ფრე ჩრდილოირლანდიური გადმოსახედიდან

ფრე ჩრდილოირლანდიური გადმოსახედიდან

ჩრდილოეთ ირლანდია ის ქვეყანაა, რომლის ფეხბურთელთა ნაკრებმაც ერთა ლიგაში პირველი 9 ქულა… 17 შეხვედრაში მოიპოვა. ამას BBC წერს. და აი, ამ გუნდმა 11 დღეში ჩატარებულ ოთხ მატჩში 8 ქულა დააგროვა.

ის, რომ მაიკლ ონილის ახალგაზრდულ გუნდს მადა აღეძრა და პრეტენზია გაუჩნდა ძალიან ნათლად გამოჩნდა ბელფასტის „უინძორ პარკზე“, სადაც საქართველოს ვერ-დამარცხების გამო (0:0) ხალხი ტრიბუნებს უკმაყოფილო ტოვებდა.

მასპინძელთათვის ყველაზე დიდი იმედგაცრუება 83-ე წუთზე აიზეკ პრაისის მიერ პენალტის ვერ-გატანა იყო – დარტყმა გიორგი მამარდაშვილმა მოიგერია. საბოლოოდ, შინ ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრებმა უგოლო ფრე ითამაშა, ისევე როგორც გასულ კვირაში უნგრეთთან.

მასპინძლებს სხვა მომენტებიც ჰქონდათ: პადი კელიმ და ჯოშ მაგენისმა ხელსაყრელი მომენტები გაუშვეს ხელიდან, რუაირი მაკკონვილმა კი პენალტის დანიშვნამდე რამდენიმე წამით ადრე ხარიხას მოარტყა ბურთი. მატჩის დამთავრების შემდეგ მაგენისმა BBC-ს უთხრა, რომ შედეგით ძალიან გაწბილებულია.

და მაინც, BBC-ს მიმომხილველი ჯონათან ბრედლი წერს, რომ როდესაც მტვერი დაჯდება გამოჩნდება, რომ 11-დღიანი მონაკვეთით ჩრდილოეთ ირლანდია კმაყოფილი უნდა იყოს. ორი კვირის წინ გუნდს ერთა B ლიგაში ერთი თამაშიც კი არ ჰქონდა მოგებული. მეტიც, ყველა ლიგაში ერთად სტუმრად ერთხელაც არ მოეგო. ამიტომ, საქართველოში და უკრაინასთან (სლოვაკეთში) გამარჯვება წინ გადადგმულ უზარმაზარ ნაბიჯად უნდა ჩაითვალოს. მითუფრო, რომ გუნდის საშუალო ასაკი 22 წელზე ქვემოთაა. პლუს, ჩრდილოეთ ირლანდიელებმა უკრაინას არც მეტი არც ნაკლები 3:0 მოუგეს.

სტატისტიკა მეტყველებს იმასაც, რომ სექტემბერ-ოქტომბრის ოთხ შეხვედრაში ონილის ბიჭებმა გოლი არ გაუშვეს.

„რთული შეკრება იყო. ძალიან განსხვავებული იმისგან, რაც აქამდე გამოგვიცდია. ვფიქრობ, კარგად გავართვით თავი“, – თქვა მატჩის შემდეგ „ფულემის“ ნახევარმცველმა შეა ჩარლზმა, რომელმაც BBC-ს აზრით ამ შეხვედრებში სანდერლენდელ ტრემ ჰიუმთან ერთად პრემიერლიგის დონე აჩვენა.

სტატიაში ხაზგასმულია, რომ ოთხთამაშიანმა შეკრებამ ევროპელ მწვრთნელებს საფიქრალი გაუჩინა. გერმანელმა იურგენ კლოპმა მაგალითად ორი სხვადასხვა შემადგენლობა გამოიყენა, უკრაინამ კი მეორე შეხვედრაში პირველთან შედარებით 10 ფეხბურთელი შეცვალა, ხოლო მესამეში, რომელიც ჩრდილოეთ ირლანდიასთან წააგო, 9 მოთამაშე შეცვალა. მათგან განსხვავებით ონილმა სასტარტო შემადგენლობაში მხოლოდ 15 კაცი გამოიყენა, ისიც ორი ცვლილება იძულებითი იყო – ბალარდი თბილისში დაშავდა, გალბრეითს კი შვილი გაუჩნდა და შინ გაემგზავრა. და მაინც, ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრებმა კარგი ფეხბურთი აჩვენა.

„რაც ნაკრების მწვრთნელი ვარ ჩემთვის ეს იყო ერთ-ერთი საუკეთესო შეკრება. ამის მიზეზი ფეხბურთელები არიან. ან როგორ მიუდგნენ საქმეს, ან როგორ მოინდომეს… ჩვენ ფეხბურთელების ბრწყინვალე ჯგუფი გვყავს და ბევრი მათგანი ნაკრებში დიდხანს ითამაშებს“, – თქვა ონილმა.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.