ხუთშაბათს ლეო მესის ოჯახმა განაცხადა, რომ ვარსკვლავის მამას ჯანმრთელობის პრობლემა აქვს.
„ამ ეტაპზე ის სამედიცინო ზედამხედველობის ქვეშ არის, მიმდინარეობს გამოჯანმრთელების პროცესი. მისი მდგომარეობის კვალობაზე შედეგი დადებითია“, – წერია განცხადებაში.
მედია იხსენებს, რომ ალჟირთან შეხვედრაში, როდესაც პირველი გოლი გაიტანა მესის ცრემლი მოადგა. მატჩი დამთავრდა 3:0. სამივე გოლი „ოქროს ბურთის“ რვაგზის მფლობელმა გაიტანა.

არგენტინის ნაკრების 38 წლის კაპიტანმა მსოფლიოს ჩემპიონატებზე თავისი მე-16 გოლი შეაგდო ანუ გაიმეორა გერმანელი მიროსლავ კლოზეს რეკორდი, რომელსაც ალბათ გააუმჯობესებს.
მატჩის შემდეგ მესიმ ჟურნალისტების კითხვას უპასუხა: „რატომ ვტიროდი? ამას ფეხბურთთან კავშირი არ აქვს. რთული დღეები მქონდა. მთელი დელეგაციის და თანაგუნდელების მადლობელი ვარ. ისინი ყოველთვის გვერდში მიდგანან და მაძლიერებენ, რთული პერიოდის გადატანაში მეხმარებიან“.
მესის ოჯახმა ხორხე მესის ჯანმრთელობის მდგომარეობას ნათელი მოჰფინა, თუმცა არც უკმაყოფილება დაუმალავს: „ბოლო საათებში გავრცელებული ჭორების გამო გვინდა გამოვხატოთ დიდი უკმაყოფილება, რადგან ვგრძნობთ სიფრთხილისა და პატივისცემის ნაკლებობას იმ ხალხისგან, რომელიც ვერ გრძნობს, რომ ოჯახის პირად საქმეში არ უნდა ჩაერიოს. აგრეთვე გვინდა დავაზუსტოთ, რომ ზუსტ ინფორმაციას ხორხეს მდგომარეობის შესახებ მხოლოდ მისი უახლოესი ნათესავები ფლობენ. ამიტომ, ნებისმიერი ვერსია, განცხადება ან ინფორმაცია, რომელიც უშუალოდ ოჯახისგან და მისი ოფიციალური არხებიდან არ მოდის სიმართლედ და სანდოდ არ უნდა ჩაითვალოს“.
შემდეგ ოჯახმა ხალხს თანაგრძნობისკენ მოუწოდა და დაწერა, რომ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა უპასუხისმგებლო მედიის ინტერესის საგნად არ უნდა იქცეს.
არგენტინის ნაკრები შემდეგ თამაშს 22 ივნისს საქართველოს დროით 21 საათზე ავსტრალიასთან გამართავს, ხოლო 29 ივნისს „ალბისელესტეს“ დილის 6 საათზე იორდანიის ნაკრებთან უწევს შეხვედრა.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი19/06/2026 | 08:45მესის მამა ჰყოლია ცუდად
აქეთურ-იქითური19/06/2026 | 07:35ჰოლანდი მანჰატენზე თავისუფლად დადიოდა
აქეთურ-იქითური18/06/2026 | 10:34დაბერდა!
მთავარი ამბავი18/06/2026 | 09:41ტუხელმა ფეხბურთელებს დაუღრინა, ინგლისმა მოიგო!
