ერთა B ლიგის მეორე ჯგუფში უნგრეთმა უკრაინას 2:1 მოუგო. შეხვედრა სლოვაკეთში, ტრნავაში გაიმართა. ანგარიში 52-ე წუთზე უნგრელმა მილან ტოტმა გახსნა. 83-ე წუთზე რომან იარემჩუკმა გაათანაბრა, მაგრამ 85-ე წუთზე მარკ ჩინგერმა „სტუმრების“ გამარჯვების გოლი გაიტანა.
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი მარკო როსი: „პირველი თამაშის შემდეგ ვერავინ იფიქრებდა, რომ ჩვენ ოთხი ტურის შემდეგ 7 ქულა გვექნებოდა. დღეს გამარჯვებას უკრაინელები იმსახურებდნენ, ჩვენ კი უბრალოდ გაგვიმართლა. ბუდაპეშტში ყველაფერი პირიქით იყო: ბედმა უკრაინელებს გაუღიმა, ჩვენ კი სამ ქულას ვიმსახურებდით. პირველი ტაიმის შემდეგ შევეცადე ბიჭებისთვის საკუთარი თავის რწმენა ჩამენერგა. შესვენებამდე ნანახზე დაყრდნობით ჩვენს თამაშში ტაქტიკური ცვლილებებიც შევიტანეთ. ამან 15-20 წუთით გაამართლა, მერე კი გოლი გავუშვით. მიზეზი: დავიღალეთ და ძალიან უკან დავიხიეთ. მინდა ბიჭებს გამარჯვება მივულოცო, განსაკუთრებით დომინიკ სობოსლაის, ანდრას შაფერსა და ვილი ორბანს. ორბანის თამაში მატჩის წინ კითხვის ნიშნის ქვეშ იყო. მას ზურგი ტკიოდა, მაგრამ ეს ბიჭები ნაკრებისთვის ყველაზე მეტად თავდადებულები არიან“.

როსიმ აგრეთვე აღნიშნა, რომ უკრაინის ნაკრები ფიზიკური მომზადების თვალსაზრისით ერთ-ერთი უძლიერესთაგანია და მასთან გამკლავება მისი გუნდის წარმატებად უნდა ჩაითვალოს. მწვრთნელმა შეაქო გამარჯვების გოლის ავტორი მარკ ჩინგერიც:
„მან დიდებულად ითამაშა. ჩვენ ფეხბურთელებს ნაკრებში შემთხვევით არ ვიწვევთ. მათ კარგა ხანს ვაკვირდებით. მარკმა ოთხ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და მატჩიდან მატჩამდე აუმჯობესებდა თამაშს“.
უკრაინის ნაკრების მწვრთნელი ანდრეა მალდერა: „პირველი 30-35 წუთის განმავლობაში ძალიან ინტენსიურად ვმოქმედებდით. თამაშს ვაკონტროლებდით, გოლის გასატანად წინ მივიწევდით. პირველ ტაიმში უნგრელების დარტყმულს ვერც ვიხსენებ. მერე კი დავიღალეთ. ჩვენი ფეხბურთელებიდან ბევრი უკრაინის ჩემპიონატში თამაშობს და ასეთ ტემპს დაჩვეული არ არის. მოედანზე ლიდერი გვაკლდა. ამის მიუხედავად ახალგაზრდა ფეხბურთელებით კმაყოფილი ვარ. უნგრეთის ნაკრებს პატივს ვცემ, მაგრამ მგონი დღეს წაგებას არ ვიმსახურებდით“.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები06/10/2026 | 08:49უნგრეთს გაუმართლა
მთავარი ამბავი06/10/2026 | 07:50ფრე ჩრდილოირლანდიური გადმოსახედიდან
აქეთურ-იქითური05/10/2026 | 12:21ირლანდია vs ისრაელი: ფურთხება სერბეთში
სიახლეები05/10/2026 | 08:21ბელფასტ ტელეგრაფი: სვანაძეს ჯერ კიდევ იმედი აქვს
