ფხაკაძის პირველი

ფხაკაძის პირველი

ვიდრე საფრანგეთის პრო დ2-ში 1-კვირიანი პაუზა გამოცხადდა, ტოპ 14-ში მე-5 ტური შედგა, ხოლო ინგლისის პრემიერშიპმა მეორე ტურის მატჩები ჩაატარა.

ტოპ 14

საქართველოს ნაკრების კანდიდატად მოაზრებულმა ლაშა ფხაკაძემ ტოპ 14-ში პირველი ლელო გაიტანა. ევროპის საკლუბო ჩემპიონ „ბორდოს“ 22 წლის მარცხენა ბურჯი ხსენებულ ლიგაში პირველ სეზონს ატარებს და თავის მესამე მატჩში ლელოების ანგარიშიც გახსნა. „ლიონთან“ საშინაო მატჩის 38-ე წუთზე, სტუმართა 5-მეტრა წყვეტილთან დანიშნული შერკინება ფხაკაძემ მეტოქის დაჩაგვრით დაასრულა, ხოლო შემდგომ რაქში იაქტიურა და თავისი დიდი ფიზიკური ძალის ხარჯზე ბურთიც ლელოში გადადო. ლაშამ პირველი ტაიმი სრულად ჩაატარა, ხოლო მისმა „ბორდომ“ 51:28 იმარჯვა და ბონუსის დამატებით 5 ქულა აიღო, რის ხარჯზეც ცხრილში ჯამური 15 ქულით მე-4 ადგილზე დამკვიდრდა.

ლიდერი კი კვლავაც „ტულუზია“, რომელმაც ამ ჯერზე ურთულესი გამარჯვება ლევან ჩილაჩავას „კასტრთან“ სტუმრობისას მოიპოვა – 8:7. მოქმედი ჩემპიონი 19 ქულით ცხრილის სათავეში დარჩა.

ერთით ნაკლები – 18 „პოს“ ანგარიშზეა, რომელმაც ასევე გასვლაზე და არანაკლებ მძიმე მატჩში მოიპოვა თავისი წილი 4 ქულა. აუტსაიდერმა „ვანმა“ ბასკებს თითქმის არაფერი დაუთმო, შედეგად კი სეზონში პირველი ქულა ნუგეშ-ბონუსის სახით მიიღო – 40:43.

„პოს“ ჩვეულად ბექა გორგაძემ უკაპიტნა, რომელმაც სეზონში პირველად ითამაშა 8 ნომრის პოზიციაზე და მოედანზე 80-ვე წუთი დაჰყო, მატჩის შემდეგ კი ვანელ ბავშვებთან სელფებიც გადაიღო და ავტოგრაფებიც ბლომად დაარიგა. ლექსო ყაულაშვილი 48-ეზე შეიცვალა, მანამდე კი ვეტერანმა ბურჯმა 10 წუთი სინბინში გაატარა, თანაც ეს ყვითელი ბარათი უკვე მე-3 წუთზე „აიკიდა“.

მე-5 ადგილზე 14 ქულით „მონპელიე“ დადგა, რომელმაც „ტულონს“ ბონუსით მოუგო, თანაც მშრალი ანგარიშით – 28:0. „ტულონი“ ახალ სეზონში ძალზე წარუმატებლად გამოდის და გასავარდნი პლეი-ოფის ნიშნულზე, მე-13 ადგილზეა. მიშო შიოშვილმა მის შემადგენლობაში ბოლო 26 წუთი გაატარა, ხოლო ლუკა ჯაფარიძემ მონპელიელთა სასტარტოში 65-ემდე ითამაშა.

და რაც ყველაზე სასიამოვნო იყო, ბორჯღალოსანთა კაპიტანმა დავით ნინიაშვილმა მცირე ტრავმა მოირჩინა, „ლა როშელს“ 13 ნომრის ამპლუაში მოევლინა და მისი შესანიშნავი თამაშის დახმარებით ბისკაისპირელებმა სოლიდური გამარჯვება იზეიმეს – შინ „კლერმონს“ ბონუსით მოუგეს – 38:13. „ნინიმ“ შეუცვლელად ითამაშა, სანდრო ქუნთელია თამაშში უკვე 36-ე წუთზე ჩაერთო, ხოლო „ვულკანებში“ გიორგი ძმანაშვილმა საწყისი 56 წუთი გაატარა მინდორზე, გიორგი ახალაძეს კი თამაშში ჩართვა ქუნთელიაზე ადრე – 24-ე წუთზე მოუხდა.

პრემიერშიპი

ლუკა ივანიშვილის „ბრისტოლმა“ ინგლისის ჩემპიონი „ნორთემპტონი“ ბონუსით – 41:26 დაამარცხა და ქულათა მაქსიმუმს მოუყარა თავი, თუმცა „დათვების“ მსგავსად 10-10 ქულა ასევე „გლოსტერმა“ და „ბათმაც“ დააგროვეს. ივანიშვილი ჩემპიონთან შეხვედრაში 61-ე წუთზე ჩაერთო.

ვიცე-ჩემპიონმა „ექსეტერმა“ კი პირიქით, პირველობის მეორე მატჩიც დათმო – 2025 წლის ჩემპიონ „ბათთან“ სტუმრად 34:40 წააგო და 2 ბონუს-ქულა მოიპოვა – 4 და მეტი ლელოსთვისა და 7 ან ნაკლები ქულის სხვაობით წაგებისთვის.

„ექსეტერი“ 3 ქულით ცხრილის მე-8 პოზიციაზეა. ბაჩუკი ჭუმბაძემ პირველი ტურის გაცდენის შემდეგ მეორეში სეზონური დებიუტი აღნიშნა – მარქაფიდან ბოლო 21 წუთი ითამაშა, ხოლო ნიკა აბულაძე ჯერაც ტრავმას იშუშებს.

ავტორის პროფილი

სლავა გასპაროვი
სლავა გასპაროვი - კაცი, რომელმაც თბილისის ყველა ქუჩა და ყველა ჩიხი იცის. ასევე იცის, სად რომელი ნომერი მარშრუტკა და ავტობუსი მიდის. რაც მთავარია, მშვენიერი მოქართულეა.