ირლანდია vs ისრაელი: ფურთხება სერბეთში

ირლანდია vs ისრაელი: ფურთხება სერბეთში

ირლანდიის და ისრაელის ნაკრები გუნდების შეხვედრა (1:1) დაძაბული გამოდგა, მაგრამ არა მარტო სპორტული თვალსაზრისით. შეხვედრა სერბეთში მაყურებლის გარეშე ჩატარდა და როგორც Irish Times წერს  პირველი ტაიმის დასრულების შემდეგ ისრაელის ნაკრების მავანმა ფეხბურთელმა ირლანდიელთა ფიზიკური მომზადების მწვრთნელს დემიენ დოლის შეაფურთხა. სატელევიზიო ჩანაწერში ფურთხება არ ჩანს, მაგრამ ისმის ხმა: მან მე შემაფურთხა! ეს მაშინ მოხდა, როდესაც გუნდები გასახდელებში შედიოდნენ.

„ამაში ჩარევა არ მინდა, მაგრამ ჩვენსა და ისრაელის ნაკრებს შორის ეს შეხვედრაც ისევე ემოციით სავსე და დაძაბული გამოდგა, როგორც წინა, – თქვა ირლანდიელთა თავკაცმა ჰეიმირ ჰალგრიმსონმა Off The Ball -თან ინტერვიუში, – გავიგე, რომ ვიღაცას მიაფურთხეს, მაგრამ მე პირადად ეს არ დამინახავს. ამ თემაზე ლაპარაკი არც მინდა. ალბათ ფურთხების ინციდენტსაც ისევე განიხილავენ, როგორც სხვა ყველაფერს რაც ორ გუნდს შორის მოხდა. ვფიქრობ ისრაელის ნაკრები პირველივე წუთიდან ცდილობდა ჩვენს დაშინებას, მაგრამ ჩემი ბიჭების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ისინი პროვოკაციებს არ აჰყვნენ. ეს შეხვედრა შეიძლებოდა წითელი და ყვითელი ბარათებით გადავსებულიყო, მაგრამ ჩვენ სიმშვიდე შევინარჩუნეთ და ემოციები ვაკონტროლეთ“.

შეხვედრა რომ მაღალი რისკის იქნებოდა ჯერ კიდევ შაბათს, შეხვედრის წინა დღეს, ჰალგრიმსონის პრეს-კონფერენციის დროს გახდა ნათელი. ჰალგრიმსონმა პრეს კონფერენცია შეწყვიტა და თქვა, რომ ებრაელმა ჟურნალისტებმა მას შეურაცხყოფა მიაყენეს. კერძოდ, ერთმა ჟურნალისტმა მწვრთნელს ირლანდიელი ფეხბურთელების მხრიდან შესაძლო რასისტულ გამოხდომებზე ჰკითხა. პრეს კონფერენცია დაასრულა ირლანდიის ფეხბურთის ფედერაციის საზოგადოებრივ ურთიერთობათა მენეჯერმა კირიან კროულიმ, რომელმაც თქვა, რომ რასიზმთან დაკავშირებული ბრალდება სინამდვილეს არ შეესაბამება.

შემდეგ ითქვა, რომ პირველ შეხვედრაში ისრაელის ნაკრების ქომაგებმა ირლანდიელი თავდამსხმელი ადამ იდაჰი შეურაცხყვეს, რასაც ირლანდიის ფეხბურთის ასოციაცია იძიებს. იმ დღეს ნახევარმცველ ჯეისონ  მოლუმბის მსაჯისთვის უთქვამს, ტრიბუნებს კარგად მოუსმინე რასაც ისინი სკანდირებენ შეურაცხყოფააო.

ისრაელის და ირლანდიის ორივე შეხვედრა ნეიტრალურ მოედანზე ჩატარდა. მხარეები ერთმანეთს თებერვლიდან აკრიტიკებენ, მას მერე რაც კენჭისყრამ ისინი ერთმანეთს შეახვედრა. დაძაბულობის მიზეზი ღაზას სექტორში მიმდინარე სამხედრო მოქმედებებია. ისრაელის ჰიმნის შესრულებისას ირლანდიელმა ფეხბურთელებმა თავები პროტესტის ნიშნად დახარეს. კაპიტნებმა მატჩის წინ ერთმანეთს ხელი არ ჩამოართვეს.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.