ილია ბერიაშვილი: როდესაც შენი ქვეყანა გიყურებს ეს უკვე ფეხბურთზე მეტია

ილია ბერიაშვილი: როდესაც შენი ქვეყანა გიყურებს ეს უკვე ფეხბურთზე მეტია

საქართველოს ნაკრებისა და ბუდაპეშტის მტკ-ს 28 წლის მცველი ილია ბერიაშვილი უნგრეთისა და საქართველოს ეროვნული გუნდების შეხვედრის წინ ადგილობრივი მედიის ინტერესის ობიექტი გახდა. უნგრეთის ლიგაში მას იცნობენ როგორც ხისტ და გუნდისთვის თავდადებულ ფეხბურთელს, თუმცა ინტერვიუ რომელიც ილიას nemzetisport.hu-მ ჩამოართვა ვრცელია და ამ თელაველ კაცზე სრულყოფილ შთაბეჭდილებას გვიქმნის. ვფიქრობთ საუბრის ქართული თარგმანის წაკითხვა ჩვენი მკითხველისთვისაც ძალიან საინტერესო იქნება.

– მოდი დავიწყოთ იმით, რაც ქართულ რესტორანში შესულმა კაცმა აუცილებლად უნდა იცოდეს: როგორ იჭმება ყველაზე პოპულარული ქართული კერძი ხინკალი?

– ხელით. ხინკალს ხელი უნდა მოჰკიდო ზემოდან, მოკბიჩო, ჯერ შესვა მისი წვენი და შემდეგ დანარჩენიც მიირთვა. როდესაც ვინმე დანა-ჩანგალს იღებს, ვხვდებით რომ ის ტურისტია. კიდევ, მე ხინკალს პილპილს ვაყრი. ვფიქრობ, ხინკლის გემო პილპილით უკეთესია.

– ქართულ სამზარეულოში თავს შინაურულად გრძნობთ? არის ისეთი გემო, რომელიც შეგრძნებით სახლში გაბრუნებთ?

– მე მზარეულობაზე მეტად ჭამა მიყვარს. აი, მეუღლე კი კერძებს შესანიშნავად ამზადებს. ის აკეთებს ხაჭაპურს – ერთგვარი ცომეულია ყველით – კუპდარს, რომელიც ხაჭაპურს ჰგავს, ოღონდ ხორციანი კერძია. ეს ყველაფერი ძალიან მომწონს, მაგრამ ყველაფერი რაც ჩამოვთვალე მძიმეა, მათი ჭამა ყოველდღე არ შეიძლება, განსაკუთრებით თამაშის წინ. ადრე ქართველ ფეხბურთელებთან ერთად ყოველ კვირა დავდიოდით რესტორან „ტიფლისოში“, მაგრამ მას მერე, რაც უნგრეთის ლიგაში ერთადერთი ქართველი მე დავრჩი, ამ რესტორანს უფრო იშვიათად ვსტუმრობ. თუმცა, ჩემს უნგრელ თანაგუნდელებსაც მოსწონთ ქართული გემოები და აქ სიამოვნებით ივლიდნენ.

– საქართველოში ადამიანის სუფრასთან მიწვევა რას ნიშნავს?

– ეს ტრადიციაა, რომელიც სტუმართმოყვარეობიდან იღებს სათავეს. ჩვენთვის სუფრა უბრალოდ ჭამაზე და სმაზე მეტია. როდესაც დიდი კამპანია იკრიბება აუცილებლად ირჩევენ ადამიანს, რომელიც ყოველი ახალი ჭიქის შესმის წინ სადღეგრძელოს ამბობს და ვინმეზე ან რამე მნიშვნელოვანზე ლაპარაკობს. შეიძლება ოჯახზე ილაპარაკოს, მეგობრებზე ან ქვეყანაზე. მე კახეთიდან ვარ, კუთხიდან, რომელიც ღვინით არის ცნობილი. ამიტომ ჩვენთან დამკვიდრდა კულტურა, რომელიც აპერატივების დალევას სცილდება.

– რა გახსენდებათ პირველი როდესაც ვამბობთ სიტყვას „სახლი“?

– თელაველი ვარ, ჩემი ოჯახი იქ ცხოვრობს, ამ ქალაქთან უამრავი მოგონება მაკავშირებს ამიტომ პირველად სწორედ მშობლიური ქალაქი მახსენდება. ხშირად ვიხსენებ ბავშვობის მეგობრებს. ჩემს სამეგობროზე უკეთესის წარმოდგენა ძნელია. დილით ვიღვიძებდით და მხოლოდ ერთ რამეზე ვფიქრობდით: სახლიდან როგორ გავსულიყავით და გვეთამაშა. დაბნელებამდე ფეხბურთს ვთამაშობდით, რომ დაბნელდებოდა დამალობანაზე გადავდიოდით. მახსოვს, ერთი ჩემი მეგობარი ძაღლის ხულაშიც კი შეძვრა. ორსაათნახევარი ვეძებდით, ის კი მთელი ამ ხნის განმავლობაში იქ იწვა. ახლა ამაზე მეცინება, მაშინ კი ძალიან გამაბრაზა, რომ ვერ ვიპოვე.

– თქვენს ბავშვობაში საქართველო საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ჯერ კიდევ ეკონომიკურ გასაჭირში იყო. შემდეგ იყო ომი რუსეთთან. ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში როგორ იგრძნობოდა ეს ყველაფერი?

– საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ქვეყნის ფეხზე დაყენება ძნელი იყო, მაგრამ იმ დროისთვის, როდესაც მე რვა თუ ცხრა წელი შემისრულდა, მდგომარეობა რამდენადმე გამოსწორდა. ჩემს ოჯახს სხვებზე მეტად გაუმართლა. პაპაჩემი კარგი დურგალი იყო – რუსეთშიც დადიოდა სამუშაოდ – მამა კი სამხედრო გახლდათ. ის ხშირად არ იყო სახლში. მართალია მდიდრები არასდროს ვყოფილვართ, მაგრამ გაჭირვებაშიც არ გვიცხოვრია.

– რა როლი ითამაშა თქვენს ჩამოყალიბებაში მამათქვენის პროფესიამ?

– მამას ჩემზე უზარმაზარი გავლენა ჰქონდა. ის ჩემთვის გმირი იყო და არა იმიტომ, რომ ოცდაათი წლის განმავლობაში ფორმა ეცვა, არამედ მისი პიროვნების გამო. მე ის შეშინებული არასდროს მინახავს. როდესაც უშიშარ ადამიანთან იზრდები, შენც არაფრის გეშინია. მისით ყოველთვის ვამაყობდი, ბავშვობაშიც და ახლაც. მისით ყოველთვის ვიამაყებ. სკოლაში ჩემი გმირის შესახებ თემის დაწერა რომ ეთხოვათ, არ ვიყოყმანებდი. ზუსტად მეცოდინებოდა ვისზე უნდა დამეწერა.

– არასდროს გიფიქრიათ მის პროფესიას გაჰყოლოდით?

– არასდროს. ეს მასაც არ უნდოდა. მამამ მითხრა, რომ თავად სამშობლოს ღირსეულად ემსახურა, თუმცა არ არის აუცილებელი მისმა შვილმაც იგივე პროფესია აირჩიოს. თუ ოდესმე საქართველოს დავჭირდები, რასაკვირველია დაუყოვნებლივ მის სამსახურში ჩავდგები. ჩემი ფეხბურთელობა კი მამაჩემს თავიდან არ მოსწონდა. ერჩივნა სწავლას გავყოლოდი. განსაკუთრებით ანატომია მიტაცებდა. მაინტერესებდა, როგორ მუშაობს ადამიანის სხეული. ფეხბურთელი რომ არ გავმხდარიყავი, ექიმი გამოვიდოდი. თუმცა ჩემთვის ფეხბურთი ყველაფერზე ათი ნაბიჯით წინ იდგა.

– ეს როგორ წარმოვიდგინოთ?

– თოთხმეტი თუ თხუთმეტი წლის ასაკში კოჭი მოვიტეხე და როდესაც მოედანს დავუბრუნდი ხელადვე კიდევ ერთი მოტეხილობა მივიღე. ამჯერად სხვა ადგილას. ჯამში რვა თვე გამოცდა, რაც იმ ასაკში ძალიან ბევრია , მაგრამ დანებება წამითაც არ მიფიქრია. ახლა რომ ვიხსენებ ვხვდები, რომ ფეხბურთს სხვები სერიოზულად არ ეკიდებოდნენ. სიყმაწვილეში მახსოვს ყოფილა შემთხვევები, როდესაც მოედანზე ცხრანი ან ათნი გავდიოდით. ხანდახან ჩემს მეგობრებს ვეძახდი, რომლებსაც მანამდე ბურთისთვის ფეხი არც ჰქონდათ მირტყმული. ამის მიუხედავად ყოველთვის მწამდა, რომ მიზანს მივაღწევდი.

– თქვენ „თელავთან“ ერთად საოცარი თავგადასავალი გქონდათ, რეგიონული ლიგიდან ეროვნულ ლიგამდე მთელი გზა გაიარეთ.

– მაშინ დაახლოებით 19 წლის ვიყავი. სხვა კლუბმა შემამოწმა და კონტრაქტი შემომთავაზა, მაგრამ სწორედ ამ დროს დამირეკა მეგობარმა და მითხრა, რომ თელავში ახალ გუნდს აკეთებენ, რომელიც ყველაზე ქვედა ლიგიდან იწყებს და ჩემი დახმარება სჭირდებათ. შეიძლება ეს ნაჩქარევი გადაწყვეტილება იყო, მაგრამ შინ დავბრუნდი და პირველივე წელიწადს ერთი საფეხურით მაღლა ავედით. შემდეგ კიდევ ბევრჯერ შევიცვალეთ დივიზიონი და რამდენიმე წელიწადში ეროვნულ ლიგასაც მივაღწიეთ. საკუთარი კარიერის განვითარებასთან ერთად ვხედავდი, თუ როგორ იზრდება ჩემი მშობლიური ქალაქის კლუბი. ამით ძალიან ვამაყობ.

– და თქვენ ძალიან ახალგაზრდა გუნდის ვიცე-კაპიტანი გახდით. ბუნებით ყოველთვის ლიდერი იყავით?

– ალბათ, თუმცა ადრე მე არ ვიყავი ის ფეხბურთელი, რომელიც ხმამაღლა ლაპარაკობს. მე მიყვარს შავი სამუშაო, ორთაბრძოლა, დუელის მოგება. ვფიქრობ, ვისაც ჩემი თამაში უნახავს ეს სიტყვები არ გაუკვირდება. მტკ-ში ვგრძნობ, რომ მეტი თვითკონტროლი მომეთხოვება. აქ საკმაოდ დიდი ხანია ვარ და ზურგზე სერიოზული პასუხისმგებლობა მაწევს.

– დრე თქვით, რომ ვერ ეგუებით, როდესაც ვიღაც 100 პროცენტით არ ინდომებს. რას აკეთებთ ასეთ დროს?

– იმედი მაქვს, რომ ასეთი კაცი გასახდელში ჩემს გვერდით არ მოხვდება. თანაგუნდელები მიყვარს და მათთან ჩხუბი არ მინდა, მაგრამ ხანდახან ახალგაზრდებთან მკაცრადაც უნდა მოიქცე. სიყმაწვილეში გგონია, რომ დრო უსასრულოდ გაქვს, მაგრამ ის სწრაფად გადის. მე მყავდა თანაგუნდელი, რომელსაც თამაშის დროს ვეჩხუბე. ჩვენ ერთმანეთს ვუყვირეთ, შემდეგ კონფლიქტი გასახდელში გაგრძელდა, მაგრამ მერე ერთმანეთს ბოდიში მოვუხადეთ. ეს ფეხბურთია. თერთმეტი კაცი ერთნაირად უნდა ფიქრობდეს, რაც სულაც არ არის ადვილი.

– თქვენ გიცნობენ როგორც ხისტ ცენტრალურ მცველს. სახლშიც ასეთი ხართ?

– მოედანს მიღმა სულ სხვანაირი ვარ, მაგრამ თუ საჭიროა სიმკაცრესაც ვავლენ. მერწმუნეთ, უმიზეზოდ მეტოქეს არასდროს ვურტყამ. უბრალოდ ჩემი თამაშის სტილია ასეთი. ნებისმიერ სიტუაციაში ბოლომდე ვიხარჯები. ყოველთვის სწრაფი ვიყავი და ბრძოლა, ბურთის ხისტი წართმევა მიყვარდა. სხვათა შორის, ახალგაზრდობაში 36 კილომეტრი საათშიც კი განვავითარე. თუმცა უნდა ვთქვა, რომ უნგრეთში რომ ჩამოვედი უფრო ფიცხი ვიყავი. ვარჯიშებზე ყველას ხისტად ვეთამაშებოდი, ბალკანელი ფეხბურთელები კი ასევე მპასუხობდნენ. ეს გიჟური პერიოდი იყო.

– თქვენ უნგრეთში 2023 წელს გადმოხვედით სათამაშოდ. როგორ შეგცვალათ აქაურობამ?

–  ორი წლით ადრე ჩემს „მეზოკოვეშდში“ გადმოსვლაზეც იყო ლაპარაკი, მაგრამ რუსეთში აღმოვჩნდი. შემდეგ ომი დაიწყო და იძულებული გავხდი ჩემი აგენტისთვის გიორგი ოდილაძესთვის დამერეკა. ის უნგრეთში გადმობარგებაში დამეხმარა. მახსოვს, რა რთული პერიოდი მქონდა. დროებით თელავში დავბრუნდი, სადაც ნახევარი წლის განმავლობაში ვფიქრობდი რა გავაკეთე სწორად და რა შემეშალა. რატომ აეწყო ჩემი კარიერა ასე და არა სხვანაირად. შემდეგ მივხვდი, რომ ცხოვრებაში წინ წასასვლელად ხანდახან უკანაც უნდა დაიხიო. მქონდა ყაზახეთში გადასვლის შანსი, მაგრამ ვგრძნობდი, რომ ეს ჩემი გზა არ იყო. თელავში ექვსთვიანი კონტრაქტი ვითხოვე, მინდოდა ფორმაში შევსულიყავი. აგენტმაც მირჩია ფორმა აღმედგინა, ის კი ამასობაში ჩემს ევროპაში დაბრუნებას შეეცდებოდა. ნახევარი წლის მერე მან დამირეკა და მითხრა, რომ უნგრეთში გადმოსვლის ვარიანტი მქონდა. უყოყმანოდ დავთანხმდი.

– თქვენ თითქმის უკვე ოთხი წელიწადია აქ ხართ. რას ნიშნავს უნგრეთი თქვენთვის?

–  ამ ქვეყანამ ჩემს ცხოვრებაში სიმშვიდე დააბრუნა. ოჯახი აქ  შევქმენი, თავს უსაფრთხოდ ვგრძნობ, აქედან შემიძლია ნათესავებს დავეხმარო. თავიდან აქაური გარემო მეუცხოებოდა. საქართველოში ყველა ღონეს ვხმარობთ, რომ ახალჩამოსულმა უცხოელმა თავი გარიყულად არ იგრძნოს, უნგრეთში კი მეტ ყურადღებას იმას აქცევენ, თუ როგორ იქცევა ეს ადამიანი. მოგვიანებით ასეთი მიდგომის არსს მივხვდი. უცხოელისგან აქ მათი ქვეყნისადმი, ადგილობრივი მოსახლეობისადმი და წესებისადმი პატივისცემას ელიან. თუ ნახავენ, რომ პატიოსნად იქცევი და თავი ღირსეულად გიჭირავს, მაშინ ნადვილად დაგაფასებენ.

– სამშობლო გენატრებათ?

– მას მერე რაც ქალიშვილი შემეძინა, ნაკლებად. ის ახლა ერთი წლის და სამი თვისაა. მოკლედ, ბევრი დრო აღარ მაქვს იმაზე საფიქრალად რა მენატრება და რა არა. რასაკვირველია, მშობლებს ხშირად რომ ვხვდებოდე კარგი იქნებოდა. სულ ვცდილობთ ზაფხულში ორი კვირა საქართველოში გავატაროთ, მაგრამ ბუდაპეშტი უკვე ჩვენი ცხოვრების ნაწილია. ჩვენ გვიყვარს ქალაქის ცენტრში, განსაკუთრებით კი საღამოობით პარლამენტის შენობის მიმდებარედ სეირნობა.

– თქვენ „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფანი იყავით. რატომ „იუნაიტედი“?

– მარტივად გიპასუხებთ: ჩემი კერპი ნემანია ვიდიჩია. ჟრუანტელი მივლიდა, როდესაც ვხედავდი, თუ როგორ იბრძოდა ის, მაგალითად „ჩელსისთან“ შეხვედრაში. დღეს ცენტრალური მცველისგან ათი ნომრის დონის პასს ელიან, მე კი მგონია, რომ გუნდს უპირველეს ყოვლისა ნამდვილი მცველი უნდა ჰყავდეს, რომელიც გამარჯვებისთვის თავდადებით თამაშობს.

– ბოლო წლებში ქართული ფეხბურთის აღქმა შეიცვალა. რამ მოიტანა ეს?

– იყო დრო, როდესაც საქართველოში ბევრი ფიქრობდა, რომ ჩვენი ფეხბურთის საქმე დამთავრებულია. თუ ბავშვი იტყოდა, რომ ფეხბურთელობა უნდა, ოჯახი საშინლად განიცდიდა. შემდეგ კი გამოჩნდნენ ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც არიან გიორგი ჩაკვეტაძე, გიორგი არაბიძე, მოგვიანებით კი ხვიჩა კვარაცხელია და მათ ხალხს ფეხბურთის რწმენა დაუბრუნეს. დღეს უკვე ბევრი მაგალითი გვაქვს იმისა, რომ მაღალ დონეზე გაღწევა და თამაში საქართველოდანაც შეიძლება. კვარაცხელია კი უბრალოდ სხვა დონეა.

– ადრე თქვით, რომ ნაკრებში თქვენი ქვეყნის ჯარისკაცი ხართ. რა იგულისხმეთ?

– საკლუბო ფეხბურთი სხვაა. სეზონში ოცდათხუთმეტ-ორმოც შეხვედრას ატარებ, ნაკრებმა კი დიდი-დიდი ათჯერ ითამაშოს. როდესაც გერბიანი მაისური გაცვია, უკრავენ ჰიმნს და იცი, რომ შენი ქვეყანა გიყურებს ეს ფეხბურთზე მეტია. ვინაიდან საზღვარგარეთ ვცხოვრობ, ჩემს ქართულ იდენტობას უფრო მეტად ვუფრთხილდები. სადაც არ უნდა წავიდე ვგრძნობ, რომ ჩემს სამშობლოს წარმოვადგენ. გარშემო მყოფთ საქართველოზე წარმოდგენა იმის მიხედვით უყალიბდებათ, თუ როგორ ვიქცევი და ვმუშაობ მე. თუ მტკ-ში ახალი ქართველი ფეხბურთელი მივა, დარწმუნებული ვარ, რომ მას კარგად მიიღებენ. იმის მიხედვით მოექცევიან, თუ როგორი სახელი დავიმკვიდრე მანამდე მე. ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა, რომელსაც სიამაყით ვკისრულობ.

– ახალგაზრდული გუნდებიდან თქვენი ზოგიერთი თანაგუნდელი ნაკრებში თქვენზე ადრე მოხვდა. გქონიათ ოდესმე შიში, რომ ეროვნულ გუნდში არასდროს გამოგიძახებდნენ?

– ასეთი შიში წუთითაც არ მქონია. ყველას თავისი გზაა აქვს. ხანდახან მეგობრები მეკითხებოდნენ, როგორ მოხდა ამდენი ხანი ნაკრებში რომ არ გამოუძახებიხართო, მე კი ვპასუხობდი, რომ ასე არ ხდება. ნაკრების მწვრთნელს 25 ადგილზე შეიძლება ორასი კანდიდატი ჰყავდეს. ის მათგან ირჩევს იმ ფეხბურთელებს, რომელთაც ენდობა. ვიცოდი, რომ ადრე თუ გვიან ჩემი დროც დადგებოდა. მე ჩემი შრომისმოყვარეობის მწამს და ჩემს მომენტს ველოდები.

– როგორ გამოგიძახეს პირველად?

– ეს იყო მოულოდნელი ზარი. მე და მეუღლე შვებულებას მატრაზე (უნგრეთის მთიანი რეგიონი სადაც ბევრი კურორტია) ვატარებდით, როდესაც დამირეკეს და მითხრეს, რომ ბულგარეთთან შესარჩევ შეხვედრაში მონაწილეობისთვის დაუყოვნებლივ უნდა გამოვცხადებულიყავი. წამით არ მიყოყმანია. ამ მომენტს მთელი ცხოვრება ველოდი.  ოთხ თვეზე ცოტა მეტი რომ გავიდა, 2026 წლის მარტში კიდევ გამომიძახეს. ისრაელის წინააღმდეგ ვითამაშე და ვიგრძენი, რომ ჩემი დებიუტი წარმატებული გამოვიდა. თამაშის წინ ცოტა დაძაბული კი ვიყავი, მაგრამ როდესაც შეხვედრა დაიწყო, ნერვიულობა გაქრა. მთელი მატჩის განმავლობაში იმას ვფიქრობდი, რომ ეს სწორედ ის იყო, რაზეც ბავშვობიდან ვოცნებობდი. ბურთთან ყოველი შეხება, ყოველი მოგებული დუელი სიამოვნებას მგვრიდა.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.