ისინი სამივენი „ოქროს ბურთის“ კანდიდატები არიან. სამივე „პარი სენ ჟერმენის“ ფეხბურთელია: ოსმან დემბელე, ხვიჩა კვარაცხელია და ფაბიან რუისი. The Athletics-მა გადაწყვიტა ინტერვიუზე სამივე ერთად დაესვა. ინტერვიუ პარასკევს ონლაინ გამოქვეყნდა.
საუბარი ფრანგი თანაგუნდელის ოსტატობაზე ლაპარაკით დაიწყო.
„სანამ პარიზში ჩამოვიდოდი ასეთი არაფერი მენახა, – თქვა აღფრთოვანებულმა კვარამ, – ის განსაკუთრებით ნიჭიერია. მას აქვს უნარი ითამაშოს ორივე ფეხით. საოცრად ეხერხება ბურთის კონტროლი, აჩქარება. რომ ჩამოვედი ყველაფერი მოვიგეთ და მე მას ვუთხარი, რომ აქ მისთვის „ოქროს ბურთის“ და ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად ვიყავი ჩამოსული“.
„მან გასულ სეზონში „ოქროს ბურთი“ იმიტომ მოიგო, რომ ოსტატობით, ორივე ფეხით თანაბრად თამაშის უნარით, სისწრაფით და გოლების ალღოთი ყველასგან გამოირჩევა. ის ძალიან გვეხმარება დაცვაში და ეს ნახევარმცველებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია“, – დასძინა მსოფლიოს ჩემპიონმა რუისმა.

თავად დემბელემ კი თავის უნარებზე ლაპარაკისას ესპანელზე იხუმრა: „ორივე ფეხით თამაში ისეთი რამ არის, რაზეც ყველა ფეხბურთელმა, განსაკუთრებით კი ფაბიან რუისმა უნდა იმუშაოს – მას მარტო ერთი ფეხი აქვს. ბავშვობაში მარჯვენა ფეხით უფრო მეხერხებოდა დარტყმა, მაგრამ მარცხენაც კარგი მაქვს. ასე ვარ იმ დღიდან, როდესაც ფეხბურთის თამაში დავიწყე. მას მერე ვცდილობ ეს თვისება შევინარჩუნო. მსურს კარში ერთნაირად ვურტყა როგორც მარჯვენა ასევე მარცხენა ფეხით“.
„თვით ღმრთმაც კი არ იცის რომელი ფეხი უფრო ძლიერი აქვს“, – თქვა თანაგუნდელზე გასული სეზონის ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელმა კვარაცხელიამ, რომელიც ამ სამეულიდან ერთადერთია ვინც მსოფლიოს ჩემპიონატზე არ ყოფილა, რადგან საქართველოს ნაკრებმა შესარჩევი ტურნირი ვერ გადალახა.
„მსოფლიოს ჩემპიონატზე ჩემი თანაგუნდელების თამაშებს ვუყურებდი. ხანდახან ღამეებსაც ვტეხავდი“, – თქვა მან.
ფაბიან რუისს კი არგენტინის ნაკრებთან ფინალი და დაძაბულობა გაახსენეს.
„ფეხბურთს პატარები უყურებენ. ჩვენ მათ ცუდ მაგალითს არ უნდა ვაძლევდეთ. მოგებაც უნდა შეგეძლოს და წაგებაც. დამარცხება არავის უყვარს, მაგრამ ის რაც იმ დღეს ვნახეთ მსოფლიოს ჩემპიონატის გულდასაწყვეტი მომენტი იყო. იმედი მაქვს, რომ ეს ინციდენტი დავიწყებას მიეცემა და მეხსიერებას ჩვენი დაუვიწყარი ზეიმი შემორჩება“, – თქვა 30 წლის ნახევარმცველმა, რომელსაც ესპანეთის ნაკრების შემადგენლობაში 50 თამაში აქვს ჩატარებული.
როდესაც პსჟ-ში ფაბიან რუისის როლზე ჰკითხეს დემბელემ უყოყმანოდ უპასუხა: „ის საოცარი ფეხბურთელია. მისი დახმარებით ჩვენ ყველა ტიტული მოვიგეთ. განსაკუთრებულია, მშვიდი, თამაშის ტემპს განსაზღვრავს. მე თუ მკითხავთ ის მსოფლიო ფეხბურთში ყველაზე დაუფასებელი ფეხბურთელია“.
დემბელემ ქების სიტყვები არც კვარაცხელიასთვის დაიშურა: „ის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია, საუკეთესო გარემარბი. გასული სეზონი განსაკუთრებული ჰქონდა. ის ჩვენი გუნდისთვის ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანია. მას ბევრი მეტსახელი აქვს. აქ ჩვენ მას „საუკეთესოს“ და „კვარადონას“ ვეძახით.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი12/09/2026 | 07:28კვარა, დემბელე და რუისი ერთ ინტერვიუში
აქეთურ-იქითური11/09/2026 | 14:15მბაპე: ნუთუ გოლების გატანს აჯობებდა ბევრი კილომეტრი მერბინა?
აქეთურ-იქითური10/09/2026 | 08:50დანიელ რიოლო: რომელი პლანეტიდან ხარ ლუის ენრიკე?
სიახლეები10/09/2026 | 08:01კვარაში ეჭვის შეტანა არ შეიძლება!
