FIFA-მ ონლაინ-რეჟიმში წლის საუკეთესოები დაასახელა და ლაურეატები მწვრთნელების, კაპიტნებისა, ჟურნალისტებისა და გულშემატკივრების გამოკითხვის შედეგად აარჩია.

საქართველოდან მონაწილეობა „სარბიელმა“ მიიღო, რომელმაც ტრადიციულად, საუკეთესო ფეხბურთელის, მწვრთნელისა და მეკარის არჩევის უფლება ჰქონდა.

წლის საუკეთესო ფეხბურთელი მიუნხენის „ბაიერნის“ პოლონელი შემტევი რობერტ ლევანდოვსკი გახდა, რომელმაც პრიზისთვის ბრძოლა ტურინის „იუვენტუსის“ ფორვარდ კრიშტიანუ რონალდუსა და „ბარსელონას“ კაპიტან ლეო მესის მოუგო.

აღსანიშნავია, რომ მიუხედავად ონლაინ-ფორმატისა, FIFA-ს პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო, ლევანდოვკისთვის კუთვნილი ჯილდო გადასაცემად, სპეციალურად ჩავიდა მიუნხენში,

2020 წელს ლევანდოვსკი ჩემპიონთა ლიგისა და გერმანიის ბუნდესლიგის გამარჯვებული გახდა. ასევე მოიგო გერმანიის თასი. გახდა როგორც ბუნდესლიგის, ასევე ჩემპიონთა ლიგის ბომბარდირი.

ზედიზედ მეორედ წლის საუკეთესო მწვრთნელად „ლივერპულის“ გერმანელი თავკაცი იურგენ კლოპი დასახელდა. კლოპმა თანამემამულე ჰანს დიტერ ფლიკს (ბაიერნი) და მარსელო ბიელსას (ლიდსი) აჯობა.

საუკეთესო მეკარედ გერმანიის ნაკრებისა და მიუნხენის „ბაიერნის“ კიპერი მანუელ ნოიერი დასახელდა. გერმანელმა კონკურენციას ლივერპულელი ალისონ ბეკერი და მადრიდის „ატლეტიკოს“ კოლეგა იან ობლაკს უწევდნენ.

შეგახსენებთ, რომ ნოიერი 2020 წელს ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული, ასევე გერმანიის ჩემპიონი და თასის მფლობელი გახდა.

საუკეთესო ქალი ფეხბურთელი ლუსი ბრონზია (მანჩესტერ სიტი). ფინალურ სამეულში ასევე იყვნენ პერნილ ჰარდერი (ჩელსი), ვენდი რენარი (ლიონი).

საუკეთესო ქალი მეკარე ლიონელი სარა ბუჰადი გახდა, ვინაც კრისტიანე ენდლერსა (პსჟ) და ალისა ნეერზე (ჩიკაგო რედ სტარსი) მეტი ხმა მიიღო.

ქალთა ფეხბურთში საუკეთესო მწვრთნელად ნიდერლანდელი სარინა ვიგმანი მიიჩნიეს. პრიზისთვის ასევე ემა ჰაიესი (ჩელსი) და ჟან-ლუკ ვასოუ (ლიონი) იბრძოდნენ.

ფერენც პუშკაშის პრემიის ლაურეატი და წლის საუკეთესო გოლის ავტორი „ტოტენჰემის“ ვინგერი მინ ჰინ სონია, რომელმაც 2019 წლის 7 დეკემბერს „ბარნლის“ გაუტანა.

კორეელის გოლი ჯორჯიან დე არასკაეტასა და ლუის სუარესს გატანილ ბურთებს ამჯობინეს.

საინტერესო ფაქტია, რომ 2020 წლის სიმბოლურ ნაკრებში ვერ მოხვდა წლის საუკეთესო მეკარე:

მეკარე: ალისონ ბეკერი;

მცველები: ვირჯილ ვან დაიკი, ტრენტ ალეკსანდერ-არნოლდი (ორივე ლივერპული), ალფონსო დევისი (ბაიერნი), სერხიო რამოსი (რეალი);

ნახევარმცველები: ჯოშუა კიმიხი (ბაიერნი), კევინ დე ბრუინი (მანჩესტერ სიტი), ტიაგო ალკანტარა (ბარსელონა, ლივერპული);

თავდამსხმელები: რობერტ ლევანდოვსკი, ლეო მესი, კრიშტიანუ რონალდუ.

„სარბიელის“ რჩეულები იყვნენ: კრიშტიანუ რონალდუ, მანუელ ნოიერი, ჰანს დიტერ ფლიკი