სწორად მოიქცა დე ლაურენტისი მწვრთნელად ალეგრი რომ დანიშნა?

სწორად მოიქცა დე ლაურენტისი მწვრთნელად ალეგრი რომ დანიშნა?

ხვიჩა კვარაცხელიას ყოფილმა კლუბმა „ნაპოლიმ“ მწვრთნელის პოსტზე ანტონიო კონტე მასიმილიანო ალეგრით შეცვალა, რომელიც სეზონის დასაწყისშივე პრობლემებს გადააწყდა – ზედიზედ სამი თამაში წააგო და გაჩნდა კითხვა, სწორად მოიქცა თუ არა აურელიო დე ლაურენტისი შტურვალთან ის რომ დააყენა.

 „ნაპოლი“ ჯერ კრიზისში არ არის, მაგრამ „ჯენოასთან“ 2:0 მოგების შემდეგ „კომოსთან“ (1:2), „ინტერთან“ (2:3) და „არსენალთან“ (0:1) წააგო. უნდა ითქვას ისიც, რომ გულშემატკივარს შედეგებზე მეტად გუნდის თამაშის სტილი არ მოსწონს.

დე ლაურენტისს ალეგრის გადაბირება წლებია უნდოდა. პირველად მისი დაყოლიება 2021 წელს სცადა. ახლა ამბობენ, რომ კონტეს წასვლის შემდეგ ალეგრის მიყვანა სწორი არ იყო, რადგან 2021 წლის ალეგრი და 2026 წლის ალეგრი სხვადასხვა ადამიანია. „იუვენტუსში“ გატარებული მეორე პერიოდის შემდეგ ხალხს მასზე შეხედულება შეეცვალა. ახლა გულშემატკივრები ფიქრობენ, რომ მართალია მას კონკრეტული თამაშების მოგება შეუძლია, მაგრამ გუნდის ჩამოყალიბება უჭირს. მის გუნდებს სახე და სტილი არ აქვთ.

მეორე მხრივ კონტეს მემკვიდრეობის იდეალიზებაც არ ივარგებს, რადგან შარშან მას ჩემპიონთა ლიგაში თავად ჰქონდა პრობლემები.

 „კომოსთან“ პირველ შეხვედრაში ალეგრის „ნაპოლი“ ბურთს 58%-ით ფლობდა და კარში 21-ჯერ დაარტყა, მაგრამ ნამდვილად სახიფათო მომენტი არ შეუქმნია. „ინტერთან“ „პარტენოპეელები“ უფრო მწვავედ თამაშობდნენ – ბურთის ფლობას მოუკლეს (37%), თუმცა ორი გოლით დაწინაურდნენ. და მაინც, მათ მოწინააღმდეგეს კარში 29-ჯერ დარტყმის საშუალება მისცეს და… წააგეს. ამ ორმა ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულმა სცენარმა მიმომხილველებს ასეთი დასკვნისკენ უბიძგა: ალეგრის გუნდი თამაშის სადავეებს კარგავს, მატჩის მსვლელობას ვერ აკონტროლებს.

„არსენალთან“ კი განსახვავებული თამაში გამოვიდა: მეტოქეთა შორის კლასში სხვაობა ძალიან თვალშისაცემი იყო. „ნაპოლიმ“ კარისკენ მხოლოდ 5-ჯერ დაარტყა და საგოლე მომენტების კოეფიციენტიც 0.23 ჰქონდა. „არსენალმა“ კარისკენ 26-ჯერ დაარტყა და მისი ზემოთ ხსენებული კოეფიციენტი 4.04-ს უდრიდა.

ასეთი სავალალო სტატისტიკის მიუხედავად ალეგრიმ თქვა, რომ მისმა გუნდმა კარგი ფეხბურთი აჩვენა, რაც ამ მწვრთნელის ფილოსოფიას კარგად გამოხატავს: მისთვის არ ჩამორჩენა და შანსის შენარჩუნება (ე.წ. თამაშში დარჩენა) უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ინიციატივა და მოვლენების კონტროლი.

საყურადღებო იყო აგრეთვე მწვრთნელის კონფლიქტი ნოა ლანგთან – მას და ფეხბურთელს შორის შელაპარაკება ვარჯიშზე მოხდა. ლანგი თავიდან მოკვეთეს, ბოდიშის მოხდის მერე კი განაცხადში დააბრუნეს. როდესაც ამ ამბავმა „აძურის“ საწვრთნელი ბაზიდან გაჟონა, იტალიაში გუნდში არსებულ კრიზისზე ალაპარაკდნენ.

საბოლოოდ, სამი წაგებისგან ტრაგედიის შექმნა არ შეიძლება, მაგრამ ალეგრი „მარადონაზე“ ხანგრძლივი ადაპტაციისთვის არ მიუწვევიათ. ჯერჯერობით „ნაპოლი“უსახური გუნდია, მეტოქეებს თავის თამაშს თავზე ვერ ახვევს, რის გამოც გაჩნდა კითხვა: ხომ არ შეცდა დე ლაურენტისი როდესაც მწვრთნელად ალეგრი მიიყვანა?

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.