ბელფასტ ტელეგრაფი: სვანაძეს ჯერ კიდევ იმედი აქვს

ბელფასტ ტელეგრაფი: სვანაძეს ჯერ კიდევ იმედი აქვს

მხოლოდ ერთი კვირა გავიდა მას მერე, რაც ჩრდილოეთ ირლანდია საქართველოს თბილისში ეთამაშა, მაგრამ მას მერე სტუმართა გუნდში ბევრი რამ შეიცვალა, – წერს „ბელფასტ ტელეგრაფი“ საქართველოს ეროვნული გუნდის შესახებ. გამოცემა შეგვახსენებს, რომ ის შეხვედრა შეა ჩარლზის მიერ შეხვედრის 90+9 წუთზე გატანილი გოლით ჩრდილოეთ ირლანდიელებმა მოიგეს და ეს ქართველთა ფრანგ მწვრთნელს ვილი სანიოლს თანამდებობის დატოვებად დაუჯდა. გაზეთი აგრეთვე შეგვახსენებს, რომ ვილი სანიოლი არის სპეციალისტი, რომელმაც საქართველოს ნაკრები 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გაიყვანა, მაგრამ მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი შეჯიბრება ჩააგდო, რის შემდეგაც ქართველთა მოთმინების ფიალა აივსო.

სანიოლის პოსტი 21-წლამდელთა ნაკრების თავკაცმა რამაზ სვანაძემ დაიკავა, მაგრამ პირველმა ორმა მატჩმა გუნდის ბედი დიდად ვერ შეცვალა: 0:0 შინ უკრაინასთან და 0:1 ბუდაპეშტში უნგრეთთან. „ბელფასტ ტელეგრაფი“ წერს, რომ იზრდება ზეწოლა – ჯერ სვანაძეზე არა, მაგრამ ფეხბურთელებზე ნამდვილად. გულშემატკივარი ნაკრებისგან უფრო ხარისხიან თამაშს ითხოვს.

„დღეისათვის მდგომარეობა საკმაოდ რთულია, – თქვა სვანაძემ თარჯიმნის დახმარებით, – მაგრამ ასეთი რაღაცები ფეხბურთში ხდება. ასეთ პერიოდს ადრე თუ გვიან ნებისმიერი გუნდი გადის. მთავარია, რომ გასახდელში ძალიან პოზიტიური ატმოსფეროა. ფეხბურთელები მზად არიან რომ ჩრდილოეთ ირლანდიასთან შეხვედრაში ყველაფერი გაიღონ. მე შემიძლია კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი, რომ ყველაფერს ვიზამთ, რათა ქართველ გულშემატკივარს სიხარულის საბაბი მივცეთ“.

ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრების მეკარეს პირსი ჩარლზს „ოქროს ბურთის“ ნომინანტისთვის ხვიჩა კვარაცხელიასთვის თბილისური შეხვედრის მეორე ტაიმში პენალტი რომ არ აეღო საქართველოს ნაკრების კამპანია შესაძლოა სხვანაირად წარმართულიყო.

სვანაძის ფეხბურთელების კლასში ეჭვის შეტანა არ შეიძლება. მარტო კვარაცხელიაზე არ არის ლაპარაკი. ახალი მწვრთნელის განკარგულებაშია „ვილიარეალის“ თავდამსხმელი ჟორჟ მიქაუტაძე,  „უდინეზეს“ მოთამაშე გიორგი ჩაკვეტაძე და „ლივერპულის“ მეკარე გიორგი მამარდაშვილი. და მაინც, საქართველოს ნაკრებს ჯერ გოლი არ გაუტანია.

„წარსულით ცხოვრება არ მინდა, მაგრამ ვარჯიშებზე მე ვუყურებ ფეხბურთელებს და ვიცი, რომ მათ უკეთ თამაში და უკეთესი შედეგების მიღწევა შეუძლიათ. ჩვენი პრობლემის მნიშვნელობას არავითარ შემთხვევაში არ ვამცირებ, მაგრამ მდგომარეობის გამოსასწორებლად და თამაშის ასაწყობად დრო გვჭირდება“, – თქვა სვანაძემ.

მართალია საქართველოს ნაკრებს ჯგუფში ბოლო ადგილი უკავია და უკრაინასა და უნგრეთს სამი ქულით ჩამორჩება, მაგრამ სვანაძემ ხაზი გაუსვა, რომ რაკი შეხვედრების ნახევარი ჯერ კიდევ წინ არის, მის გუნდს წარმატების შანსი არ დაუკარგავს.

სვანაძე: „შეჯიბრების დამთავრებამდე ჯერ ცხრა ქულაა გასათამაშებელი. მტკიცედ მწამს, რომ ერთა ლიგის ამ გათამაშებაში ჯერ კიდევ გვაქვს ბედის შემოტრიალების შანსი. ძალიან დაბალანსებული ჯგუფია. ჩრდილოეთ ირლანდიის მიერ უკრაინის 3:0 ძლევას თუ არ ჩავთვლით, თითქმის ყველა შეხვედრის ბედი ერთმა გოლმა გადაწყვიტა. ველი, რომ გუნდები ერთმანეთს ქულებს დააკარგინებენ და ჩვენ კიდევ გვექნება ჩვენი სიტყვის თქმის შესაძლებლობა“.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.