ლუის ენრიკე: მოგებას ჩვენ ვიმსახურებდით

ლუის ენრიკე: მოგებას ჩვენ ვიმსახურებდით

„პარი სენ ჟერმენმა“ შინ „მონაკოსთან“ 1:2 წააგო, მაგრამ პარიზელთა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ვითარების დრამატიზებაზე კატეგორიული უარი განაცხადა. მატჩის შემდგომ პრეს-კონფერენციაზე მან თქვა:

„რა არის სათქმელი, როდესაც ასეთ მატჩს ფიზიკურად მოუმზადებელი თამაშობ? ფეხბურთს ახასიათებს მოულოდნელი, გაუთვალისწინებელი პერიოდები და ეს უნდა მიიღო როგორც მოცემულობა. ასეთ დროს არ გიმართლებს. მე ყურადღება მივაქციე, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში ასეთი მატჩები სულ გვაქვს. სამაგიეროდ მინდა ჩემი ფეხბურთელების მენტალიტეტი გამოვყო. ჩვენ იქ ვართ, სადაც უნდა ვიყოთ. მერწმუნეთ, წინ ამაღელვებელი ჩემპიონატი გველის, თუმცა ამწუთას იღბალი ჩვენკენ რომ არ არის, ეს ფაქტია. არა უშავს. მომავლისთვის მოვემზადებით“.

პსჟ-ს ესპანელმა თავკაცმა წაგებისთვის პასუხისმგებლობა თავის თავზე აიღო:

„წაგებული თამაშის შემდეგ აქ მოსვლა მწვრთნელისთვის ძალიან ცუდი მომენტია. რასაკვირველია, ჩემს წილ პასუხისმგებლობას მთლიანად ვკისრულობ, მაგრამ მატჩის შესახებ უპირველეს ყოვლისა იმას გეტყვით, რომ რაც ვნახე ძალიან მომეწონა. ცხადია, სეზონის დასაწყისია და საუკეთესო ფორმაში ჯერ არ ვართ, მაგრამ ბევრი პოზიტიური მომენტიც გამოჩნდა. მე თუ მკითხავთ მოგებას ჩვენ ვიმსახურებდით. რომელმა გუნდმა როგორ ითამაშა ჩვეულებრივ მოსალოდნელი გოლების კოეფიციენტით ჩანს. ამ შეხვედრაში ყველაფერი მკაფიოდ იყო: 2.5 – ჩვენი შედეგია, 0.5 – მეტოქეს, მაგრამ ეს ფეხბურთია, სპორტის არაჩვეულებრივი სახეობა“.

ლუის ენრიკემ 2025 წლის „ოქროს ბურთის“ ლაურეატი ოსმან დემბელე მოედანზე მხოლოდ 68-ე წუთზე შეიყვანა, მაგნეს აკლიუშის ნაცვლად. მას ამის მიზეზიც ჰკითხეს.

„ყოველი ფეხბურთელის მდგომარეობა განსხვავებულია. ოსმანმა ორივე თასზე ითამაშა, ევროპის სუპერთასზე და საფრანგეთის სუპერთასზე. ამის მერე ცოტა ხანს დაისვენა, ახლა კი თანდათანობით სათამაშო დროს მოვუმატებ. დღეს მან 20-25 წუთი ძალიან მაღალ დონეზე ჩაატარა. დემბელეს დაბრუნება სასიხარულოა. ის მომავალ მატჩებსაც ასე გააგრძელებს“, – თქვა ესპანელმა, რომელსაც კიდევ ერთ საკითხზე მოუხდა ლაპარაკი. გულშემატკივარს ყურადღების მიღმა არ დარჩენია ის ფაქტი, რომ ახალწვეული მცველი, საფრანგეთის ნაკრების წევრი ლუკა დინი „მონაკოსთან“ შეხვედრის განაცხადში საერთოდ არ იყო.

„ამ სეზონში განაცხადს მიღმა დარჩენა ბევრ ფეხბურთელს მოუწევს. ყოველ შეხვედრაში სამ მოთამაშეს მოვისაკლისებთ. ამაში განსაკუთრებული არაფერია. მე ლუკას კარგად ვიცნობ და ვიცი მან გუნდში როდის რა უნდა გააკეთოს“, – განმარტა ლუის ენრიკემ.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.