განსხვავებული შეხედულებები კვარას თამაშზე

განსხვავებული შეხედულებები კვარას თამაშზე

„პარი სენ ჟერმენისა“ და „მონაკოს“ შეხვედრა რომ დამთავრდა ტელეეკრანებზე ხვიჩა კვარაცხელიას ფოტო გამოისახა, რომელსაც ეწერა: MVP. მიუხედავად ამისა პარიზული კლუბის ქართველი ვარსკვლავი მოწყენილი სახით მიემართებოდა კარსუკანა ტრიბუნისკენ გულშემატკივრისთვის ტაშის დასაკრავად. მიზეზი: პსჟ-მ წააგო 1:2.

სწორად წერს ფრანგული საიტი maxifoot, მატჩი ორი განსხვავებული ტაიმისგან შედგებოდა. პირველში უპირატესობას სრულად ფლობდა პსჟ, მეორეში კი ლუის ენრიკეს გუნდმა ის მთლიანად დაკარგა. თავის მხრივ შესვენების შემდეგ გადასხვაფერდა „მონაკო“. სტუმართა შეტევები გახდა ინტენსიური. მათ პარიზელებს აჯობეს. ამ შეხვედრაში აღსანიშნავი იყო „მონაკოს“ ფინელი მეკარის ჰრადეცკის საუცხოო თამაში სამ ეპიზოდში, რამაც დიდწილად განაპირობა კიდეც შედეგი. ხსენებულმა maxifoot-მა თავის ვერსიაში საგრაფოელთა კარის მცველს 9.1 ქულა დაუწერა და მატჩის საუკეთესოდ დაასახელა.

ხვიჩა კვარაცხელიას თამაში კი საიტმა 7 ქულით შეაფასა და დაწერა: „ის შეტევაში პსჟ-ს ყველაზე სახიფათო ფეხბურთელი იყო. ქართველი ბურთით ძალიან ცოცხლად ირჯებოდა და სულ საგოლე მომენტების შექმნას ცდილობდა. ის იყო მასპინძლების ფაქტობრივად ყველა სახიფათო ეპიზოდის მონაწილე. როდესაც მარკინიოსმა ანგარიში გახსნა მას მოზომილი საგოლე პასი სწორედ კვარაცხელიამ მიაწოდა. შესვენებამდე მისი ერთ-ერთი ჩინებული დარტყმა ჰრადეცკიმ საუცხოოდ მოიგერია. „ნაპოლის“ ყოფილმა ფეხბურთელმა პასი მიაწოდა აკლიუშსაც, როდესაც მან ხარიხას გაარტყა ბურთი. ის ბოლომდე პსჟ-ს ყველაზე სახიფათო ფეხბურთელად რჩებოდა, ამიტომ მისი შეცვლა მწვრთნელის ძალიან გასაკვირი გადაწყვეტილება იყო“.

კვარაცხელიას თამაშზე maxifoot-ისგან სრულიად განსხვავებული შთაბეჭდილება დარჩა footmercato-ს, რომელმაც ქართველს 4 ქულა აკმარა და დაწერა: „გამოჩნდა, რომ სასტარტო შემადგენლობაში დაბრუნებული ქართველი ჯერ კიდევ ვერ არის ისეთ ფორმაში გასული სეზონის ბოლოს რომ იყო. ის მეურვეს ფაქტობრივად ერთხელაც ვერ გაცდა და თამაშზე გავლენა ვერ მოახდინა. ჩვეულებრივ ძალიან თამამი კვარაცხელია კარში დასარტყმელ მომენტებს გაჭირვებით პოულობდა და ჰრადეცკისთვის პრობლემები არ შეუქმნია. 68-ე წუთზე კვარაცხელია შეცვალა მიკა გოდტსმა, რომელმაც ეპიზოდურად გაიბრწყინა, მაგრამ ნამდვილად გამორჩეული არ ყოფილა“.

ხვიჩა კვარაცხელიას თამაში სხვადასხვა საიტებმა სტატისტიკაზე დაყრდნობით ასე შეაფასეს:

flashscore – 8.1; sofascore – 7.8; whoscored – 7.9; fotmob – 8.0

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.