინალი ბელარუს არინა საბალენკასა და ამერიკელ ჯესიკა პეგულას შორის გაიმართება. პირველ ნომრად განთესილმა საბალენკამ „უიმბლდონის“ მომგებ ჩეხ ლინდა ნოსკოვას 7:6; 3:6; 7:6 აჯობა. აღსანიშნავია, რომ საბალენკა ზედიზედ მეექვსედ გავიდა აშშ-ის ღიას ნახევარფინალში და ამ მაჩვენებლით მხოლოდ კრის ევერტსა (16) და შტეფი გრაფს (7) ჩამორჩება.
პეგულამ კი თანამემამულე ემა ნავარო 3:6, 6:4, 6:3 დაამარცხა.
ნახევარფინალში გასვლას ასევე შეეცდებიან: ელენა რიბაკინა (ყაზახეთი) – ქინვენ ჟენგი (ჩინეთი) და მირა ანდრეევა – კოკო გაუფი (აშშ).
ავტორის პროფილი
- გერმანელების დიდი გულშემატკივარი. მისი დღეები მოწყენილობით სავსე იქნებოდა, რომ არ არსებობდეს პაულანერი და ფრანც ბეკენბაუერი.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური09/09/2026 | 15:41ამერიკა ალკარასის გარეშე
სიახლეები06/09/2026 | 19:48ფროზინონემ კვერნაძის გოლით მოიგო [VIDEO]…
სიახლეები06/09/2026 | 16:09ქართული გოლები – ბუდუ, გიზი, ოთარი და ირაკლი [VIDEO]…
სიახლეები30/08/2026 | 00:50იბერია – სტარტი ბელგიაში, ფინიში ჩეხეთში…
