დაბერდა!

დაბერდა!

ასაკი ასე არავის დასტყობია. „ოქროს ბურთის“ ხუთგზის ლაურეატმა, 41 წლის კრიშტიანუ რონალდუმ მსოფლიოს ჩემპიონატზე დიდი მიზნები დაისახა, მაგრამ ორგანიზმი აღარ ემორჩილება, რაც პორტუგალიისა და კონგოს შეხვედრაში (1:1) თვალნათლივ გამოჩნდა. ორ მცველს ახსელ ტუანზებესა და შანსელ მბემბას შორის ჩაკარგული თავდამსხმელი სრულიად უკბილო ფეხბურთს თამაშობდა.

– გქონდათ თუ არა რონალდუს საწინააღმდეგო კონკრეტული გეგმა? – ჰკითხეს მატჩის შემდეგ „ლილის“ ნახევარმცველს, ბელგიაში დაბადებულ-გაზრდილ კონგოელ ნგალაიელ მუკაუს.

„გულწრფელად გიპასუხებთ, ასეთი არაფერი გვქონია. ჩვენ უბრალოდ ვიცოდით, რომ ის ძველებურად ვეღარ თამაშობს. ზოგადად კი, რასაკვირველია ის მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია“, – იყო მტკივნეული, მაგრამ სწორი პასუხი.

ტიერი ანრიმ FOX-თვის მიცემულ ინტერვიუში რონალდუს თავკერძობას გაუსვა ხაზი. ლეგენდარულმა ფრანგმა თქვა: „მნიშვნელოვანია, გოლი გუნდმა გაიტანოს, შენ კი არა. რონალდუს ისე უნდოდა გატანა, რომ ბრუნო ფერნანდეშის პოზიციასაც კი იკავებდა და თანაგუნდელს ავიწროვებდა. მოწინააღმდეგისთვის ყოველთვის იოლია, როდესაც ერთ პოზიციაზე ორი ფეხბურთელი დგას. ეს პირადად ჩემი აზრი გახლავთ. შენ კი არა, გუნდმა უნდა გაიტანოს“.

გადაცემაში ანრიმ თვალსაჩინოებისთვის მოიტანა რამდენიმე ეპიზოდი, როდესც რონალდუს მონდომება გუნდისთვის საზიანო იყო. ფრანგის აზრით ერთი ფეხბურთელის გარშემო აგებული სქემა ყოველთვის არასწორია.

საერთაშორისო მედია კი რონალდუსა და მესის დაპირისპირებას დაუბრუნდა და ერთხამდ აღნიშნა, რომ პორტუგალიელმა უხარისხოდ ითამაშა და კრიტიკოსები ვერ გააჩუმა. 41 წლის თავდამსხმელი 38 წლის მესიმ ალჟირთან წინა დღის დიდებული თამაშითა და ჰეთ-თრიკით გადაფარა.

რონალდუსა და მესის დაპირისპირება მსოფლიო ფეხბურთში კვლავ აქტუალურია, თუმცა დიდი ალბათობით მისი ბოლო ეპიზოდის მოწმენი ვართ.

„რონალდუ მესის ჩრდილშია. მსოფლიოს ჩემპიონატზე მისი პირველი გამოსვლა სრული იმედგაცრუება იყო“, – დაწერა „დეილი მეილმა“.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.