„ფრანს ფუტბოლის“ მიერ ნომინირებულ 30 ფეხბურთელს შორის ერთადერთი ხვიჩა კვარაცხელიაა, რომელსაც მსოფლიოს ჩემპიონატზე არ უთამაშია. მიზეზი: საქართველოს ნაკრებმა ვერ გადალახა შესარჩევი ეტაპი. „ეკიპის“ თქმით, ეს საინტერესო შემთხვევაა, მაგრამ ასეთი რამ პირველად არ ხდება.
2023 წელს შორტ-ლისტში მოხვედრილ 30 ფეხბურთელს შორის ყატარის მსოფლიოს ჩემპიონატზე შვიდს არ ჰქონდა ნათამაშევი. მაშინ ფრანგმა ქარიმ ბენზემამ მუნდიალის წინ ტრავმა მიიღო. მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერ მოხვდნენ ვიქტორ ოსიმენის, მოჰამედ სალაჰის, ნიკოლო ბარელას, მარტინ ოდეგორისა და ერლინგ ჰოლანდის ნაკრებები.

ჰოლანდმა „მანჩესტერ სიტის“ შემადგენლობაში მოიგო ჩემპიონთა ლიგა, პრემიერლიგა და ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის თასი, მაგრამ ეს საუკეთესო ფეხბურთელობისთვის არ ეყო და „ფრანს ფუტბოლის“ გამოკითხვაში ლეო მესის შემდეგ მეორე ადგილზე გავიდა.
კიდევ უფრო ადრე, 2018-ში ასეთსავე მდგომარეობაში იყო სამი ფეხბურთელი. ზემოთ უკვე ნახსენებმა ბენზემამ საფრანგეთის ნაკრების ტრიუმფს შორიდან უყურა, რადგან ნაკრებიდან მოკვეთილი გახლდათ. მუნდიალში მონაწილეობა ვერ მიიღეს ბენზემას უელსელმა თანაგუნდელმა გარეთ ბეილმა და „ატლეტიკოს“ სლოვენიელმა მეკარემ იან ობლაკმა – მათი ქვეყნის ნაკრებები მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერ მოხვდნენ.
2014 წელს „ფრანს ფუტბოლი“ გამოკითხვას ფიფასთან ერთად ატარებდა. მაშინ მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი ვერ გადალახეს ზლატან იბრაჰიმოვიჩის შვედეთმა და ზემოთ ხსენებული ბეილის უელსმა. იმხანად შორტ-ლისტში 23 ფეხბურთელი შედიოდა.
2006 წელს კი შორტ ლისტი ჯერ კიდევ 50 ფეხბურთელისგან შედგებოდა და „ფრანს ფუტბოლმა“ ნომინანტთა სიაში ერთადერთი სამუელ ეტოო შეიყვანა, რომელსაც მსოფლიოს ჩემპიონატზე არ ჰქონდა ნათამაშები. არადა კამერუნელს „ბარსელონას“ შემადგენლობაში მოგებული ჰქონდა ესპანეთის ჩემპიონის ტიტული, ჩემპიონთა ლიგა და 26 გოლით ბომბარდირთა შორის პირველიც იყო. ეტოომ „ფრანს ფუტბოლის“ გამოკითხვაში იმ წელიწადს მეექვსე ადგილი მიიღო.
„ეკიპი წერს“ რომ კვარაცხელიას ეტოოსთან შედარებით ერთი უპირატესობა აქვს – ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.
„ვნახოთ, დაიკავებს თუ არა ქართველი მეექვსეზე მაღალ ადგილს“, – წერს ფრანგული გაზეთი.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი26/10/2026 | 11:53მბაპეც პალადიუმში იქნება, იამალიც და კეინიც
სიახლეები26/10/2026 | 09:18საკონტინეტთაშორისო თასი დოჰაში გაიმართება
აქეთურ-იქითური25/10/2026 | 10:11კომპანი საავადმყოფოში ცხოვრების წესმა მოახვედრა
აქეთურ-იქითური25/10/2026 | 08:56სატრანსფერო ამბები: ვის საით მიუწევს გული?
