სიურპრიზი სერ ალექსისთვის

Home აქეთურ-იქითური სიურპრიზი სერ ალექსისთვის

გუშინ, როდესაც სერ ალექს ფერგიუსონი საშობაო სადილად ქალაქ მანჩესტერის ახალ, მოდურ რესტორან The Ivy-ს მიადგა, თურმე შესასვლელთან სიურპრიზი ელოდა. სიურპიზს ერქვა პოლ სქოულზი, გარი ნევილი, ნიკი ბათი და რაიან გიგზი — მისი დიდი გუნდის დიდი ვარსკვლავები.

ეს ოთხი ფეხბურთელი „მანჩესტერ იუნაიტედის” ლეგენდარულმა მწვრთნელმა იმ ბავშვების გუნდიდან აიყვანა, მერე „კლასი 92″ რომ შეარქვეს. ბიჭები (თუ ყოფილი ბიჭები, ახლა კი უკვე დიდი ძიები, რაც ყველაზე მეტად გამელოტებულ ნიკი ბათზე ითქმის) მწვრთნელს 10 წუთი გარეთ ელოდნენ — გაუგიათ როდის აპირებდა რესტორანში მისვლას და ცოტა ადრე შეიკრიბნენ.

იმ ქართველებს, ვინც მანჩესტერში არ ვართ, რა (და რომც ვიყოთ უმრავლესობას მაინც, რა), მაგრამ ბარემ ვთქვათ, რომ ეს The Ivy ანუ ჩვენებურად „სურო” რესტორნების ქსელია, რომელიც  ინგლისელ სელებრითებსა და მდიდრებს შორის ძალიან პოპულარულია. მანჩესტერში პირველი The Ivy 27 ნოემბერს გახსნეს. ის 535 სტუმარზეა გათვლილი. პირველ სართულზე კუპეებია.

76 წლის ფერგიუსონს ეგონა, რომ მარტო, რამდენიმე ახლობელთან ერთად მიდიოდა სასადილოდ.

შეგახსენებთ, რომ ინგლისური ფეხბურთის შოტლანდიელ ლეგენდას ზაფხულში ინსულტი მოუვიდა, რომელსაც წარმატებით მოერია და სტადიონის ტრიბუნასაც დაუბრუნდა, მაგრამ სულ ახლახან, ექიმებმა ტელევიზიით დაინახეს, რომ ფერგი „იუნაიტედის” ზედიზედ სამ თამაშს დაესწრო, მათ შორის ერთს სტუმრად და მეოთხეზე მისვლა აუკრძალეს.

იმედია სერ ალექსი The Ivy-ში ცდუნებას გაუძლებდა და ერთ კარგ სქოჩს არ გადაკრავდა.

ავტორის პროფილი

ირაკლი ნინიძე
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...